ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ქსენია ფედოროვას, რომელიც წარსულში პუტინის ხელისუფლებამისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალების, Russia Today-ის ფრანგულენოვანი სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
შეზღუდვები არ ითვალისწინებს მხოლოდ შესვლის აკრძალვას საფრანგეთის ტერიტორიაზე, არამედ ვრცელდება მთლიან ბლოკზე, ასევე მისთვის დაუშვებელია ნებისმიერი ფინანსური სარგებლის მიღება, რომელიც რაიმე ფორმით არის დაკავშირებული ევროგაერთიანებასთან.
წყაროების თანახმად, სანქციები ასევე გულისხმობს ფედოროვას ფინანსური აქტივების გაყინვასაც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.
დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც Euronews-ი გაეცნო ნათქვამია, რომ რუსი ჟურნალისტი საჯაროდ ტირაჟირებდა ნარატივებს, რომლებიც „სრულად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლებისას“, კერძოდ „ქსენია ფიოდოროვა დასავლეთისა და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას წარმოაჩენდა, როგორც ომის გახანგრძლივების ხელშემწყობ ფაქტორს, რუსეთს აღწერდა, როგორც მშვიდობისკენ მისწრაფებულ ქვეყანას, ხოლო ევროპას - კონფრონტაციის მხარდამჭერ მხარედ.“
დოკუმენტური დასაბუთების მიხედვით, ის ასევე „ეჭვქვეშ აყენებდა უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანასა და დეპორტაციასთან დაკავშირებულ დადგენილ ფაქტებს და ავრცელებდა განცხადებებს, რომლებშიც ევროპის და ნატოს პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იყო წარმოჩენილი.“
თავად რუსი ჟურნალისტი არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, აქვეყნებს ანალიზს, რომელსაც „შეიძლება შეედავონ, თუმცა მიუღებელია მისი აკრძალვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ვინმესთვის შემაშფოთებელია.“
როდესაც ქსენია ფედოროვას წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გამოცხადდა, მის დასაცავად განცხადება გააკეთა იმ ფრანგული არხის დირექტორმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს და თქვა, რომ მათი მიზანი არის თავისუფალი სიტყვის დაცვა და ყველა მოსაზრების გაჟღერება.
