კატეგორიები

ულტრამემარჯვენე AfD დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერი წლის ბოლომდე გადადგება

ულტრამემარჯვენე AfD დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერი წლის ბოლომდე გადადგება
ფრიდრიხ მერცის მთავრობაში, ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგად გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის გერმანიის სტაბილურობას - ის, რასაც უკვე მრავალი წელია, ქვეყანა ყველაზე მეტად აფასებს.

კანცლერის პოპულარობის რეიტინგი მხოლოდ 13%-ს შეადგენს, ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ თანამდებობაზე მყოფთა შორის მას შემდეგ, რაც დაიწყო მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება.

საგულისხმოა რეიტინგის კლების ტენდენციაც, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მერცის წინამორბედებს შორის.

ბუნდესკანცლერისთვის შექმნილი ასეთი რთული მდგომარეობით სარგებელს მხოლოდ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნახულობს, რომელიც დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებით ბერლინში 20 სექტემბრის კენჭისყრისას დაფიქსირებული შედეგები განსაზღვრავს გერმანიის მომავალს და მათ პარტიას მოიყვანს ქვეყნის მართვის სადავეებთან.

„როგორც „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ჩვენ მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში გამართულ არჩევნებში შესანიშნავი შედეგები მივიღეთ. განსაკუთრებით ბერლინში - იმის გათვალისწინებით, რომ „მემარცხენე პარტიამ“, ფაქტობრივად, მთელი ეს პოლიტიკური ბანაკი საკუთარ თავში გააერთიანა, აქ 16%-ის მიღება გამორჩეული შედეგია. ბერლინში ძალიან მკაფიო ტენდენცია იკვეთება - ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ჩავანაცვლებთ.

ეს რეგიონულ არჩევნებში ჩვენ მიერ ზედიზედ მოპოვებული მეორე გამარჯვებაა, რაც, რა თქმა უნდა, როგორც პარტიას, ძალიან გვახარებს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ჩავანაცვლეთ როგორც „სახალხო პარტიამ“, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი ფედერალურ პარლამენტში... ახლა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ უნდა გადაწყვიტონ, როგორ სურთ მოქმედების გაგრძელება“, - განაცხადა AfD-ის ლიდერმა, ალის ვაიდელმა.

ულტრამემარჯვენე პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ ფრიდრიხ მერცი არსებულ წნეხს ვერ გაუძლებს და წლის ბოლომდე დატოვებს კანცლერის თანამდებობას, რასაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, თავად გერმანიის ლიდერი უარყოფს და პირიქით - აცხადებს, რომ არ მისცემს რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას:

„ეს არჩევნები ღრმა გარდატეხის მომენტია. „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ ეს დრამატული და უპრეცედენტო შედეგია - ჩვენ ვერ შევძელით 5%-იანი ბარიერის გადალახვა და მთელი ჩვენი რეგიონული საპარლამენტო ფრაქცია რეგიონული პარლამენტიდან გავიდა. ეს მძიმე დარტყმაა და მისი შედეგები ჩვენზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს. ამ შედეგების შესახებ დიდხანს მოგვიწევს მსჯელობა.

ვიცი, რომ ამ რეგიონულ არჩევნებში - როგორც ორი კვირის წინ საქსონია-ანჰალტში, ისე ახლა, კიდევ ორ ფედერალურ მიწაზე - ფედერალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემი პიროვნული ფაქტორიც.

თუმცა, არჩევნების შედეგები და ამ შედეგების მიზეზები მხოლოდ ჩემით არ შემოიფარგლება. ვხედავთ გერმანიაში პოლიტიკური პარტიების სისტემის ღრმა ცვლილებას, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში.“

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცს ადანაშაულებს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში, რაც ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის რთული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას - ეკონომიკის, რომელიც ახლო წარსულშიც კი ითვლებოდა ევროპის ფინანსურ ლოკომოტივად. ოპონენტების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ბერლინის საიმიგრაციო პოლიტიკა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა სრულიად გერმანიის უსაფრთხოება.

AfD-ში აცხადებენ, რომ უკვე დიდიხანია, პოლიტიკური ცვლილებების დრო დადგა.

ასე ფიქრობენ ანალიტიკოსებიც, თუმცა არა ისე ხისტი მიდგომით, როგორც ულტრამემარჯვენე პარტიაში.

ექსპერტების შეფასებით, არჩევნებში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ ფრიდრიხ მერცს გაუჭირდება კანცლერის თანამდებობის შენარჩუნება და იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც მან 16 თვის წინ გასცა - მით უმეტეს, რომ, მათი აზრით, გერმანული საზოგადოება დაშვებულ შეცდომებს პოლიტიკოსს აღარ აპატიებს.

ამავე დროს, ანალიტიკოსების განცხადებით, ახლა ზუსტი პროგნოზის გაკეთება გერმანიის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რთულია.

„ჩვენ განსაკუთრებით რთულ ვითარებას ვხედავთ, მით უმეტეს ბერლინში, სადაც ასეთი რთული მდგომარეობის ფონზე, რეალურად არავინ იცის, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

ისეთი პარტია, როგორიცაა „მემარცხენე პარტია“, პირველად შედის პარლამენტში. „ქრისტიან-დემოკრატები“ კი, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ნაწილში, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ნიშურ პარტიად ქცევის რისკის წინაშე დგანან. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ.

ის ფაქტი, რომ AfD კონსერვატიულ ფრთაზე ასეთი დიდი გავლენით დომინირებს, ძალიან სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანია.

მეორე მხრივ, შესაძლოა, მეკლენბურგ-წინა პომერანიიდან წამოსული ეს დინამიკა იმედის მცირე სხივს იძლეოდეს. როგორც მანუელა შვესიგმა აჩვენა, შესაძლებელია პოზიციების შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD ძალიან ძლიერ ძალად იქცა“,- ამბობს ალბრეხტ ფონ ლუკე, პოლიტოლოგი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისა და ევროპის ბევრი სხვა სახელმწიფოს ამომრჩევლებმა დაიწყეს ტრადიციული მემარცხენე-ცენტრისტული ან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების მხარდაჭერა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია კონკრეტულმა გარემოებებმა შეცვალეს.

ამომრჩევლებმა დაიწყეს აქცენტირება ეკონომიკურ მომავალზე, რომელიც მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც ბუნდოვანი გახდა, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვეღარ შეძლეს მოლოდინების გამართლება და დაპირებების შესრულება.

მოქალაქეთა უკმაყოფილება განსაკუთრებით მზარდი გახდა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც მათ თვალწინ ვითარდებოდა შემდეგნაირი სცენარი - ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იყო მსხვილი ბანკების გაკოტრებისგან გადარჩენა, თუმცა პარალელურად მკვეთრად მცირდებოდა ცხოვრების ხარისხი.

ვითარების გართულების შემდგომი ტალღა 7 წლის შემდეგ დადგა - საიმიგრაციო კრიზისის გამწვავების ფონზე, შემდგომ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენა უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ.

დაკავშირებული ამბები
ულტრამემარჯვენე AfD დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერი წლის ბოლომდე გადადგება გერმანიის კანცლერი კიდევ ორ ფედერალურ მიწაზე განცდილ მარცხს „კატასტროფას“ უწოდებს