27 სექტემბერს, ლურდში ღია ცის ქვეშ გამართული წირვის დროს რომის პაპმა ლეონ XIV-მ ეკლესიაში არსებულ სექსუალურ ძალადობასა და სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის, ევთანაზიის, საკითხებზე ისაუბრა.
ლურდის მთავარი ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის ქადაგებას დაახლოებით 150 000 ადამიანი დაესწრო; მათ შორის ბევრი ეტლით მოსარგებლე იყო.
პაპმა განაცხადა, რომ ეკლესიას უნდა ჰქონდეს გამბედაობა, განკურნოს ღრმა ჭრილობები — ღალატი და მტკივნეული გადაცდომები, რომლებიც მის წიაღში ხდება...
მისი თქმით, საკუთარი შეცდომების აღიარება აუცილებელია ჩვენი სულიერი წინსვლისთვის.
პაპმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა სამედიცინო ჩარევით სიცოცხლის შეწყვეტის ლეგალიზება და მას უზნეო და ცრუ თანაგრძნობა უწოდა.
ლურდი მორწმუნეთათვის მნიშვნელოვანი ადგილია მას შემდეგ, რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 1858 წელს ერთ-ერთ გოგონას ღვთისმშობელი გამოეცხადა. მორწმუნეთა აზრით, ამ ადგილს ავადმყოფთა სასწაულებრივი განკურნების ძალა აქვს.
აქ სულიერ სიმშვიდეს პოულობენ ის ადამიანებიც, რომლებიც სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან.
2021 წლის დამოუკიდებელი ანგარიშის თანახმად, 70 წლის განმავლობაში 330 000 ბავშვი გახდა დაახლოებით 3 000 მღვდლისა და საეკლესიო მუშაკის ძალადობის მსხვერპლი.
რომის პაპის ვიზიტი საფრანგეთში, რომელიც ოდესღაც მტკიცე კათოლიკური ტრადიციებით გამოირჩეოდა, 28 სექტემბერს გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ მეცში დასრულდება.
