რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, საბერძნეთი ერთ დღეს კოსმოსში ადამიანს გაგზავნიდაო, ამას ბევრი ვერ დაიჯერებდა. თუმცა ახლა ეს რეალობად იქცევა, როდესაც 2027 წელს ადრიანოს გოლემისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება. როგორც თავად აღნიშნავს, ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, გადამწყვეტი როლი საბერძნეთის მთავრობამ და საბერძნეთის კოსმოსურმა სააგენტომ შეასრულეს.
„სათანადო პატივი უნდა მივაგოთ ქალბატონ სოლომონიდუს და, რა თქმა უნდა, ELKED-ის ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, ანესინა სოლომონიდუ, თავისი ინსტიტუციური როლიდან გამომდინარე, საბერძნეთის წარმომადგენელია კოსმოსის კვლევის სფეროში. მადლიერი ვართ მისი და მისი კოლეგების, რომლებიც უკვე დიდი ხანია დაუღალავად მუშაობენ“. - ამბობს ასტრონავტი, ადრიანოს გოლემისი
საინტერესოა, რას გააკეთებს კონკრეტულად ადრიანოს გოლემისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე?
„მე, გარკვეულწილად, იგივე როლი მაქვს, რაც ანტარქტიდაში მქონდა. ფაქტობრივად, შენ ხარ საბერძნეთისა და მთელი ევროპის მკვლევრების ხელები და ატარებ ექსპერიმენტებს მიკროგრავიტაციის ამ უნიკალურ გარემოში“. - აცხადებს ადრიანოს გოლემისი.
ადრიანოს გოლემისი კოსმოსური მისიის ექიმია, საინტერესოა, ყველაზე მეტად რა ახდენს მასზე გავლენას.
„ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი შუალედური ეტაპია, და ის, თუ როგორ ეგუება ადამიანის ორგანიზმი ამ ექსტრემალურ პირობებს. გარკვეულწილად, მსგავსი რამ ანტარქტიდაშიც გამოვცადე. იქ ერთი წელი გავატარე იზოლაციაში და ევროპის კოსმოსური სააგენტოსთვის ექსპერიმენტებს ვატარებდი. საინტერესოა, რადგან თავიდან გაურკვევლობის განცდა გეუფლება. თუმცა, როცა ბრუნდები, უკვე შეგუებული ხარ, თუნდაც მხოლოდ ფსიქოლოგიურად და, გარკვეულწილად, მიღებულიც კი გაქვს ეს ეგზოტიკური ადგილი და მისი რთული პირობები“. - განცხადა ადრიანოს გოლემისმა.
ადრიანოს გოლემისი მიიჩნევს, რომ სხვა ბერძნებიც გაჰყვებიან მის გზას და ვარსკვლავებისკენ გაემართებიან.
„ დარწმუნებული ვარ და იმედი გვაქვს, რომ მომავლაში ჩვენი თანამემამულეებიდან კიდევ ბევრი აღმოჩნდება კოსმოსში. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით“. - დასძენს ადრიანოს გოლემისი.
