უზბეკეთში მთის მდინარეების, ჩანჩქერებისა და საუკუნოვანი წყალსაცავების ადგილმდებარეობა უძველესი დროიდან განსაზღვრავდა, თუ სად დასახლდებოდა ადამიანი, სად განვითარდებოდა ვაჭრობა და ტურიზმი. უზბეკეთის წყლის რესურსებით დაინტერესებული ტურისტი ქვეყანას სულ სხვა კუთხიდან დაინახავს.
წყალი ყოველთვის განსაზღვარვდა, თუ რა ადგილს აირჩევდა ადამიანი სამოსახლოდ დღევანდელი უზბეკეთის ტერიტორიაზე, ან სად იმოგზაურებდა თუ ივაჭრებდა. ჩვენი მოზგაურობა კი დედაქალაქიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე იწყება - ტაშკენტის რეგიონში, სადაც მდინარე უგამი დასავლეთ ტიან-შანის კალთებზე მიიკლაკნება.
მდინარე უგამი, რომელიც დასავლეთ ტიან-შანის მთისწინეთში მოედინება, უზბეკეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის არტერიაა მთაში. ეს მდინარე, რომელსაც ნადნობი თოვლი და ნაკადულები ასაზრდოებენ, ადგილობრივი ეკოსისტემის, სოფლის მეურნეობისა და დასახლებების განვითარებას უწყობს ხელს, თანაც მრავალ ტურისტს იზიდავს თავისი ანკარა წყლითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ბევრი ქალაქელი სწორედ აქ მოდის განტვირთვის მიზნით, თუმცა ეს მდინარე, პირველ რიგში, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მთის მდინარეები ზოგადად მთელი რეგიონის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
მდინარე უგამი, რომელიც ყაზახეთში იღებს სათავეს, წყლით ამარაგებს თავისი კალაპოტის გასწვრივ არსებულ დასახლებებს. ბოსტანლიქის რაიონი კი მისი წყალობით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვარს.
„მდინარე უგამის გასწვრივ ნახავთ სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზებს, სპეციალურ გამაჯანსაღებელ კომპლექსებს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, დაისვენონ,“ - ამბობს რავშან თემიროვი, ადგილობრივი გიდი. „მოწყობილია სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც ბუნებაში გასული ადამიანი საჭმელსაც კი მოამზადებს.“
მაღალმთიან სოფელ ნანაიში კი ერთი ჩანჩქერი ხიბლავს მნახველებს.
„ეს ჩანჩქერი დიდი ხნის წინ გააკეთა ხალხმა ერთიანი ძალით,“ - განმარტავს დილშოდ აშურმეტოვი, ადგილობრივი გიდი. „დაბლა სპეციალური მანქანებია გამოყოფილი, ასევე გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც ტურისტები ჩანჩქერთან უნდა მიიყვანონ და შემდეგ უკან დააბრუნონ. მოწყობილია გადახურული სივრცეები. გვინდა, ხალხმა დაისვენოს“.
აქედან სამხრეთით რამდენიმე საათის სავალზე ლანდშაფტი კიდევ ერთხელ იცვლება. ჯიზახის ოლქში მდებარე მთებში პირდაპირ კლდიდან გადმოჩქეფენ წყაროები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ასაზრდოებენ ნაკადულებსა და ჩანჩქერებს.
ჟაჰონგირ შუკუროვი, ბახმალის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი
„ჩანჩქერს ის წყაროები ასაზრდოებენ, რომლებიც კლდის თავზე ერთდებიან და გადმოჩქეფენ,“ - ამბობს ჟაჰონგირ შუკუროვი, ბახმალის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელი. „ეს ნაკადულები ზამთარშიც არ იყინებიან. ზაფხულში კი ყოველთვის ცივია მათი წყალი“.
