ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა ორი ახალი განკარგულება, რომლებიც ქვეყანაში საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად.
ზომების პირველი პაკეტი მოიცავს მოიჯარეების დაცვას გამოსახლებისგან, გაქირავების ბაზარზე უსამართლო პრაქტიკის აღმოფხვრასა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მეორე ნაწილი კი მოიჯარეებისთვის იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კანონპროექტები ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მთავრობა პროცესის დაჩქარებას ცდილობს. მან კონგრესს მიმართა თხოვნით, ორ ოქტომბერს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.
ისაბელ როდრიგესმა, მინისტრმა საბინაო და ურბანული განვითარების საკითხებში, კანონპროექტის წარდგენისას საცხოვრებლის პრობლემა ესპანელების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად შეაფასა.
„უნდა შევაჩეროთ გამოსახლების პროცესი, რათა ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს მარი კარმენის შემთხვევის მსგავსი ფაქტები; ესპანელები ამას არ დაუშვებენ. ეს არის მოთხოვნა, რომელიც დეპუტატთა კონგრესში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიზიაროს. მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ სპეკულაციას, რადგან ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა. ამ მიზნით ჩვენ 2030 წლის 31 დეკემბრამდე გავახანგრძლივებთ ე.წ. „სოციალური ფარის“ მოქმედების ვადას და გავაუმჯობესებთ სახელმწიფო უწყებების დაცვის ყველა მექანიზმს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი სიტუაციები და დავიცვათ თითოეული ადამიანი“. - ამბობს მინისტრი საბინაო და ურბანული განვითარების საკითხებში, ისაბელ როდრიგესი.
ამ ნაბიჯის მიზეზია საზოგადოების უკმაყოფილება საცხოვრებელზე გაზრდილ ფასებსა და იმ სურთულეებზე, რომლებსაც ყიდვის ან ქირაობის მსურველები აწყდებიან. ამასთანავე, დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციები მოჰყვა 87 წლის ქალბატონის, მარი კარმენის გამოსახლების გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით, საბინაო კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.
