კატეგორიები

პუტინის პარტია 450-ადგილიან დუმაში ოპონენტებს მხოლოდ 95 მანდატს უტოვებს

პუტინის პარტია 450-ადგილიან დუმაში ოპონენტებს მხოლოდ 95 მანდატს უტოვებს
რუსეთის 450-ადგილიან პარლამენტში ვლადიმერ პუტინის პარტიამ, „ედინაია რასიამ“ 355 მანდატი მოიპოვა და 2016 წელს დამყარებული რეკორდი 12 პუნქტით გაიუმჯობესა, რითაც თავის ისტორიაში უდიდესი ფრაქციის ჩამოყალიბებას ახერხებს - ასეთია რუსული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი ოფიციალური შედეგები, რომლებიც, დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება და საბოლოო ოქმშიც ეს მონაცემები აისახება.

პუტინის პარტიის გამარჯვება არავისთვის ყოფილა სიახლე და მოულოდნელობა - არც მისი მოწინააღმდეგეებისთვის და, მით უმეტეს, არც მხარდამჭერებისთვის, თუმცა კენჭისყრის შედეგად აღებული პროცენტული მაჩვენებლები და საპარლამენტო მანდატები მაინც ბადებს კითხვის ნიშნებს ანალიტიკოსებს შორისაც.

საგულისხმოა, რომ თავად კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი კვლევითი ორგანიზაციების მონაცემები აჩვენებს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კლებადია, უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ თავად პუტინის აწ უკვე ყოფილი მხარდამჭერებიც, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე.

ოპოზიციური გამოცემის, „ნოვაია გაზეტა ევროპას“ თანახმად, თუკი მონაცემები ელექტორალური ანალიტიკოსისა და ფიზიკოსის, სერგეი შპილკინის მეთოდით დაითვლება, ფალსიფიცირების გარეშე „ერთიანი რუსეთი“ ხმათა მხოლოდ 34%-ს მიიღებდა, რაც არსებულ მაჩვენებელზე 1.7-ჯერ ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სათათბიროში დარჩენილი 95 ადგილი სხვა პარტიებზე გადანაწილდა, ეს სულაც არ გულისხმობს მწვავე პოლიტიკურ ოპონირებასა და პუტინის პარტიის კრიტიკას.

ზოგადად, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტი მეტნაკლებად ერთ ხედვას იზიარებდა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავება მხოლოდ სოციალური პირობების მსუბუქ კრიტიკაში იყო და სწორედ ეს იქცა მიზეზად, რის გამოც რუსულმა ცესკომ ისინი ბიულეტენზე დატოვა - განსხვავებით ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი პარტია „იაბლოკოსგან“, რომელიც ამომრჩევლებს მხოლოდ ერთმანდატიან ოლქებში დახვდა, საკანონმდებლო საქმიანობას კი მათი კანდიდატი მხოლოდ ნოვგოროდში შეუდგება.

„ე.წ. „დუმის არჩევნები“ რუსული დემოკრატიისთვის მორიგი მნიშვნელოვანი უკანდახევა აღმოჩნდა. მათი შედეგი თავიდანვე ეჭვგარეშე იყო.

კრემლმა ჩაახშო განსხვავებული აზრი, არჩევნებზე არ დაუშვა ერთადერთი რეგისტრირებული პარტია, რომელიც უკრაინაში მის ომს ეწინააღმდეგებოდა, ხოლო საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცა.

რუსეთში დემოკრატიისგან მხოლოდ მისი ფასადიღა დარჩა“, - დაწერა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

აგრესორ სახელმწიფოში გამართულ კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურნენ უკრაინაში, სადაც რუსული არჩევნების მონაცემები საერთოდ არ გაჰკვირვებიათ.

„უბრალო ადამიანის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, გვესმის, სინამდვილეში როგორია არჩევნები დიქტატურაში. ეს თანამედროვე ფარსია, რომელიც არჩევანის არსებობის ილუზიის შესაქმნელად არის გათვლილი.

ასე იყო წარსულში, ასეა დღეს და, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. წლიდან წლამდე ისინი გაბერილ შედეგებს აჩვენებენ, სადაც წინასწარ შერჩეული კონკრეტული პარტია იმარჯვებს.

სინამდვილეში, ეს არჩევნები საერთოდ არ არის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი საკმაოდ კომიკურადაც კი გამოიყურება. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ფოტოები და სხვა მასალები, მაგრამ კულისებს მიღმა, ჩემი აზრით, რეალური არჩევანი საერთოდ არ არსებობს“, - ამბობს კიევის მცხოვრები სერჰეი როსი.

რუსეთის ცესკოს მონაცემების მიხედვით, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებში“ ვლადიმერ პუტინის პარტიამ იმაზე მაღალი შედეგები მიიღო, ვიდრე ფრონტის ხაზიდან დაშორებულ რუსულ ოლქებში.

„ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები უკრაინის მოქალაქეები არიან და მათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან ან არჩევნებთან. ეს ტერიტორია დროებით არის ოკუპირებული და ოკუპანტებს იქ მცხოვრები ადამიანების იძულების არანაირი უფლება არ აქვთ“, - ამბობს კიევის მცხოვრები ლარისა კოიკოვა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ კენჭისყრის შედეგებს „ფარსი“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ კიევი ლეგიტიმურად არ ცნობს.

დაკავშირებული ამბები
პუტინის პარტია 450-ადგილიან დუმაში ოპონენტებს მხოლოდ 95 მანდატს უტოვებს რუსეთის არჩევნები პუტინისთვის სასურველი შედეგით