რუსეთის მიერ NATO-სთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მოსკოვი აცხადებს, რომ მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუკი დასავლური ალიანსი კალინინგრადის იზოლირებას შეეცდება, კონფრონტაციულ განცხადებად არ უნდა ჩაითვალოს – ამის შესახებ კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა. მოსკოვის განმარტებით, მისი მიზანი რუსეთის ბალტიისზღვისპირა ექსკლავის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
NATO-სთვის გაგზავნილ დოკუმენტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, მოსკოვი ალიანსს „საშიში და უგუნური კურსის“ გატარებაში ადანაშაულებს, რაც, რუსეთის განცხადებით, „პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაღალ რისკებს“ ქმნის.
„შესაძლოა, წერილი და სხვა განცხადებები კონფრონტაციულად არ უნდა აღვიქვათ. გავიხსენოთ პუტინის მიუნხენის სიტყვა, რომელიც დასავლეთში ბევრმა კონფრონტაციულ გამოსვლად აღიქვა. თუმცა ასეთი არ ყოფილა.
კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რუსეთის ყველაზე დასავლეთით მდებარე რეგიონია. წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რა ვითარების ფონზე გაკეთდა ეს განცხადებები? ევროპისა და ევროპის სახელმწიფოების სწრაფი მილიტარიზაციის პროცესის ფონზე. გარდა ამისა, ამ ევროპული სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს. ისინი აგზავნიან საკუთარ სამხედრო ინსტრუქტორებს, აწვდიან იარაღს, ტექნიკასა და საბრძოლო მასალას.
რა თქმა უნდა, თუ ომში რომელიმე მხარეს მონაწილეობ, ამას სხვადასხვა სახის შედეგები აუცილებლად მოჰყვება. სწორედ ამაზეა საუბარი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
„თუ NATO-ს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ნაწილიგან იზოლირებისკენ მიმართულ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, რუსეთი მზად იქნება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მის ხელთ არსებული ძალებისა და შესაძლებლობების მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს“, – ნათქვამია დიპლომატიურ ნოტაში, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა.
