კატეგორიები

რუსეთის ომი უკრაინული კულტურის წინააღმდეგ

რუსეთის ომი უკრაინული კულტურის წინააღმდეგ
გარდა იმისა, რომ მოსკოვის გაცხადებული მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, შეასუსტოს მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და კონტროლი დაამყაროს კიევზე, რუსული საოკუპაციო არმია არანაკლებ ნაბიჯებს დგამს უკრაინული ლიტერატურისა და განათლების სფეროების გასანადგურებლადაც.

რუსული რაკეტების და დრონების სამიზნეებადაა ქცეული გამომცემლობები და წიგნების საწყობები, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტირაჟს უშვებდნენ, ახლა კი მათ ადგილას ნანგრევები და ლიტერატურული ნაწარმოებების ფრაგმენტებიღა დარჩა.

კიევში მდებარე ერთ-ერთი საგამომცემლო ცენტრი სპეციალიზებული იყო მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე.

შესაბამისი აღჭურვილობა აღარ არსებობს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი განადგურდა სკოლებისთვის განკუთვნილი ათასობით წიგნი.

„ჩვენც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოვადგენთ, რადგან ვქმნით მომავალს. ვმუშაობთ განათლების სფეროში, კულტურის მიმართულებით, ვზრუნავთ ისტორიის შენარჩუნებაზე. ამის გარეშე არც ერთ ერს მომავალი არ აქვს. ამიტომ ეს უბრალოდ უკრაინელი ერის მიზანმიმართული განადგურებაა - განათლების, კულტურისა და ჩვენი მომავლის მეშვეობით“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინული გამომცემლობის დირექტორი ვიქტორია ჰაიდაი.

„სამუშაო დღე იყო, თავდასხმა დღისით მოხდა და ყველაფერი იწვოდა. ლითონი დნებოდა, რკინაბეტონის კონსტრუქციებიც კი. ეს განზრახ გაკეთდა - უკრაინაში წიგნების ლოგისტიკის ყველაზე დიდი ჰაბის გასანადგურებლად... გვესმის, რომ ომია და ყველა ბიზნესი ზარალდება, მაგრამ წიგნის ბიზნესი განსხვავებულია. რა გვჭირდება? სამი რამ.

პირველი - შეღავათიანი კრედიტი და დაზღვევა. მეორე - წიგნის ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის აღდგენა. და მესამე - კითხვისა და წიგნების მიმართ მოთხოვნის სტიმულირება“, - ამბობს ვიქტორ კრუგლოვი, გამომცემლობა Ranok-ის რედაქტორი.

გამომცემლობების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი გათვლები აჩვენებს, რომ მხოლოდ საბეჭდი დაზგის აღდგენას 1 მილიონ 200 000 ევრო დასჭირდება, სრული დატვირთვით მუშაობის აღდგენას კი 4-დან 5 წლამდე.

რუსული იერიშები ასეთი ტიპის ობიექტების მიმართულებით საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს და გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა ექნება ახალ თაობებზე, რადგან თუკი ჩვეულებრივ სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და აკინძვას 3-4 თვე მაინც სჭირდება, ახლა ეს პროცესი, შესაძლოა, ერთ წლამდე გაიწელოს, შესაბამისად, გაიწელება მათი სკოლებისთვის ჩაბარების ვადებიც.

ამჟამად უკრაინის საგამომცემლო ინდუსტრია ისტორიის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის. კიევში ღიად ამბობენ, რომ მოსკოვი მათ წინააღმდეგ კულტურულ ომსაც აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც დანგრეული ან დაზიანებულია 5 000-მდე ტაძარი, ეკლესია, მუზეუმი და თეატრი, ხოლო ხელოვნების 35 000 ნიმუში გამქრალია.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის ომი უკრაინული კულტურის წინააღმდეგ კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას