კატეგორიები

რუსეთის მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ახალ ტალღას კვლავ გაურბიან

რუსეთის მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ახალ ტალღას კვლავ გაურბიან
რუსეთში სექტემბრის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ შესაძლო მობილიზაციის გამოცხადების შიშმა, ჯარში გაწვევის ასაკის მქონე ზოგიერთი მოქალაქე აიძულა, კვლავ დაფიქრდეს საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლაზე.

უფლებადამცველები და იურისტები, რომლებიც რუსეთის დატოვების მსურველებს ეხმარებიან, ამბობენ, რომ 2022 წლის შემოდგომისგან განსხვავებით, ახლა მოქალაქეები აღარ ელიან ბოლო მომენტს და თადარიგს იჭერენ, ვიდრე კრემლში გაიცემა შესაბამისი ბრძანება სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით.

ექსპერტები თვლიან, რომ ახალგაზრდებმა 4 წლისწინანდელი გაკვეთილი კარგად გაითავისეს და ამიტომ ემიგრაციას მიმართავენ იქამდე, ვიდრე საზღვრებზე რეგულაციები გამკაცრდება.

თავის მხრივ, ანტისაომარი პროექტის, „კოვჩეგის“ კოორდინატორების მონაცემებით, ემიგრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციების მაჩვენებელი ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული საგანგებოდ, თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. მათივე ცნობით, რუსებს შორის ნამდვილი „პანიკური ტალღა“ შეინიშნება, რადგან ისინი შიშობენ, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, უკრაინის ფრონტზე გაუშვებენ ან თავად მათ ან მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ჯერ კიდევ აგვისტოში რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების შესაძლებლობაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკი სადაზვერვო ინფორმაციას დაეყრდნო და თქვა, რომ ამ ცნობების მიხედვით, მოსკოვის გეგმაშია რამდენიმე ასეული ათასი პირის მობილიზება წლის ბოლომდე, თანაც რაც შეიძლება სწრაფი გზით.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შესაძლო მობილიზაციის გამოცხადების რისკებს ზრდის კრემლთან დაახლოებული ელიტის წარმომადგენლების, მაღალჩინოსნებისა და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლების ბოლოდროინდელი ქმედებები, რომელთა ნაწილმაც დაიწყო ფინანსური აქტივების საზღვარგარეთ გატანა და უცხოურ ბანკებში ანგარიშების გახსნა.

დამოუკიდებელი გამოცემებისა და ანალიტიკოსების ინფორმაციით, Yandex-ისა და Google-ის საძიებო სისტემებში გაზრდილია ქვეყნის ფარგლების დატოვებისა და მობილიზაციისგან თავის დაღწევის კონკრეტული საკვანძო სიტყვების ძებნის რაოდენობა, რაც 2023 წლის დასაწყისის მაჩვენებელსაც კი უსწრებს.

ზუსტი რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებმაც რუსეთი ბოლო თვეებში დატოვეს, უცნობია: ამჟამინდელი „ემიგრაციული ტალღა“ უფრო ბუნდოვან ხასიათს ატარებს, ვიდრე 2022 წელს, როდესაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი ძალიან მოკლე პერიოდში 600-დან 700 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ თუ მაშინ ხალხი „გარბოდა“, ახლა ცდილობს, გეგმაზომიერად დატოვოს სამშობლო საჰაერო ან სახმელეთო გზით, ყურადღების მიქცევისა და საზღვრებზე რიგების შექმნის გარეშე.

როგორც წესი, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და სახლდებიან იმ სახელმწიფოებში, სადაც მათთვის სავიზო შეზღუდვები არ არსებობს ან გამარტივებულია - ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს განეკუთვნებიან საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი. მოქალაქეთა უმეტესობა ამ სახელმწიფოებში ხანგრძლივად რჩება, ზოგიერთი კი მათ სატრანზიტოდ იყენებს, მოგვიანებით ევროპულ რესპუბლიკებში გასამგზავრებლად.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ ფრონტზე მოხალისეების ნაკადი საკმარისია. პრეზიდენტმა პუტინმა მომავალი გაწვევის შესახებ გავრცელებულ ჭორებს „სრული სისულელე“ უწოდა.

თუმცა, საგულისხმოა, რომ 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციაც“ არ შედიოდა პუტინის გეგმებში და კრემლს მაშინაც ჰქონდა მსგავსი რიტორიკა.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ახალ ტალღას კვლავ გაურბიან პუტინის პარტია 450-ადგილიან დუმაში ოპონენტებს მხოლოდ 95 მანდატს უტოვებს