„ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვიდრე ხალხს ჰგონია“ - უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების „სწრაფად“ დადების დაპირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია გახსნა.
გარდა სამხედრო კონფლიქტზე უმაღლესი ტრიბუნიდან საუბრისა, დონალდ ტრამპმა ამ თემაზე პირისპირი შეხვედრა გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან. მათ შორის გამართულ სხვა წინა აუდიენციებისგან ეს დიდად გამორჩეული არ იყო და კვლავ შემოიფარგლებოდა შტატების პრეზიდენტის სიტყვებით, რომ „გაუმართლებელი ომი“, რომელიც „უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს“ დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
მედიის წარმომადგენლებმა ტრამპს გაუხსენეს გასულ წელს გაეროში ნათქვამი, რომლის მიხედვითაც ის ფიქრობდა, რომ უკრაინა შეძლებდა ამჟამად მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, თუმცა შტატების პრეზიდენტმა ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა:
„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა არ მინდა ვთქვა, კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც. ვფიქრობ, რაღაც აუცილებლად მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ძალიან კარგი მებრძოლები არიან. ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ საკუთარი თავით. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ ისინი ძალიან უნარიანი ადამიანები არიან. ძალიან ძლიერი და უნარიანი ხელმძღვანელობა ჰყავთ“.
ამ შეხვედრაზე თეთრი სახლის ლიდერისგან გაისმა ის გზავნილებიც, რომლებსაც მანამდე ის მედიასთან აჟღერებდა ან საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე წერდა - ეს კი შეეხება რუსულ ენერგოსექტორზე დარტყმების შეწყვეტას, რადგან, ტრამპის სიტყვებით, უკრაინული იერიშები გლობალურად იწვევს „დიზელის ფასების ზრდას“.
„ეს რუსებისთვის სერიოზული დარტყმაა. ეს ასევე სერიოზული დარტყმაა დიზელის ფასზე. დიზელის საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა, მაგრამ ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. თუმცაღა, არა - ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული დარტყმაა, განსაკუთრებით რუსეთისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მზად არის, შეწყვიტოს რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიტანა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვიც იმავე გზას მიმართავს და არც სამოქალაქო ობიექტებს დაესხმება თავს. მისივე განცხადებით, კიევს და ვაშინგტონს სურთ, ომი „ზამთრის დადგომამდე“ დასრულდეს:
„დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის. ასევე, მადლობა თქვენი პირადი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის, როდესაც მათ ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ჯარედს და სტივსაც. ისინი ჩვენთან შეხვედრაზე იყვნენ, ჩვენს დედაქალაქში ჩამოვიდნენ და ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა.
საზოგადოება ძალიან გვიჭერს მხარს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში. ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ზამთრამდე. უკეთესი იქნება, თუ ზამთრამდე მოვასწრებთ.“
სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დასრულება მხოლოდ კიევზე ან ვაშინგტონზე დამოკიდებული არ არის. ამისთვის საჭიროა მოსკოვის მზაობა და სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები, ისე ევროპელი ლიდერები და ანალიტიკოსები.
მათი თქმით, კრემლის მზაობა ვერ შეფასდება ომის დასრულების მხოლოდ პუტინისეული პირობებით - ანუ იმ სცენარით, სადაც უკრაინის ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები, დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიის, ხერსონისა და ყირიმის ჩათვლით, სრულად გადადის მოსკოვის დაქვემდებარებაში, ხოლო კიევი თანხმდება უბლოკო სტატუსსა და სამხედრო კონტინგენტის შემცირებას.
ანალიტიკოსები ასევე მცდარს უწოდებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციის გაფრთხილებას უკრაინისადმი, რაც შეეხება ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებას.
რუსეთი, ფაქტობრივად, უწყვეტად ესხმის თავს უკრაინის ქალაქებსა და ოლქებს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მისი ძირითადი სამიზნე ხდება ენერგოსექტორი.
ასე, მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში რუსულმა საოკუპაციო არმიამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიით მომმარაგებელი სადგურები კიევსა და კიევის ოლქში, რის შედეგადაც თითქმის 20-გრადუსიან ყინვაში მოქალაქეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე რამდენიმე კვირით დარჩნენ.
მიმდინარე წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვლადიმერ პუტინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მის ნაცვლად ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა, შესაბამისად, ეს პლატფორმა ომში მყოფი ქვეყნებისა და შუამავალი სახელმწიფოს ლიდერების შესახვედრად გამოირიცხა.
მედიასთან საუბრისას, ტრამპმა ორაზროვნად უპასუხა შეკითხვას ფლორიდაში დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მასსა და პუტინს შორის შესაძლო პირისპირ კომუნიკაციაზე.
კვლავ ღიაა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის კიევისთვის გადაცემის საკითხი, ისევე როგორც მოსკოვის წინააღმდეგ მძლავრი სანქციების ამოქმედების თემა - ტრამპის თქმით, „ლინდსი გრემის კანონპროექტი“, რომელსაც მან გასულ უქმეებზე ხელი მოაწერა, „საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება“.
