ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ თავდასხმებზე მოსამზადებელი პასუხების ვარიანტების განსახილველად.
ევროგაერთიანების საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი კაია კალასი კოლეგებს აფრთხილებს, რომ ფრონტზე შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი, სავარაუდოდ, მთელი ევროპის მასშტაბით გეგმავს დივერსიული აქტების განხორციელებას, რაშიც, შესაძლოა, დრონებით კომპონენტიც იყოს ჩართული.
დიპლომატის თქმით, ახლა ევროკავშირი მუშაობს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც რელევანტური იქნება კრემლის მხრიდან მოსალოდნელ იმ მოქმედებებზე, რაზეც სადაზვერვო სამსახურები საუბრობენ.
„სადაზვერვო მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი გეგმავს უფრო მეტ დივერსიულ აქტს და თავდასხმას ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, რათა დაყოს ჩვენი საზოგადოება, დააშინოს ის და ხელი შეუშალოს უკრაინის დახმარებას. ეს არის ის, რაც მათ მიზნად აქვთ დასახული და ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რათა მზად ვიყოთ ამ საფრთხეების წინააღმდეგ სათანადო რეაგირებისთვის. ასევე, როდესაც გვაქვს შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია, უნდა შეგვეძლოს რეაგირება უკვე წინასწარ, ვიდრე ეს თავდასხმები რეალურად განხორციელდება.
ჩვენ ასევე წარმოვადგენთ საგანგებო პროტოკოლს, რომელიც მოიცავს შეიარაღებული აგრესიის ზღვარს ქვემოთ მყოფ ყველა შემთხვევას. პროტოკოლი განსაზღვრავს, თუ როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ევროკომისიასთან, წევრ სახელმწიფოებთან, ასევე საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურთან და რა ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია რეაგირების სხვადასხვა დონეზე“, - განაცხადა კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა.
საგანგებო მექანიზმის შემუშავების შესახებ ინიციატივა სექტემბრის დასაწყისში გააჟღერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საუბრის მთავარი თემა იყო „ევროკავშირის ამჟამინდელი მდგომარეობა და გამოწვევები“.
მისი თქმით, ბლოკის ხელში უნდა არსებობდეს NATO-ს „მეხუთე მუხლის“ მსგავსი ბერკეტი.
საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთის აზრს მოისმენენ.
საგანგებო მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა გამოაჩინა ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების სერიამ.
მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი მოხდა 25 სექტემბერს ფინეთის ყურის თავზე, სადაც ჰელსინკის საჰაერო სივრცე რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია, რის გამოც ფინურ და შვედურ სამხედრო ხელმძღვანელობებს ავიაგამანადგურებლების აფრენა დასჭირდათ.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ ევროპამ და NATO-მ მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად „უფრო მასშტაბური ზომები“ უნდა მიიღონ და „უფრო მჭიდრო კოორდინაცია“ დაამყარონ.
პარასკევს საჰაერო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჰაკანენმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზეზი უნდა გახდეს:
„დიდი პრობლემა, რომელიც უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებმა გამოაჩინეს ისაა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ახლა წარმოების შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრობლემებია. ამიტომ ევროპაშიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს NATO-ს ყველა ქვეყნისა და ევროპის ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევაა - საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და სისტემები სწრაფად უნდა გავზარდოთ. ამისთვის ფული გვჭირდება.
გვჭირდება ერთობლივი შესყიდვები. ასევე გვჭირდება თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები და წარმოების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ფინეთში ჩვენ ასევე ვაფასებთ, როგორ შეიძლება ამერიკული კომპანიების წარმოების ევროპაში, მაგალითად, ფინეთში ან სხვა ქვეყნებში, ლოკალიზება.
ამ პროცესს ბევრი ბიუროკრატია და რეგულაცია აფერხებს და ანელებს. ამიტომ საჭიროა მისი დაჩქარება და ამ მიმართულებით ევროკავშირსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება.“
მისმა შვედმა კოლეგამ, პალ იონსონმა თქვა, რომ რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმების გამოყენებით უკრაინის მოკავშირეების „დაშინებას“ ცდილობს. მანვე გამოთქვა რწმენა, რომ ეს სტრატეგია წარუმატებელი იქნება, რადგან ევროკავშირი კვლავ აგრძელებს კიევის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს:
„ჩვენი რეკომენდაციაა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირის სესხებმა არ ჩაანაცვლოს ორმხრივი მხარდაჭერა, რადგან ორმხრივი დახმარება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა ტვირთის უფრო სამართლიანი გადანაწილება, როდესაც საქმე უკრაინის ორმხრივ მხარდაჭერას ეხება, რადგან ამჟამად ძირითადი დატვირთვა სკანდინავიის ქვეყნებს, გერმანიასა და ნიდერლანდებს აქვთ აღებული. გვინდა, მოვუწოდოთ უფრო მეტ წევრ სახელმწიფოს, რომ ორმხრივ საფუძველზე უფრო მეტი გააკეთონ.
უკრაინის მხარდაჭერა არის როგორც სწორი ნაბიჯი, ისე გონივრული გადაწყვეტილება. ამასთან, როდესაც უკრაინას ვუჭერთ მხარს, ეს ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტირებასაც ნიშნავს...
ჩვენ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია, რომელიც მოიცავს რუსეთისთვის შემზღუდველ ზომებს. როგორც ვთქვი, ეს, პირველ რიგში, უფრო მეტ სანქციებს გულისხმობს. ასევე, ძალიან აქტიურად ვმოქმედებთ ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და სხვა სფეროებში.“
2030 წელს სხვადასხვა ევროპული სადაზვერვო სამსახური ასახელებს სავარაუდო ვადად, როდესაც კრემლი, შესაძლოა, მზად იყოს NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაწყებად.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამ რისკის შესამცირებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა აღმოფხვრან ხარვეზები საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებში, სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობებში, სამხედრო-საზღვაო ძალებში, საბრძოლო მასალის მარაგებსა და უპილოტო სისტემების განვითარებაში.
