„ნაქსოსის გრავიერა“ საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მყარი ყველია. მას 1996 წლიდან მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის დაცული დასახელების სტატუსი, მისი პოპულარობა დიდი ხანია გასცდა საბერძნეთის საზღვრებს და პროდუქტი 20 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. 2025 წელს საერთაშორისო გასტრონომიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა ის მსოფლიოს საუკეთესო ყველად დაასახელა. ეს მყარი ყველი საბერძნეთის სხვადასხვა საუკეთესო ყველს შორისაა და კულინარიაში მრავალმხრივ გამოიყენება. ევრონიუსი ეწვია ნაქსოსის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კავშირის საწარმოს, რომელიც კუნძულზე ყველის წარმოების უდიდესი ობიექტია.
„ნაქსოსის გრავიერას“ გამორჩეულს ხდის ისეთი კომბინაცია, რომლის პოვნაც ყველის წარმოებაში იშვიათია. უპირველეს ყოვლისა, „ნაქსოსის გრავიერას“ ახასიათებს ძალიან ტკბილი გემო და მაღალი ელასტიურობა. ჩემი აზრით, „ნაქსოსის გრავიერას“ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე წარმოებულ „გრუიერს“. ნაქსოსი არომატული მცენარეების სამოთხეა. შედეგად აქ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაბლობებში ძოვს, ცხვარი და თხა კი - მთიან რეგიონებში. ცხვარი და თხა არომატული მცენარეებით მდიდარი ბალახით იკვებებიან, რაც განაპირობებს რძის გამორჩეულ გემოს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამორჩეულ შემადგენლობას“. - ამბობს ათენის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი, იოანის პოლიტისი.
„ნაქსოსის გრავიერა“ მზადდება ადგილობრივი ძროხის რძისგან ან ძროხის, ცხვრისა და თხის რძის ნარევისგან 80/20-ზე პროპორციით. ნაქსოსის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კავშირი ამ პრემიუმკლასის ყველს ექსკლუზიურად კუნძულზე გაზრდილი და ბინადარი ცხოველების რძისგან აწარმოებს, პროცესის ყოველ ეტაპზე ყველის დამზადების ტრადიციული მეთოდების დაცვით.
„ჩვენი მთავარი ნედლეული რძეა, რომელიც ახლომდებარე ადგილებიდან მოგვაქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევაგროვოთ და საწარმოში მივიტანოთ იგი, სადაც ხარისხის შემოწმება ტარდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. საბოლოო პროდუქტის მიღებამდე და „გრავიერად“ გადამუშავებამდე რძე თერმულ დამუშავებას გადის“. - აცხადებს კვების პროდუქტების ქიმიკოსი, კონსტანტინა ვადულა.
გაყიდვების მოცულობა შესაძლოა ამჟამინდელ მაჩვენებელზე ორჯერ ან თუნდაც სამჯერ მეტი ყოფილიყო, თუმცა რძის წარმოების შემცირება ხელმისაწვდომ რაოდენობას ზღუდავს; ექსპორტიც ჩამორჩება წარსულში არსებულ მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველი კვლავ კუნძულის საექსპორტო პროდუქციას შორის მოწინავე ადგილს იკავებს.
„კუნძულებზე რძის წარმოება უკვე არსებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ხმელეთზე არ ვიმყოფებით. აქ საქონლის საკვების შემოტანა არც ადვილია და არც იაფი. ყველა ეს ფაქტორი სირთულეებს ქმნის. ჩემთვის მთავარი საკითხი კუნძულზე მეცხოველეობის შენარჩუნებაა. რადგან, თუ მეცხოველეობა შენარჩუნდება, აქ წარმოებული „გრავიერას“ რეალიზაცია, როგორც ჩემი სტუდენტები იტყოდნენ, ძალიან მარტივი საქმე იქნება“. - აცხადებს იოანის პოლიტისი
