კატეგორიები

კრემლი აცხადებს, რომ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა არ სურს ცეცხლის შეწყვეტა

კრემლი აცხადებს, რომ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა არ სურს ცეცხლის შეწყვეტა
იმ ფონზე, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეა, ტრადიციულად, სექტემბერში თავს უყრის მსოფლიო ლიდერებს გლობალური მშვიდობისკენ მიმავალი გზების ძიებისთვის, რუსეთი არ აჩერებს საკუთარ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და პირიქით -  მასირებული თავდასხმებით ცდილობს, მწყობრიდან გამოიყვანოს ქვეყნის სამოქალაქო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

თუკი მანამდე მოსკოვი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ცდილობდა, დაებომბა უკრაინის სხვადასხვა ოლქი, ახლა კრემლის საოკუპაციო არმია დედაქალაქ კიევზეა კონცენტირებული, რომელიც, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ იბომბება მათ ხელში არსებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული იარაღის - რეაქტიული დრონების გამოყენებით.

პარალელურად, რუსული მხარე ირწმუნება, რომ კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არ არის თანახმა ომში პაუზის გამოცხადებაზე.

„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ დაადასტურა, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს სწორედ ასეთი მშვიდობა, რომელიც იქნება როგორც მდგრადი, ისე სამართლიანი.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ამოცანები მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ვლადიმირ პუტინის 2024 წლის ივნისის პოლიტიკურ გამოსვლაში.

თუმცა, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას - მიუხედავად ფორმატისა - ჩვენ არ შევაჩერებთ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ამის სურვილი აქვს.

მათი მიზანი კვლავ იგივე მარტივია: დროებითი შესვენების მოპოვება და კიევის რეჟიმის გამოფიტული სამხედრო არსენალების შევსება, რომელიც სასოწარკვეთილების გამო უკვე დიდი ხანია აშკარად ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 50 სახელმწიფოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც გმობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ აგრესიას და კრემლის მთავრობას მოუწოდებს კონსტრუქციული დიალოგისკენ.

რეზოლუციაში ასევე საუბარია მოსკოვის მცდელობებზე, „შეზღუდოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი“ და ნახსენებია „უკრაინის სამოქალაქო პირების, კერძოდ, ბავშვების უკანონო დაკავება, გატაცება ან იძულებითი დეპორტაცია“.

საგულისხმოა, რომ დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არ არის აშშ, თუმცა, ამავე დროს, გაეროში ვაშინგტონის წარმომადგენელმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგმო უკრაინაში ომის გაფართოების „ნებისმიერი მცდელობა“.

დაკავშირებული ამბები
კრემლი აცხადებს, რომ ღიაა დიპლომატიისთვის, თუმცა არ სურს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ახალ ტალღას კვლავ გაურბიან