კატეგორიები

აქვს თუ არა ევროკავშირს გაზის საკმარისი მარაგები ზამთრისთვის?

აქვს თუ არა ევროკავშირს გაზის საკმარისი მარაგები ზამთრისთვის?
Copyright AP

ზამთრის სეზონს ევროკავშირი ბუნებრივი აირის არც ისე დიდი მარაგებით ხვდება. ბრიუსელს მოუწია წევრი სახელმწიფოების გაფრთხილება, რომ გლობალური ენერგოკრიზისით გამოწვეულმა ფასების ზრდამ, შესაძლოა, მიწოდების ჯაჭვშიც შექმნას გარკვეული პრობლემები.

ვითარებას იმდენად მნიშვნელოვნად არ ამძიმებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი, როგორც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების ირგვლივ. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებულმა ომმა გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტების გავლით საგრძნობლად შეაფერხა და უცნობია, როდის დაუბრუნდება სიტუაცია ჩვეულ კალაპოტს.

28 სექტემბერს გაზით მდიდარმა კატარის სამეფომ განაცხადა, რომ იძულებულია, კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს გათხევადებული ბუნებრივი აირის აზიელი და ევროპელი მიმწოდებლებისთვის დაწესებული ე.წ. „ფორს-მაჟორული რეჟიმი“. ეს ნიშნავს, რომ ორივე კონტინენტზე არსებულ სახელმწიფოებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მომარაგების თვალსაზრისით, პრობლემები, სულ მცირე, ნოემბრამდე შეექმნათ.

ერთ-ერთ ბოლო დოკუმენტში, რომელსაც Euronews-ი გაეცნო, ენერგეტიკის მიმართულებით ევროკომისარ დან იორგენსენი აცხადებდა, რომ ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი „კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა“.

გარდა გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ენერგეტიკის სფეროზე არანაკლები გავლენა იქონია კლიმატის ცვლილებამ და მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის მასშტაბით წარმოქმნილმა რამდენიმე სითბურმა ტალღამ. ქვეყნებს მეტი ბუნებრივი აირის ხარჯვა მოუწიათ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და გაგრილების სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რამაც დამატებითი კრიზისი წარმოშვა.

ამავდროულად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები 29 სექტემბერს დუბლინში შეიკრიბნენ საწვავისა და სხვა ენერგორესურსების ფასების, ასევე ენერგომიმართულებით არსებული უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად.

საკითხზე მომუშავე ევროკომისარმა ევროპის მოსახლეობა თან დაამშვიდა, რომ ენერგორესურსების დეფიციტი არ არის, - თან გააფრთხილა, რომ კონტინენტის ქვეყნებს „რთული ზამთარი ელით“, რაც მეტწილად გამოწვეული იქნება ფასების იძულებითი ზრდით.

„ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ კურსი და მოვიშოროთ სხვაზე დამოკიდებულება. ეს ნიშნავს რაც შეიძლება სწრაფად, მეტი განახლებადი ენერგიის დანერგვას, ელექტრიფიკაციის დაჩქარებას და ენერგოეფექტურობის ზომების გაუმჯობესებას.

ჩვენ არ ველით მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუმცა ველით ძალიან მაღალ ფასებს. ასევე მინდა შევახსენო ხალხს, რომ მაშინაც კი, თუ მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით პირდაპირი პრობლემა არ იარსებებს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც საწვავის შეძენა არ შეუძლია, ეს ზუსტად იმავე მდგომარეობად იგრძნობა და უკვე ჩვეულებრივ ზამთარშიც კი ევროპაში თითქმის 50 მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი სახლების სათანადოდ გათბობა.

ამიტომ, შესაძლოა, ეს ზამთარი კიდევ უფრო რთული იყოს. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, აღარაფერს ვამბობ ჩვენს მრეწველობაზე, რომელიც ასევე დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ამიტომ განვიხილავთ ყველა შესაძლო იდეას, თუ როგორ შეგვიძლია წესები უფრო მოქნილი გავხადოთ, უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ ისინი და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მიმართულებით“, - განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, დან იორგენსენმა.

ევროკომისარი ასევე მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდებას, საწვავთან დაკავშირებული რიგი მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, ემანუელ მაკრონის თქმით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დროებით უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, აწარმოონ მეტი დიზელი, რათა შიდა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ევროკომისრისვე თქმით, ამჟამინდელი ენერგოკრიზისი „ძალიან განსხვავდება“ 2022 წლის ვითარებისგან, როდესაც ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული გაზის იმპორტი - მაშინ ევროპული სახელმწიფოები არ შეჯახებიან ბუნებრივი აირის დანაკლისს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან, მარაგები ყოველი წლის 1-ელი ნოემბრისთვის, სულ მცირე, 90%-ით შეავსონ. ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, ევროკომისიამ მარტში წევრ სახელმწიფოებს დართო ნება, ეს მაჩვენებელი 75%-80%-ის შუალედამდე დაეწიათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული გაზის „პანიკური შესყიდვა“.

საგულისხმოა, რომ კვიპროსს, საბერძნეთს, მალტას, ესტონეთს, ლიეტუვას, ფინეთს, სლოვენიას, ლუქსემბურგსა და ირლანდიას არ აქვთ კუთვნილი გაზსაცავები, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ სხვა წევრ ქვეყნებთან უნდა გააფორმონ ე.წ. „სოლიდარობის შეთანხმებები“, მარაგების უზრუნველსაყოფად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინაც კი, თუ ევროკავშირის პირველი ენერგეტიკოსი აცხადებს ბლოკის უკეთეს მზაობაზე 2022 წელთან შედარებით, დაბალი მარაგები მას ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს, გაუმკლავდეს მიწოდების ახალ გლობალურ შეფერხებას ისე, რომ ამისთვის მაღალი ფასი არ გადაიხადოს.

კითხვაა ისიც, როგორია ყველაზე ცუდი სურათი?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ ევროკავშირი ძალიან ცივი ზამთრის წინაშე აღმოჩნდება, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი გაზის ფასები, შესაძლოა, დღევანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგდეს. ეს აიძულებს ევროპას, ამერიკული გაზის შეძენისკენ, ნაცვლად აზიურ ბაზარზე დარჩენისა.

შედეგად, გაზის დეფიციტი, შესაძლოა, ელექტროენერგიის კრიზისში გადაიზარდოს ენერგოსისტემებისა და ბაზრების მოწყობის თავისებურებების გამო.

ვინაიდან ბევრი ელექტროსადგური ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, მისი მიწოდების შემცირება სწრაფად იწვევს ელექტროენერგიის გადასახადების ზრდას და ელექტროქსელზე დამატებითი დატვირთვის წარმოქმნას.

ანალიტიკოსების აზრით, ამჟამად გაზის რაოდენობა ამ სცენარს, ფაქტობრივად, გამორიცხავს, თუმცა არა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი საერთაშორისო წყლებში გადაადგილება კვლავ შეზღუდული დარჩება.

დაკავშირებული ამბები
სკოლებში არსებული პირობების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსწავლეები პოლიციას დაუპირისპირდნენ საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების მიზნით ესპანეთის მთავრობამ ახალი ზომები წარაგდინა