თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისთვის ვიზის გაცემაზე კვლავ უარი ეთქვა, უსამართლობა უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამ საკითხზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ვიზაზე უარის გამო აბასმა ასამბლეაზე დასწრება ვერ შეძლო.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გაეროს ტრიბუნიდან თავისუფალი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს სახელით ისაუბრებს და მსოფლიოს პალესტინელი ხალხის ბრძოლას გააცნობს.
თურქეთის პრეზიდენტმა ღაზაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ისრაელი გააკრიტიკა. მისი თქმით, ღაზა ბავშვებისთვის „მსოფლიოს უდიდეს სასაფლაოდ“ იქცა.
„მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აქ ვერ იმყოფება, ჩვენ, ისევე როგორც გასულ წელს, თავისუფალი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ხმა ვიქნებით (ტაში) და ამ ტრიბუნიდან მსოფლიოს პალესტინელი ხალხის ბრძოლას გავაცნობთ.
ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომელსაც პალესტინის სახელმწიფო ჯერ არ უღიარებია, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას. ღაზა დღეს ბავშვებისთვის მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი სასაფლაო არ არის. ღაზა ჩვენი დროის ყველაზე არაადამიანური და სამარცხვინო საკონცენტრაციო ბანაკია“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფოებრიობა გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 157-ს აქვს აღიარებული. ერდოღანი დანარჩენ სახელმწიფოებსაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს
