ფედერალური მოსამართლის ბრძანების შემდეგ, თეთრი სახლის ტერიტორიაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის კვლავ დაუშვეს წამყვანი მაუწყებლებისა და გამოცემების - CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს გადამღები ჯგუფები.
აკრედიტაციის აღდგენის მიუხედავად, CNN-ის რედაქციაში განაცხადეს, რომ მათი ჟურნალისტები არ დაუშვეს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების ოფიციალური ვახშმის გადაღებაზე.
უცნობი მიზეზით ეთქვა უარი MS NOW-ს გადამღებ ჯგუფსაც, ღონისძიებაზე მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ ფოტორეპორტიორებს მიეცათ.
საგულისხმოა, რომ ვაშინგტონში სი ძინპინის ჩასვლისა და ოფიციალური ვახშმის გამართვის დღეს, არც ერთი მსხვილი ამერიკული სატელევიზიო ქსელი არ უზრუნველყოფდა ღონისძიებების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას.
მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ CNN ამოიღო ქვეყნის ხუთი წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიის სპეციალური სიიდან, რომლებიც როტაციის პრინციპით იღებენ ვიდეომასალებს და კოლეგებს უზიარებენ, სიის დანარჩენმა ოთხეულმაც მათ სოლიდარობა გამოუცხადა, მათ შორის „რესპუბლიკელებისადმი“ ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებმაც.
აკრედიტაციის შეჩერების არგუმენტად პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასახელა მედიასაშუალებების მხრიდან „გამოგონილი ამბებისა და სიცრუის“ გაშუქება „შეერთებული შტატებისა და ქვეყნის პრეზიდენტის შესახებ“.
მაშინ თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სია გაფართოვდებოდა და მას „მალე დაემატებოდნენ ყალბი ამბების გამშუქებელი სხვა მედიასაშუალებებიც“.
გადაწყვეტილებას მოჰყვა სამივე რედაქციის ერთობლივი სარჩელი, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ აკრედიტაციის შეზღუდვა არღვევს შტატების კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც „პრესის თავისუფლებას“ ეხება.
წამყვანი ამერიკული სატელევიზიო არხების მიერ გამოცხადებული სოლიდარობის შედეგად, სულ რამდენიმე საათში დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა - ღონისძიების გამშუქებლის გარეშე. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა საკუთარი ტელევიზიის, TRUMP TV-ის შექმნის შესახებ.
საგულისხმოა, რომ ეს დონალდ ტრამპის პირველი მცდელობა არაა შეეზღუდა მისთვის არასასურველი თუ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ავტორიტეტული მედიასაშუალებების მაუწყებლობა თეთრი სახლიდან.
გასულ წელს ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული Associated Press-ის კორესპონდენტთან მიმართებით, რომელიც სასამართლოში გაგრძელდა.
მაშინ ამ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ უარი თქვა მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ დასახელებაზე ,მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მას სახელი გადაარქვა.
პირველი ვადით პრეზიდენტობისას, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა CNN-ის კორესპონდენტს, ჯიმ აკოსტასაც,თუმცა სასამართლომ მას და სიის სხვა წევრებს საშვები აღუდგინა.
