კატეგორიები

უდაბნოს საიდუმლოება - უზბეკეთის ტრადიციული ბუნება და ცხოვრების წესი

უდაბნოს საიდუმლოება - უზბეკეთის ტრადიციული ბუნება და ცხოვრების წესი
საუკუნოვანი ციხესიმაგრეები, წმინდა სალოცავები და ადამიანის მიერ ათვისებული სტეპები ცხადად აჩვენებს, თუ როგორ შეეგუა ხალხი ცხოვრებას უზბეკეთის უდაბნოებში, სადაც გადარჩენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი წყალი იყო.

უზბეკეთის უდაბნოში შემონახულია ანტიკური ხანის ძეგლები და საკრალური მონუმენტები, ასევე ცხოვრობს ხალხი, რომლის ცხოვრების წესსაც წყლის დეფიციტი განსაზღვრავს. მოგზაურობას ჩრდილო-დასავლეთ ყარაყალპაკეთის რესპუბლიკიდან ვიწყებთ.

ერთი შეხედვით, უდაბნო ჩუმია და უსაზღვრო. მაგრამ სინამდვილეში მის გაშლილ სივრცეში  მიმოფანტულია უძველესი ქალაქების, საკულტო ნაგებობებისა და ციხესიმაგრეების ნაშთები, რომლებიც აქ ერთ დროს განვითარებული ცივილიზაციის ამბავს მოგვითხრობს.

აქჩახან-ყალას  ციხესიმაგრეში, რომელიც უძველესი ხორეზმის ეპოქაშია აშენებული, ჯერ კიდევ შემორჩენილია ციხესიმაგრის კედლები, საკულტო ნაგებობები, სასახლისა და ტაძრის კომპლექსი.

„ეს არქეოლოგიური ძეგლი 56 ჰექტარს მოიცავს,“ - ამბობს სერიკ ბაიბოსინოვი, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „აქ გათხრებს აწარმოებდნენ ყარაყალპაკეთელი და ავსტრალიელი არქეოლოგები. შედეგად მათ აღმოაჩინეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი,  საკულტო მოედანი და სასახლე. დღეს არქეოლოგიურ გათხრებს აგრძელებენ არქეოლოგები ყარაყალპაკეთიდან და ჩინეთიდან. დაწყებულია სამუშაოები, რათა აქჩახან-ყალას ციხესიმაგრეში -  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ღია მუზეუმი გაკეთდეს“.

გათხრების შემდეგ მკვლევრებმა სულ სხვა კუთხით დაინახეს ძველი ხორეზმის  ხელოვნება და რელიგიური ცხოვრება.

„ამ ადგილზე 30 წელზე მეტია არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც იპოვეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი,“ - განმარტავს ვადიმ იაგოდინი, მკვლევარი. „ქალაქის ზედა ნაწილი 44 ჰექტარს იკავებს. სამი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მასიური საფორტიფიკაციო კედლები. ქალაქის ცენტრში კი დგას  საოცარი ნაგებობა:  ცეცხლთაყვანისმცემელთა დიდი ტაძარი. მისი არქიტექტურა და ზოგადი დიზაინი გვაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, აქ ერთ დროს ზოროასტრიზმის ერთ-ერთი ცენტრი იყო“.

აქჩახან-ყალას ციხესიმაგრიდან ყარაყალპაკეთის უდაბნოში განმარტოებით მდგარი ნაგებობისკენ მივემართებით, რომელიც ზემოდან დაჰყურებს ნახევარუდაბნოს. ჩილპიკ-დაჰმა   დგას, როგორც შუა აზიის ძველთაძველი რელიგიური ტრადიციის სიმბოლო. ეს საძვალე კოშკი ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ზოროასტრული რიტუალების აღსრულების თვალსაზრისით მთელ რეგიონში. ამ „სიჩუმის კოშკის“ ირგვლივ, რომელიც ორი ათას წელზე მეტს ითვლის, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა.

