კატეგორიები

ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, პრემიერის თანამდებობის დაკავების იმედით

ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, პრემიერის თანამდებობის დაკავების იმედით

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული 1 თვით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით მიმართვისას, მან საზოგადოებას აცნობა როგორც გადაწყვეტილების, ისე ეკონომიკისა და საგარეოპოლიტიკური მიმართულებებით მიღწეული წარმატებების თაობაზე.

გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებას სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი გადაიბარებს.

საპრეზიდენტო პოსტიდან ვუჩიჩის წასვლას ორი კვირით ადრე წინ უძღოდა მისივე განკარგულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. მანვე განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობით მოქმედ „სერბეთის პროგრესიულ პარტიას“ დაეხმარება საპარლამეტო არჩევნების მოგებაში.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის თანამდებობას ვეღარ დაიკავებს, რადგან ამ პოსტზე ის უკვე ორჯერ აირჩიეს.

ცნობილია, რომ პოლიტიკოსი გეგმავს ძალების მოსინჯვას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში. საგულისხმოა ანალიტიკოსების შეფასებაც იმის თაობაზე, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი ხშირად გასცდენია საკუთარ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას. სერბეთის მმართველობის სისტემა საპარლამენტო დემოკრატიას ეფუძნება და ძირითიადი აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, რომელსაც ქვეყნის პარლამენტი ირჩევს და ამტკიცებს, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ბელგრადს თითქმის ყოველთვის ალექსანდრ ვუჩიჩი წარმოადგენდა. ის თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა კამერების წინაშე და საუბრობდა სერბეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლაზე, რასაც მისი ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ.

 

 

მთავარ ოპონენტებს შორის კი დღემდე რჩებიან ის ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობები, რომლებმაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მიაღწიეს.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვუჩიჩის ხელისუფლებას მრავალი საკითხის ირგვლივ აკრიტიკებენ და მას დიდიხანია მოუწოდებდნენ პასუხისმგებლობის აღებისა და პრეზიდენტის პოსტიდან წასვლისკენ.

კრიტიკის მიზეზი გახდა მისი ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის ნაბიჯები - კერძოდ, ოპონენტები ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლებას ბრალს სდებენ ფართომასშტაბიანი სტუდენტური საპროტესტო დემონსტრაციებისას არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებაში, ძალადობასა და რეპრესიებში.

კრიტიკას იმსახურებდა აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური ხედვებიც.

ვუჩიჩი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოქმედებდა - ბელგრადში აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრება არის მათი ძირითადი ამოცანა, მიუხედავად ჩიხში შესული მოლაპარაკებების პროცესისა, თუმცა არც ჩინეთსა და რუსეთთან ამბობდნენ უარს კავშირების განმტკიცებაზე.

სერბეთის პრეზიდენტს ხშირად სდებდნენ ბრალს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ვუჩიჩი არაერთხელ ეწვია მოსკოვს, მათ შორის 9 მაისის „გამარჯვების აღლუმზე“ დასასწრებად და მაშინაც, როდესაც ბელგრადი არ უერთდებოდა ბრიუსელის მიერ ინიცირებულ, პუტინის მთავრობის საწინააღმდეგო სანქციებს.

მიუხედავად ასეთი ურთიერთობებისა, ვუჩიჩის მთავრობას კრიტიკას არც თავად მოსკოვი აკლებდა და ადანაშაულებდა საკუთარ მარაგებში არსებული საბჭოთა კალიბრის შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაში.

ალექსანდრ ვუჩიჩის პრეზიდენტობის პირობებში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან, რომლებთანაც სერბეთი საერთო საზღვარს იყოფს, ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთი მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინას ერთ-ერთი სუბიექტი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნაწილობრივ აღიარებული „სერბთა რესპუბლიკა“ აღმოჩნდა.

ბელგრადისა და მისი მეზობლების უთანხმოების ძირითად მიზეზს კოსოვოს საკითხი წარმოადგენდა, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტის სავარძელში 12-წლიანი ყოფნის მიუხედავად, ვერც ვუჩიჩმა შეძლო.

სერბეთში ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში პერიოდულად იმართება ანტისამთავრობო აქციები, რომელთა მამოძრავებელი ძალაც გახდა ახალგაზრდობა.

დემონსტრაციების დაწყების მიზეზი გახდა ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედია, სადაც ბაქნის ახლადრეაბილიტირებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 16 ადამიანი იმსხვერპლა.

მოქალაქეებმა ვუჩიჩის ხელისუფლება სისტემურ კორუფციასა და უხარისხო მშენებლობაში დაადანაშაულეს, რასაც შემდგომ მოჰყვა უკმაყოფილება სერბეთის საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებითაც.

ოპონენტები, მათ შორის რიგითი მოქალაქეები, პირადად ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენჯერმე დაადანაშაულა „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში.

დაკავშირებული ამბები
პაპი ლეონ XIV საფრანგეთის ეკლესიას მოუწოდებს, განაგრძოს ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, პრემიერის თანამდებობის დაკავების იმედით