რუსულმა საოკუპაციო არმიამ კიევისა და უკრაინის დედაქალაქის ოლქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვი შეეცდებოდა იერიშების მიტანას ენერგოინფრასტრუქტურაზეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, დარტყმების პარალელურად, კიევის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების მხრივ შეფერხებები იყო.
სოლომენსკოს რაიონზე მიტანილი იერიშისას, დაიღუპა „კიევტეპლოენერგოს“ თანამშრომელი, კიევის ოლქში კი რუსულ აგრესიას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, შევჩენკივსკის რაიონში, ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ნამსხვრევები აღმოაჩინეს, თუმცა მაღალჩინოსანს არც ის დაუზუსტებია, რომელი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზეა საუბარი და არც ის, არის თუ არა ეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება დაშავებულების შესახებაც, რაც მოჰყვა დარტყმების შედეგად გაჩენილ ძლიერ ხანძრებსაც.
კიევის გარდა რუსული საოკუპაციო არმიის იერიშების სამიზნედ იქცა სუმის ოლქში მდებარე სკოლა, რასაც უკრაინის ხელისუფლება მოსკოვის მხრიდან „ტერორისტული ბუნების მორიგ გამოვლინებად“ აფასებს.
„რუსებმა სუმიზე სრულიად საზარელი დარტყმა განახორციელეს - პირდაპირ საცხოვრებელ რაიონში.
ისინი უკვე აღარ ცდილობენ ამგვარი დარტყმებისთვის რაიმე მიზეზის მოფიქრებას და არც კი ცდილობენ მათ შენიღბვას. ჩამოაგდეს ოთხი ავიაბომბი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კიდევ ერთი ბომბი სკოლას მოხვდა - ჩვეულებრივ სკოლას, სადაც იმ მომენტში ბავშვები იმყოფებოდნენ. შენობა ძლიერ დაზიანდა, თუმცა ბავშვები და მასწავლებლები თავშესაფარში იყვნენ და, საბედნიეროდ, ამის წყალობით სკოლაში არავინ დაშავებულა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედრო დახმარების სახით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბელგია უკრაინას სამ ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს, რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად. მისივე განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ესკალაციას ზრდის, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება სამიზნეების გასანეიტრალებლად და მოქალაქეების დასაცავად.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის დეკემბერში ბელგიამ უკრაინას 30 ერთეული F-16-ის გადაცემაზე შეუთანხმდა, რადგან ქვეყანამ F-35-ის ტიპის, ახალი თაობის ავიაგამანადგურებლები შეიძინა.
საფრენი აპარატების პირველი ნაკადის გადაცემა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა კიევს ბრიუსელისგან ამ დრომდე ავიაგამანადგურებლები არ მიუღია. ბელგიის თავდაცვის სამინისტროში მიზეზად დაასახელეს ახალი F-35-ების შეძენისას შექმნილი ლოგისტიკური პრობლემები და დასძინეს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების კონკრეტული ვადები არ დაუთქვამთ.
F-16-ები კიევმა მანამდე დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიისგანაც მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ წინა დღეს მიიღო „ძალიან კარგი“ დახმარების პაკეტი - NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული აშშ-სა და ნორვეგიის მიერ.
