კატეგორიები

ვლადიმერ პუტინი საპარლამენტო პარტიების ლიდერებს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი საპარლამენტო პარტიების ლიდერებს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ორშაბათს საპარლამენტო პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა მათ არჩევნებში წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ ამ „კონსტრუქციულმა“ კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში „პოლიტური კულტურის დონე მაღალია“.

შეხვედრას „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი, კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, „სამართლიანი რუსეთის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი და პარტია „ახალი ხალხის“ თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი ესწრებოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, ხალხის ნდობა ერთობლივი მუშაობით გაამართლონ.

„საარჩევნო კამპანიის ჩაშლისა და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის ყველა მცდელობა სრულად ჩავარდა“, - გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, ამას „ტერორისტული მეთოდებისა და უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გამოყენებით“ ცდილობდნენ, თუმცა რუსმა „ხალხმა საკუთარი მომავლის განსაზღვრის სუვერენული უფლება დაიცვა“.

პუტინი იმაზეც მიანიშნებს, რომ ამ არჩევნებმა უკრაინაში რუსეთის ომის მიმართად დაადასტურა მხარდაჭერა. მისი განმარტებით, სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა საპარლამენტო პარტიის სიაში არიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, ანუ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სრულმასშტაბიანი ომის ვეტერანები, რომლებმაც ამჯერად, სამშობლოს „თავდადებით“ პარლამენტში უნდა ემსახურონ.

„საარჩევნო კამპანიამ ღირსეულად ჩაიარა. ის შინაარსიანი და კონსტრუქციული იყო და აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე მაღალია. თქვენი პარტიებისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და ხალხის ნდობა შემდგომი საქმიანობით უნდა გაამართლოთ – ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებსა თუ ფედერალურ პარლამენტში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის ერთობლივი, გუნდური მუშაობაა საჭირო. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნები კომპეტენტურად და ორგანიზებულად ჩატარდა. ყველა დონის საარჩევნო კომისიამ პროფესიონალურად იმუშავა.

საარჩევნო კამპანიის ჩაშლისა და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის ყველა მცდელობა სრულად ჩავარდა. ცნობილია, რომ ასეთი მცდელობები, მათ შორის ტერორისტული მეთოდებისა და უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გამოყენებით, დაიგეგმა და განხორციელდა. მაგრამ ჩვენმა ხალხმა დაიცვა რუსეთის მოსახლეობის სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, ხალხმა მხარი დაუჭირა გმირებს, რომლებიც რუსეთისთვის იბრძვიან. ეს არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სავსებით ბუნებრივია, რომ ყველა საპარლამენტო პარტიამ კანდიდატებს შორის შეიყვანა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანები, რომლებმაც რუსეთისადმი ერთგულება ბრძოლაში დაამტკიცეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი სამშობლოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ასეთივე თავდადებით ემსახურებიან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების თანახმად, „ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო დუმაში მანდატების სამ მეოთხედზე მეტი მოიპოვა, რაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დაკავშირებული ამბები
ვლადიმერ პუტინი საპარლამენტო პარტიების ლიდერებს შეხვდა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დაუწესა