კატეგორიები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება
Copyright Reuters

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ თავის რუს კოლეგას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომიდან მიმართა და მოუწოდა, ურჩიოს ვლადიმერ პუტინს, მალე დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო, კოლონიალური ომი“, რომელიც არამხოლოდ ევროპას უქმნის საფრთხეს, არამედ თავად რუსეთისთვისაც მოაქვს დანაკარგი - როგორც გლობალურად, სტრატეგიული თვალსაზრისით, ისე ადამიანური რესურსის კუთხით.

მანვე პუტინს „კრემლის ფიურერი“ უწოდა, რომელმაც ვერ მიაღწია დასახულ სამხედრო მიზნებს და ახლა ცდილობს ომის გაფართოებას NATO-ს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ პროცოკაციებისა და საბოტაჟის მოწყობის გზით.

„რუსეთი ომს ამწვავებს. ფრონტის ხაზზე წინსვლის შეუძლებლობის ფონზე, რუსეთი განზრახ ესხმის თავს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას - მატარებლების მგზავრებს, ქუჩის მოვაჭრეებს, ველოსიპედისტებს, ელექტროსადგურებს, ქარხნებსა და სავაჭრო ცენტრებს.

რუსეთი ესკალაციას იმიტომ ახორციელებს, რომ მისი ხელმძღვანელობა პანიკაშია. ოთხ წელზე მეტი ხნის უაზრო კოლონიური ომის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ვერაფერს მიაღწია. მას ჯარისკაცებისა და რესურსების მარაგი ეწურება და მობილიზაციისთვის საბაბი სჭირდება. მისმა არასაჭირო ომმა მილიონნახევარი რუსი მოკლა ან დაჭრა. მილიონობით უკრაინელი და სხვა ევროპელი სულ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ნებისმიერ მომენტში პუტინმა შესაძლოა NATO-ს რომელიმე ქვეყანა პროვოკაციაზე წამოაგოს და ომი კიდევ უფრო გააფართოოს.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა:

თქვენ დონბასის დაპყრობას 12 წელზე მეტია ცდილობთ, ხოლო კიევის - ოთხ წელზე მეტია. თქვენ შეგაჩერათ გმირულმა უკრაინამ - ქვეყანამ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ მეათედია.

თქვენ კვლავ შეგიძლიათ უამრავი ადამიანის მოკვლა, მაგრამ გამარჯვებას ვერ შეძლებთ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ეს იმპერიული ომი, რომელიც თავად აირჩიეთ. აღარ შეუქმნათ საფრთხე ევროპასა და მსოფლიოს. შეწყვიტეთ რუსეთის მომავლის განადგურება.

სერგეი, ვიცი, რომ ამას უსმენ. უთხარი შენს უფროსს: საკმარისია!“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, რადოსლავ სიკორსკიმ სიცრუე უწოდა სერგეი ლავროვის მიერ უკვე არაერთხელ გაჟღერებულ ნარატივს, რომელიც რუსული მხარის ერთგვარ ტრადიციად იქცა.

კერძოდ, ეს შეეხება 2014 წელს უკრაინაში თითქოსდა მომხდარ „სახელმწიფო გადატრიალებას“, რის შედეგადაც, როგორც მოსკოვში ირწმუნებიან, „ცალკეულმა დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება“ - სწორედ ამის საფუძველზე უწოდებს კრემლი უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას „კიევის რეჟიმს“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავად იმყოფებოდა კიევში 2014 წლის თებერვლის მოვლენების დროს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ხოლო უკრაინის გაქცეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალაუფლებას ჩამოაშორა დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა „მაიდანის“ დემონსტრაციების დროს მომხდარი მკვლელობებისა და სხვა სამოხელეო დანაშაულების გამო.

პოლონელი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა კრემლის კიდევ ერთ ნარატივს, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ამტკიცებს, რომ „წლების განმავლობაში უკრაინაში რუსულენოვან მოსახლეობას დევნიდნენ“ და მათ „უკრძალავდნენ საუბარს რუსულ ენაზე“.

სიკორსკის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, ამისთვის არსებობს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი, ეროვნული უმცირესობების დაცვის კონკრეტული მექანიზმები და საკითხი არ უნდა წყდებოდეს უკრაინაში „ტანკებისა და ბალისტიკური რაკეტების გაგზავნით“.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზევე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არ არის თანახმა ომში პაუზის გამოცხადებაზე, რადგან, მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტას კიევი მოკავშირეებთან ერთად გამოიყენებს „სამხედრო არსენალის შესავსებად“.

დაკავშირებული ამბები
რუტე ამბობს, რომ NATO-ს აქვს „რამდენიმე საპასუხო ვარიანტი“ რუსეთის დივერსიის შემთხვევაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება