ესპანეთის მრავალ ქალაქში საცხოვრებლის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. დედაქალაქ მადრიდში „პუერტა-დელ-სოლზე“ დაახლოებით 300 კარავია გაშლილი, მთავრობა სასწრაფოდ ცდილობს, შეთანხმებას მიაღწიოს პარტიებთან „ერთად კატალონიისთვის “ და „პოდემოსთან“ - ყოფილ, იდეოლოგიურად განსხვავებული შეხედულებების მქონე მოკავშირეებთან - რათა მიიღოს სამეფო განკარგულება-კანონი. ეს დოკუმენტი დროებითი გამოსავალი უნდა გახდეს იმ პრობლემისთვის, რომელიც, სოციოლოგიური კვლევების ცენტრ CIS-ის მონაცემებით, ესპანელებისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
„წლებია, ვებრძვით სისტემას, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და მმართველობის ყველა დონეზე — მუნიციპალურ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე არის გამჯდარი; ეს სისტემა მუდმივად ახდენს ზეწოლას ჩვენზე და ღირსეული საცხოვრებლის მიღების შესაძლებლობას გვაკარგვინებს“.- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რიჩი გალიანო.
„იმისთვის, რომ ადამიანებმა თუნდაც მინიმალურად სტაბილური ცხოვრება შექმნან, უნდა იცოდნენ, რომ საკუთარ სახლებში გრძელვადიანად დარჩენას შეძლებენ. მართლაც, ბერლინი — და ზოგადად გერმანია, ავსტრია, ცენტრალური ევროპა — გარკვეულწილად, იმ მოდელს წარმოადგენს, რომლისკენაც გვსურს სწრაფვა. - აცხადებს, მოიჯარეთა გაერთიანების წარმომადგენელი, სანდრა მორა.
ე.წ. „მარიკარმენის განკარგულების“ პროექტს სახელი იმ 87 წლის შშმ ქალბატონის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოასახლეს. ეს პროექტი, რომელიც ახლა საპროტესტო აქციების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მოიცავდეს თავად ეს კანონპროექტი. ივლისში გამოქვეყნებულ ზომებს შორის იყო იჯარის ხელშეკრულებების ვადის 2028 წლამდე გაგრძელება, მოკლევადიანი გაქირავების სფეროს უფრო მკაცრი რეგულირება, ტურისტებზე გაქირავებულ ბინებზე 21%-იანი დღგ-ის დაწესება და ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზება მათთვის, ვისაც გამოსახლება ემუქრება.
მთავრობას არა მხოლოდ პარტიების — „ერთად კატალტონიისთვის“ და „პოდემოსის“ დათანხმება მოუწევს, არამედ იმის განსაზღვრაც, რამდენად ეფექტიანი იქნება სამეფო განკარგულება-კანონი, რომელსაც მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში კონგრესმა კენჭი უნდა უყაროს საზოგადოების მზარდი ზეწოლისა და მოიჯარეთა გაერთიანების მოთხოვნების საპასუხოდ