ჯიზახის ოლქში მთებში მიმალული ყიზილსუვის ჩანჩქერი უზბეკეთის სრულიად განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს. კლდეებითა და მწვანე საფარით გამორჩეული ეს მხარე სულ უფრო მეტად იზიდავს ლაშქრობისა და ბუნების მოყვარულთ, რომლებიც ცდილობენ, ზაფხულის სიცხეს გაერიდონ.
მკვლევრებმა აქაურ ნაკადულებში რკინის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, ადგილობრივი მთავრობა კი ცდილობს, ტურიზმის განვითარების ისეთი გზები იპოვოს, რომ აქაური ტყე არ დაზიანდეს.
„გვაქვს პროექტი, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ტურისტები, სად გამოვუყოთ დასაბანაკებელი და დასასვენებლი ადგილები,“ - განმარტავს აკბარჟონ ხოლბორტაევი, ბახმალის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის მთავარი ინჟინერი. „ჩავატარეთ კვლევა, აქური წყალი ლაბორატორიებში გავგზავნეთ. აღმოჩნდა, რომ ყიზილსუვის წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას. რაკი რკინის ნაკლებობა გარკვეულ დაავადებებს იწვევს, ამ წყალს ასეთი დაავადებების პრევენციის მიზნით იყენებენ, რათა რკინის რაოდენობა სასურველ დონეზე შეინარჩუნონ“.
თუმცა მრავალი ადამიანი აქ მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ უბრალოდ ბუნებით დატკბეს.
„აქ პირველად ვარ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ წყალი ძალიან სუფთა, კამკამა და რბილია“, -ამბობს ადგილობრივი ტურისტი ნარგიზა ოქილოვა.
ჩვენი ბოლო გაჩერება ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბუხარაა. მთის მდინარეებისგან განსხვავებით, აქ წყალს აგროვებდნენ და ინახავდნენ.
როდესაც აბრეშუმის გზაზე ვფიქრობთ, ხშირად გონებაში თვალუწვდენელ უდაბნოში გამწკრივებული ქარავნები წარმოგვიდგება. მაგრამ სინამდვილეში მოგზაურობა მხოლოდ ასეთი ადგილების წყალობით იყო შესაძლებელი. ასეთმა უძველესმა „ჰაუზებმა“- წყალსაცავებმა - ბუხარა აყვავებულ ოაზისად აქცია, რომელიც არწყულებდა მგზავრებს, ხელს უწყობდა ვაჭრობასა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.
ერთ-ერთი ასეთი წყალსაცავია ლაბი ჰაუზი. დიდი ქვით მოპირკეთებული აუზის ირგვლივ მე-17 საუკუნის დასაწყისში აშენებული კომპლექსი თანდათან ბუხარის ყველაზე საქმიან სახალხო მოედნად იქცა.
„ვიცით, რომ ბუხარა ყიზილყუმის უდაბნოში მდებარეობს,“ - განმარტავს ისკანდერ ჰამროევი, ბუხარის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი. „აქ ძალიან ცხელა. ასეთი აუზი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო, სადაც ხალხს შეეძლო დაესვენა და ხეების ჩრდილში დამჯდარიყო“.
კიდევ ერთი შემორჩენილი რეზერვუარი ბუხარის არკის - ციხესიმაგრის წინაა. ბოლოჰაუზი ემირის რეზიდენციასა და მის შემოგარენში გაშენებულ სამთავრობო კვარტალს ამარაგებდა წყლით.
„ბოლოჰაუზი იმიტომ გააკეთეს, რომ წყალი სჭირდებოდათ,“ - ამბობს ისკანდერ ჰამროევი. „მიმდებარე უბნებისა და საცხოვრებელი კვარტლების მოსახლეობას წყალი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყოველდღე ესაჭიროებოდა“.
ყველა ადგილს, რომლებიც ჩვენი მოგზაურობის დროს მოვინახულეთ, ერთი საერთო აქვს: წყლის გარეშე იქაური ვერც ლანდშაფტი და ვერც მოსახლეობა ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის.
ავტორი: რუშანაბონუ ალიაკბაროვა
