კატეგორიები

ისრაელი „ტერაქტის მცდელობას“ უწოდებს დუბაი - თელ-ავივის ავიარეისზე მომხდარს

ისრაელი „ტერაქტის მცდელობას“ უწოდებს დუბაი - თელ-ავივის ავიარეისზე მომხდარს
Copyright REUTERS

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ ავიარეისზე მომხდარი ინციდენტი იყო „ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, ერთ-ერთი პილოტი მეორეს დაესხა თავს და, როგორც ჩანს, „ან დანით მიაყენა ჭრილობა ან ნაჯახი ჩაარტყა“ - ამ ქმედებით კი, მისივე სიტყვებით, ბორტის ჩამოგდებას გეგმავდა, რისი საშუალებაც მას ხომალდზე მყოფმა რამდენიმე პირმა არ მისცა.

ერთ-ერთ მათგანს ნეთანიაჰუ ისრაელში მშვიდობიანად დაბრუნებისთანავე შეხვდა და გმირი უწოდა მრავალრიცხოვანი კატასტროფის თავიდან აცილებისთვის.

„ისრაელელ მგზავრთაგან ერთ-ერთს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თვითმფრინავმა სპირალურად დაიწყო ბრუნვა და შემდეგ დაშვება.

მისი თქმით, ყოველგვარი შანსის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთ ეკიპაჟის წევრთან ერთად მოახერხა კაბინაში შეღწევა და მათ ერთად გაანეიტრალეს დანით შეიარაღებული პილოტი, რომელიც  თვითმფრინავის სისტემების მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სხვა წევრებიც შევიდნენ კაბინაში და შეძლეს თვითმფრინავის სტაბილიზება.

ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე, რომლებმაც განსაკუთრებული მოხერხებულობა და სიმამაცე გამოიჩინეს. მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და დიდი კატასტროფა აღკვეთეს.

ხომალდი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში, უსაფრთხოდ დაეშვა. დანით თავდამსხმელი პილოტი დააკავეს და ამჟამად მას საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კითხავენ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მგზავრებს შორის, რომლებმაც შეძლეს ავიაკატასტროფის თავიდან აცილება ქართველი ებრაელი სტომატოლოგი შოთა მუსაევი აღმოჩნდა, რომლის თქმითაც, მოქმედებისთვის მას და მის თანმხლებ პირებს ბევრი დრო არ ჰქონიათ.

„მას შემდეგ, რაც გრაფაზე ვნახეთ, რომ სიმაღლე 16 000 ფუტი იყო,  მივხვდით, რომ თვითმფრინავის კონტროლის კრიტიკულ ნიშნულზე დაცემამდე კიდევ 5-6 წამი რჩებოდა. ეს არის ის სიტუაცია, როდესაც ადამიანები თვითმკვლელობას სჩადიან და სხვებსაც ართმევენ სიცოცხლეს - ბავშვებს, ქალებს, ადამიანებს, რომლებსაც ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

როცა მივედით, თავდამსხმელი პილოტს უკვე ესხმოდა თავს... საწყალი პილოტი. ის მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ ლოცულობდა და ჩემთან კონტაქტზე იყო, მე კი მეშინოდა, რომ მას მართლა დავკარგავდით.

დანა არ დაგვინახავს. ვეძებდით და არსებობდა შიში, რომ, შესაძლოა, თვითმფრინავში კიდევ ერთი ტერორისტი ყოფილიყო. ამიტომ თვითმფრინავის შიგნით კიდევ რამდენიმე ადამიანი გავნაწილდით, რათა, თუ რამე მოხდებოდა, უბრალოდ კონტროლის აღება და ხალხის გაკონტროლება შეგვძლებოდა.

თვითმფრინავის უკანა ნაწილის მთლიანად დაზიანებული იყო მას შემდეგ, რაც ხომალდიდან ჩამოვედით. მთელი უკანა ფრთა იყო გატეხილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული წნევის გამო“, - ყვება შოთა მუსაევი.

FlyDubai-ის ბორტზე 174 მგზავრი იმყოფებოდა - მათი უმრავლესობა ისრაელის მოქალაქე. მათ შორის იყო 27 ბავშვიც.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და განმარტა, რომ „ყველა სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ცნობებს“.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბორტზე მომხდარი იყო „ჯიჰადისტური თავდასხმის მცდელობა“, თუმცა ამ თემის ირგვლივ კონკრეტულად სხვა არაფერი უთქვამს.

ინციდენტს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.

დონალდ ტრამპის თქმით, ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ბორტზე განვითარებული მოვლენების შესახებ მოახსენა:

„როგორც ჩანს, მეორე პილოტი, შესაძლოა, ტერორისტი იყო, ან, შესაძლოა, უბრალოდ გიჟი. მან პილოტს დანა დაარტყა. პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მაგრამ მას საოცრად ეყო გონიერება, რომ, გარკვეულწილად, გმირი გამხდარიყო და კარი გაეღო. იცით, რომ ის კარები მყარი ფოლადისგან არის დამზადებული. გარედან მათ ვერ გააღებ. მან შეძლო უკან გადახრა, კარის გაღება და ყვირილი.

იქ კი ერთი სანტექნიკოსი იყო - ისრაელელი სანტექნიკოსი, რომელსაც თვითმფრინავი არასდროს არ უმართავს და თვითმფრინავითაც ძალიან იშვიათად დაფრინავდა. ის ძლიერი კაცია. იცით, როცა მთელი დღე მილებს წევ, ძლიერი ხდები. მან დაინახა, რაც ხდებოდა, და ყვირილიც გაიგონა.

ის თვითმფრინავის წინა ნაწილთან იყო, მაშინ როცა დაცვა უკანა ნაწილში იყო. ასევე იყო ეკიპაჟის კიდევ ერთი ჯგუფი, მაგრამ მათ დრო არ ჰქონდათ. თვითმფრინავი წარმოუდგენელი ინერციით, ძალიან მკვეთრად ეშვებოდა ქვემოთ...

ეს არის ამბავი, რაც მე მოვისმინე. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ეს არის ის ამბავი, რომელიც ბიბისგან და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე...“

მომხდარი ინციდენტის გამო ავიაკომპანია FlyDubai-იმ ისრაელის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა.

Flightradar24-ის მონაცემებით, 30 სექტემბერს დუბაიდან Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი აეროპორტიდან 20-წუთიანი დაგვიანებით აფრინდა, მოგვიანებით კი, საუდის არაბეთის ტერიტორიის თავზე, ორ წუთზე ნაკლებ დროში 5 200 მეტრით მკვეთრად დაშვება დაიწყო.

ამას მოჰყვა ავარიული კოდი 7700, რომელიც „ზოგად ავარიულ სიტუაციას“ ნიშნავს, რამდენიმე წუთში კი დისპეტჩერებმა მიიღეს კიდევ ერთი კოდი 7500, რომელიც „უკანონო ჩარევას“ გულისხმობს.

პარალელურად, ბორტი მცირე დროით შევიდა იორდანიის საჰაერო სივრცეში, რის შემდეგაც მკვეთრი ბრუნით კვლავ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და უსაფრთხოდ დაეშვა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელი „ტერაქტის მცდელობას“ უწოდებს დუბაი - თელ-ავივის ავიარეისზე მომხდარს ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს