კატეგორიები

პუტინის სიტყვა სახელმწიფო დუმის პირველ სხდომაზე

პუტინის სიტყვა სახელმწიფო დუმის პირველ სხდომაზე
Copyright AP

„სიმბოლურია, რომ გაერთიანების დღეს ჩვენი ოთხი ისტორიული რეგიონის დეპუტატები პირველად იკავებენ ადგილებს სახელმწიფო დუმაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანვე თქვა, რომ 30 სექტემბერი „განსაკუთრებული დღეა“, რადგან ოთხი წლის წინ სწორედ ამ დღეს „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ“ და „დიდი რუსეთის შემადგენლობაში“ დაბრუნდნენო.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი და მრავალწლიანი ომის მონაწილეებმა და ვეტერანებმა რუსი ხალხისგან დიდი მხარდაჭერა მიიღეს.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი:

„სიმბოლურია, რომ გაერთიანების დღეს ჩვენი ოთხი ისტორიული რეგიონის დეპუტატები პირველად იკავებენ ადგილებს სახელმწიფო დუმაში. დღეს ისინი აქ, ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად არიან. მივესალმოთ თქვენს კოლეგებსა და მათ ამომრჩევლებს, რომლებიც დაბომბვისა და მუქარის მიუხედავად  საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ისტორიული არჩევანი. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენს ხალხს ვერავინ გატეხს და დააშინებს.

ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ყველაზე საიმედო გარანტიაა იმისა, რომ  ყველა იმ მიზანს მივაღწევთ, რომელიც დავისახეთ. მომავალი თაობებისთვის რუსეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საიმედო გარანტიებს უზრუნველვყოფთ.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა და ვეტერანებმა ამომრჩევლების ფართო მხარდაჭერა მიიღეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ბრძოლის ველზე სამშობლოსადმი უპირობო ერთგულება დაამტკიცეს. მათ აქ, ამ დარბაზში ვხედავ“

საბოლოო შედეგების თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩატარებულ პირველ საპარლამენტო არჩევნებში კრემლმა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლი კიდევ უფრო განიმტკიცა. არჩევნები მკაცრად კონტროლირებად გარემოში ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო დუმის მანდატების სამ მეოთხედზე მეტი მოიპოვა და 450 ადგილიდან 349 მიიღო. ეს პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

18-20 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პრაქტიკულად არცერთ რეალურ ოპოზიციურ პარტიასა თუ კანდიდატს არ მიეცა.

დაკავშირებული ამბები
პუტინის სიტყვა სახელმწიფო დუმის პირველ სხდომაზე მობილიზაციის ნიშნები? - პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაფართოების ბრძანება გასცა