„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუპერინტელექტის – SI-ის ახალ სამყაროში“ – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას წარმოთქვა და მსოფლიოს ამცნო, რომ ხელოვნურ ინტელექტს სახელწოდებას უცვლის. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დოკუმენტში AI SI-ით ჩანაცვლდება და იმედს გამოთქვამს, რომ ამ „უფრო ზუსტ“ ტერმინს, მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებენ.
მანვე მსოფლიო ლიდერების წინაშე საუბრისას განმარტა, რომ სიტყვა ხელოვნური ტექნოლოგიას „ყალბად“ წარმოაჩენს. „სუპერინტელექტი“ კი ბევრად უფრო „უკეთესი“ და „ზუსტია“.
ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის კონტროლისთვის გლობალური მექანიზმის შექმნის ნებისმიერ მცდელობას ვაშინგტონი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, შეიქმნას გლობალისტური სქემა ხელოვნური ინტელექტის კონტროლისთვის, რომელზეც ახლა ამდენს საუბრობენ. ამიერიდან მას ოფიციალურად სუპერინტელექტს ვუწოდებთ. სახელწოდებას ვცვლით. სიტყვა „ხელოვნური“ ინტელექტს ყალბად წარმოაჩენს, თითქოს იგი ყალბია, არადა არ არის. პირიქით, ის მართლაც საოცარია. თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. სინამდვილეში, ის იმის საპირისპიროა, რადაც ეს ტერმინი წარმოაჩენს. ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დოკუმენტში, და იმედი მაქვს, მსოფლიოს მასშტაბითაც, ბევრად უფრო ზუსტი ტერმინი იქნება გამოყენებული – „სუპერინტელექტი“, ნაცვლად „ხელოვნურისა“. ასე რომ, ეს სუპერინტელექტია. სხვა სიტყვებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუპერინტელექტის – SI-ის ახალ სამყაროში. ვნახოთ, როგორ იმუშავებს. ეს ბევრად უკეთ ჟღერს, ბევრად უკეთესია და ბევრად უფრო ზუსტია. ვნახოთ, მაქვს თუ არა ძალაუფლება. შესაძლოა მაქვს, შესაძლოა არა. ამას მალე გავიგებთ. სუპერინტელექტი. ყოველ მნიშვნელოვან ახალ ტექნოლოგიას მოაქვს გამოწვევები და სუპერინტელექტი გამონაკლისი არ არის. თუმცა ზუსტად ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ გლობალური დათბობის გამო 12 წელიწადში ყველანი დავიხოცებოდით – სახელწოდება კი მოგვიანებით კლიმატის ცვლილებად შეიცვალა, რადგან პლანეტა დათბობის ნაცვლად ცივდებოდა, და არავინ მომკვდარა – ახლა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს, რომ რობოტები თავს დაგვესხმებიან და სრული კატასტროფა მოხდება. ეს ხალხის იგივე ჯგუფია. ეს ის ჯგუფია, რომელმაც მოიგონა „რუსეთი, რუსეთი, რუსეთის“ ფარსი, „უკრაინა, უკრაინა, უკრაინის“ ფარსი, კლიმატის ცვლილება, ღია საზღვრები. ეს უნდა გახსოვდეთ: გაიმარჯვებს ის, ვინც SI-ის, სუპერინტელექტის რბოლაში გაიმარჯვებს. ჩვენ ახლა ჩინეთს, და ყველა სხვასაც, დიდი უპირატესობით ვუსწრებთ, და ასეც გავაგრძელებთ. ამას ძალიან, ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ გავაგრძელებთ. მე არ ვაპირებ ისეთი რამის განვითარება შევაფერხო, რაც ინდუსტრიულ რევოლუციაზე მნიშვნელოვანი იქნება – როგორც ბევრი ამბობს, ინდუსტრიულ რევოლუციაზე ან თვით ინტერნეტზე მნიშვნელოვანიც კი.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიცა თუ არა ოფიციალური ბრძანება ხელოვნური ინტელექტის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.
გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე 20-ზე მეტმა, ძირითადად ევროპულმა ქვეყანამ, მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, ხელოვნური ინტელექტი ადამიანების „ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს“. დოკუმენტი გლობალური ზედამხედველობის სისტემის შექმნის წინადადებასაც მოიცავს.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანმა ქვეყნებმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
