ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეერთებულ შტატებს სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკისა და ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრებია დაგეგმილი. დღეს, 24 სექტემბერს, თეთრ სახლში ოფიციალური სახელმწიფო ვახშამიც გაიმართება.
ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. განხილვის მთავარ საკითხებს შორისაა ვაჭრობა, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, ასევე ტაივანთან დაკავშირებული დაპირისპირება და ირანის ომი. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ყურადღება სწორედ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს დაეთმობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სავაჭრო შეთანხმების 10 იანვრამდე გაგრძელებაზე. შეთანხმება ტარიფების შემცირებასა და ახალი სავაჭრო შეზღუდვებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის ლიდერის ვაშინგტონში მიწვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს. მისი განცხადებით, უთანხმოების მიუხედავად, მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერებს შორის უმაღლეს დონეზე დიალოგი აუცილებელია. რუბიო გამოეხმაურა რესპუბლიკელ სენატორ როჯერ უიკერს. მან დონალდ ტრამპის მიერ სი ძინპინის მიწვევა და მისთვის საზეიმო დახვედრის მოწყობა გააკრიტიკა.
„შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განსაზღვრავს, როგორი იქნება XXI საუკუნე. მოსაზრება, რომ ჩინეთთან უმაღლეს დონეზე დიალოგი არ უნდა გვქონდეს, უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელია. ჩვენ მათთან საუბარი გვჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ სერიოზული უთანხმოება არ გვაქვს რა თქმა უნდა, გვაქვს.
ცივი ომის ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი, როდესაც ბირთვული განადგურებისა და დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არსებობდა, შეერთებული შტატები რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციასა და შეხვედრებს აგრძელებდა. მადლობა ღმერთს, რომ ასე ხდებოდა, რადგან ამან რეალური ომი აგვაცილა.
ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებაა, უმაღლეს დონეზე შევინარჩუნოთ კონტაქტი და დიალოგი“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
სი ძინპინი შეერთებულ შტატებს სახელმწიფო ვიზიტით 2015 წლის შემდეგ პირველად სტუმრობს. დღეს მას დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა გამართავენ. ექსპერტებს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინი აქვთ, თუმცა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნაკლებად ელიან.