„ზოროასტრიზმის პერიოდში ამ ადგილას გასვენების რიტუალები სრულდებოდა,“ - ამბობს ვადიმ იაგოდინი, მკვლევარი. „ცხედარს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ასვენებდნენ და ერთი წელი ტოვებდნენ, რის შემდეგაც მხოლოდ ძვლები რჩებოდა, რომელთაც აგროვებდნენ და სპეციალურ ჭურჭელში-ოსუარიუმში ათავსებდნენ. რამდენადაც ვიცი, ამ ადგილას არ არის ნაპოვნი ოსუარიუმი. და სად მიჰქონდათ ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ ვიცით.“

ჩვენ გზა ახლა ჯიზახის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე მირზაჩულის სტეპისკენ უხვევს, რომელსაც ერთ დროს „მშიერ სტეპს“ უწოდებდნენ და რომელიც ირიგაციის წყალობით აითვისეს.

„აქ ერთი თუ ორი სახლი იდგა, რის გამოც ამ ადგილს „ღია სტეპი“ დაარქვეს“, - განმარტავს ბოზორგულ ხალიკოვა, ადგილობრივი მცხოვრები. „ისეთი გაუსაძლისი ადგილი იყო, რომ ჩიტი ფრთას იწვავდა და ადამიანი - ფეხს. მაგრამ დროთა  განმავლობაში აქაურობა თანდათან აყვავდა და განახლდა“.

არხების გაჭრამ მიწა სრულიად გარდაქმნა. ფერმები და სოფლები გაჩნდა და საბოლოო ჯამში ერთი ჭის ირგვლივ მთელი სოფელი ოქტომი  აღმოცენდა.

„აქ ადრე მხოლოდ ერთი სახლი იდგა და ერთი ჭა იყო. 1950-60-იან წლებში დაიწყეს უდაბნოს ათვისება“, -ამბობს შერალი ტილაევი, ოქტომის სამოქალაქო კრების თავმჯდომარე.

 ბოლოს, ჩვენი გზა სამხრეთით სურხანდარიის ოლქისკენ მიდის. ყატაყუმის ნახევარუდაბნოს  ქვიშის უსასრულო დიუნებს თუ გახედავ, იფიქრებ, რომ ამ რეგიონში ცხოვრებას მკაცრი ლანდშაფტი განსაზღვრავს. მაგრამ დიუნების იქით სულ სხვა სურხანდარია დაგხვდებათ, ადგილი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ტრადიციებითა და საზოგადოებით იწონებს თავს.

„ყატაყუმს უმჯობესია ნახევარუდაბნო ვუწოდოთ და არა ნამდვილი უდაბნო, ყარაყუმისა და ყიზილყუმის უდაბნოებისგან განსხვავებით,“ - განმარტავს შუხრატ იბრაგიმოვი, სურხანდარიის ოლქის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი. „ამიტომ აქ მცენარეული საფარიც მეტია. თუმცა დაახლოებით 15 წლის წინ აქ  მცენარე საერთოდ არ ხარობდა. წყლის გარეშე  თერმეზის მთელი ტერიტორია ასეთი იქნებოდა.“

თერმეზის შემოგარენში ავღანეთიდან მონაბერ სეზონურ ქარებს ქალაქისკენ ქვიშა მოაქვთ, რომელიც დღემდე პრობლემებს უქმნის ქალაქის ყოველდღიურ ყოფას.

„აქ ტიტებიც ხარობს,“ - ამბობს შუხრატ იბრაგიმოვი, სურხანდარიის ოლქის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი. „მათი ყვავილობის სეზონზე ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც შეუძლიათ, დატკბნენ ტიტების სილამაზით. ტურისტები ხშირად გვთხოვენ ამ არემარეში აქლემებით გასეირნებას“.

უზბეკეთის ხრიოკ ტერიტორიაზე თავის გატანა ყოველთვის შეგუების უნარზე იყო დამოკიდებული. ანტიკურ პერიოდში ხალხმა ქალაქები და სალოცავები ააგო, მოგვიანებით ადგილობრივი მოსახლეობა ჭისა და ირიგაციის იმედად იყო. აქაურების ცხოვრებას დღესაც წყალი, ქარი და მცენარეული საფარი განსაზღვრავს.

ავტორი: რუშანაბონუ ალიაკბაროვა

დაკავშირებული ამბები
უდაბნოს საიდუმლოება - უზბეკეთის ტრადიციული ბუნება და ცხოვრების წესი წყლის კვალი აბრეშუმის გზაზე - უზბეკეთის მდინარეები, ჩანჩქერები და ისტორიული წყალსაცავები