ნიდერლანდებში მაინც გადაწყვიტეს ევროვიზიაზე დაბრუნება, მიუხედავად აგვისტოს ბოლოს, სიმღერის კონკურსში ქვეყნის მონაწილეობაზე პასუხისმგებელი მაუწყებლის, AVROTROS-ის ხელმძღვანელობის განცხადებაზე, რომ ევროფესტივალი „ვეღარ ჩაითვლება ნეიტრალურად“ იმ ფონზე, როდესაც ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის პარალელურად ისრაელი არ არის კონკურსიდან მოკვეთილი.
მაშინ მედიაკორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ტაკო ციმერმანმა განაცხადა - „არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ საერთაშორისო კონფლიქტები სულ უფრო მეტად ახდენენ გავლენას კონკურსზე“.
ნაცვლად AVROTROS-ისა, ნიდერლანდების კიდევ ერთმა სახელმწიფო მაუწყებელმა აიღო საკუთარ თავზე ქვეყნის ევროვიზიაზე მონაწილეობის პასუხისმგებლობა. NPO-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „სწორედ ახლაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი [ნიდერლანდები] დარჩნენ ამ გამაერთიანებელი ევროპული ღონისძიების ნაწილი“.
ამსტერდამის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროვიზიის დირექტორი მარტინ გრინი, რომლის თქმითაც, კონკურსი კვლავ უნდა ასახავდეს თავის მთავარ სლოგანს - „მუსიკით გაერთიანებულები“.
პარალელურად, ესპანეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RTVE-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ განაგრძობს ევროვიზიის ბოიკოტს 2027 წელსაც, რისი მთავარი მიზეზიც არის სიმღერის კონკურსში ისრაელის მონაწილეობა.
სამაუწყებლო კომპანიის პრეზიდენტმა, ხოსე პაბლო ლოპესმა „უაღრესად მტკივნეული“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინარჩუნებს შესაძლებლობას, კვლავ დარჩეს კონკურსის ფარგლებში, ვიდრე ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება.
მადრიდი და პედრო სანჩესის ხელისუფლება „პროპალესტინურ კურსს“ ინარჩუნებენ და მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს ღაზის სექტორში და განვითარებულ მოვლენებს უწოდებენ „კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა“ და „გენოციდს“.
ესპანეთი ევროვიზიისთვის სერიოზული დანაკლისია, რადგან ის ფესტივალის ე.წ. „დიდი ხუთეულის“ წევრია. ეს არის დამფუძნებელი ქვეყნების სია, რომლებსაც გარდა პრივილეგიისა, ავტომატურად მოხვდნენ კონკურსის ფინალში, ამავდროულად, დიდი ფინანსური წვლილი შეაქვთ კონკურსის არსებობაში.
ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ ირლანდია, ისლანდია და სლოვენიაც.
წარსულში ევროვიზიას პოლიტიკური მიზეზებით ბოიკოტი კარგად ახსოვს - შორეულ 1975 წელს კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა საბერძნეთმა, თურქეთის დებიუტის გამო, მომდევნო წელს კი სცენარი საპირისპიროდ დატრიალდა. „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა“ და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მიზეზით, 2012 წელს ევროვიზიას ბოიკოტი სომხეთმა გამოუცხადა, რადგან მაშინ კონკურსს ბაქო მასპინძლობდა.
მომდევნო წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ქალაქი ბურგასი 11, 13 და 15 მაისს უმასპინძლებს. ვენაში გამართულ საიუბილეო ფესტივალზე ბულგარეთს პირველი ისტორიული გამარჯვება მომღერალმა DARA-მ მოუტანა
