„უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, პუტინი კი აფართოებს კონფლიქტს, ნაცვლად მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძიებისა“ - ამ სიტყვებით გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, მათ ხელთ არსებული დიპლომატიური შესაძლებლობები გამოიყენონ რუსული აგრესიის შესაკავებლად.
მისივე თქმით, სახელმწიფოთა ბერკეტებს შორის არის მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და კრემლის ფინანსური რესურსის მკვეთრად შეზღუდვა, რათა პუტინის ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება თუნდაც ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლები ომის დასაფინანსებლად გამოიყენოს:
„როგორც ჩანს, ყოველთვის რაღაც უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: „საკმარისია. მორჩა. მშვიდობა.“
რაღაც ყოველთვის უშლის ხელს, აღიაროს, რომ 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელიც ყველა თქვენგანის მიერ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული - ამ კაცისთვის საკმარისი უნდა იყოს.
პუტინი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება, უფრო მეტი ადამიანი დახოცოს, უფრო მეტი ადამიანი შეიწიროს ყოველი კვადრატული კილომეტრი მიწისთვის, დაიკავოს მეტი ტერიტორია და სხვა ქვეყანაც მიითვისოს, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ შეჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს.
ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი წარმოიდგინოთ პუტინი ომის გარეშე?
ის არის „ნულოვანი პაციენტი“ - ის, ვისგანაც ომის ეს იდეა სულ უფრო მეტად ვრცელდება. სადაც არ უნდა გავრცელდეს, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და, რა თქმა უნდა, ახალი კრიზისები მოაქვს.
რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის.
სწორედ ამიტომ უნდა შეჩერდეს „ნულოვანი პაციენტი“. მას უნდა წაერთვას მოქმედების შესაძლებლობა და სივრცე, რათა ეს ბოროტება კიდევ უფრო შორს გაავრცელოს...
მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 63 000 თავდასხმის დრონი გამოიყენა, მათ შორის 7 700-ზე მეტი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედი“. ეს ნამდვილად გამანადგურებელი და ძალიან საშიში იარაღებია.“
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევმა შეძლო აქამდე, როგორც მოსკოვისთვის, ისე დასავლეთისთვის დაუჯერებელი რამ - ნავთობით მდიდარი რუსეთისთვის ენერგოკრიზისის შექმნა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ჯერზე ხაზი გაუსვა რუსული ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადების საკითხს - მისი სიტყვებით, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა იქნება ორმხრივი და პატივცემული მოსკოვისგანაც:
„თუ რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი ენერგო და გათბობის სისტემებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს, უკრაინელებს ესმით, რომ ეს ზამთარი ჩვენთვის, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. საპასუხოდ, სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ რუსეთისთვისაც მტკივნეული გავხადოთ ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ზამთრის დადგომამდე დეესკალაციის ნაბიჯები მნიშვნელოვანია და აუცილებელია. ახლა ჩვენ გვჭირდება დიპლომატია და გვჭირდება ძალა. და ნაბიჯ-ნაბიჯ ვხურავთ ხარვეზებს ორივე მიმართულებით.“
ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა რუსული არმია დაადანაშაულა სამხედრო მოქმედებებში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების იძულებით ჩართვაში.
მისი თქმით, კონფლიქტში მონაწილეობენ 47 ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორისაც არიან განელები, ნეპალელები და ინდოელებიც.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩამოსულ ამ სახელმწიფოთა ლიდერების ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა ისინი სრულად ჩართოს ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში.
ყურადღების მიღმა არ დარჩენილან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიც, რომელთა უმრავლესობა ფრონტზე ჩასვლიდან მალევე დაიღუპა:
„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე გადავეცით სამხრეთ კორეას. ამ ადამიანების ცოცხლად დატყვევება ადვილი არ არის. ერთ-ერთმა მათგანმა თვითმკვლელობა სცადა, როდესაც მიხვდა, რომ ტყვედ უნდა აეყვანათ. ის შოკირებული იყო იმით, რომ ბედმა სიკვდილის საშუალება არ მისცა.
აი, ასე ზრდიან ადამიანებს ჩრდილოეთში - ეს რეალობაა.
მათ ართმევენ თავისუფლებას, ართმევენ არჩევანის უფლებას და თავს ახვევენ აზრს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიხოცონ. ნამდვილად გსურთ, ასეთ ძალას კიდევ მეტი დრო მისცეთ, რათა ომის წარმოება ისწავლოს? ეს უკვე ხუთი წელია გრძელდება.“
ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი გაეროში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა, რუსეთმა კიევის მიმართულებით კვლავ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები და დრონები. სამიზნეთა შორის კვლავ იყო სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები, არის მსხვერპლიც.
