რუსეთში გამართული სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი არც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის არ გამოდგა.
ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ მონაცემებს ორივე მხარე კარგა ხანსაა მიჩვეული, თუმცა წინასწარი ოფიციალური მაჩვენებლების თანახმად, მმართველ „ერთიან რუსეთს“, იმავე „ედინაია რასიას“ იმაზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, ვიდრე 2021 წლის კენჭისყრისას - უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.
არადა საერთაშორისო ექსპერტებისა თუ კრემლის მთავრობის კრიტიკოსების შეფასებით, ყველა სცენარის გათვალისწინებით, ეს მოცემულობა ვერ იქნება რეალობის ამსახველი, რადგან სამხედრო მოქმედებების დაწყებას შეეწინააღმდეგა ბევრი ისეთიც, ვინც მანამდე ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო.
შედეგად, რუსეთის სათავეში 26 წლის განმავლობაში მყოფი პრეზიდენტის პარტია სახელმწიფო სათათბიროში, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას შეინარჩუნებს, რისთვისაც 301 მანდატია საჭირო.
„ეს საარჩევნო კამპანია ნამდვილად უნიკალური და უკიდურესად დაძაბული იყო. ის ასევე კონკურენტული გახლდათ, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებოდით ჩვენს კოლეგებსა და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს. თუმცა, მთავარი დაძაბულობა იქ არ ყოფილა - არა პარტიებს შორის. ის ჩვენს მეტოქესთან დაპირისპირების წინა ხაზზე ვითარდებოდა.
ბოლო დღეებში მოწინააღმდეგემ ტიტანური ძალისხმევა გასწია, რათა არჩევნების შედეგები შეერყია, მაგრამ, როგორც სწორად ითქვა, ამან მხოლოდ ამომრჩევლების გაერთიანებას, ჩვენი ხალხის გაერთიანებას შეუწყო ხელი. სწორედ ეს არის, ალბათ, ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
„მოწინააღმდეგემ, კიევის რეჟიმმა - ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ჩაეშალა და ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი შეეცვალა. ეს განსაკუთრებით მოსკოვს ეხებოდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ათიათასობით დრონი იყო მიმართული მოსკოვის, მოსკოვის ოლქისა და ჩვენი რეგიონის მიმართულებით. მოწინააღმდეგე დარწმუნებული იყო, რომ მიზანს მიაღწევდა, თუმცა შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა: მოსკოვში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა.
რუსული ცესკოს ცნობით, ქვეყნის მეორე პოლიტიკურ ძალას გენადი ზიუგანოვის „კომუნისტური პარტია“ წარმოადგენს, მესამე და მეოთხე ადგილებს კი აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ და „ახალი ხალხის პარტია“ - ეს უკანასკნელი პოლიტიკური გაერთიანება მსუბუქად აკრიტიკებს კრემლის ხელისუფლებას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას ემხრობა მხოლოდ მოსკოვისთვის სასურველი სცენარით, თუმცა ეწინააღმდეგება ინტერნეტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ახალი მოწვევის პარლამენტში ჯერჯერობით ვერ შედის „სამართლიანი რუსეთის“ პარტია, რომლის საჩივრის საფუძველზეც ფედერალური არჩევნებიდან მოხსნეს პუტინის ხელისუფლებისადმი ხისტად განწყობილი და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება - „იაბლოკო“.
ამრიგად, კენჭისყრაში მონაწილე 10 პარტიიდან რუსეთის მოქალაქეებს რადიკალურად განსხვავებული არჩევანი არ ჰქონიათ, გარდა ერთმანდატიანი ოლქებისა, სადაც „იაბლოკოს“ კანდიდატები მაინც იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა, ცესკოს მონაცემებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებიან.
თავად ვლადიმერ პუტინი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ, პირადი კომპიუტერის დახმარებით მიიღო და ხმა 38 წამში დააფიქსირა, 18-20 სექტემბრის კენჭისყრის შედეგებს უწოდებს „რეფერენდუმს ომის მხარდაჭერის შესახებ“. მისივე სიტყვებით, არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რომ რუსი „მებრძოლების მიღმა მილიონობით ადამიანი დგას“, ხოლო რუსული საზოგადოება კვლავ ერთ მუშტადაა შეკრული.
მანვე ბრალი დასდო უკრაინას კენჭისყრის პროცესის ჩაშლის მცდელობაში. არჩევნების ფინალურმა დღემ მოსკოვში მართლაც ჩაიარა უპრეცედენტო იერიშების ფონზე. დრონების სამიზნედ იქცა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ჯამში კი რუსეთის მიმართულებით უკრაინამ 1 000-ზე მეტი დრონი გაუშვა.
რუსი ოპოზიციონერების ცნობით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ვლადიმერ პუტინის პარტიამ მარცხი განიცადა. ამავდროულად, კრემლის მთავარმა ოპონენტებმა, ილია იაშინმა და იულია ნავალნაიამ, რომლებიც წარმოადგენენ მოძრაობას „მშვიდობიანი რუსეთი“, მოქალაქეებს მოუწოდეს, ხმის მისაცემად 20 სექტემბერს შუადღის 12:00 საათიდან წასულიყვნენ, რათა დაეფიქსირებინათ ანტისაომარი პოზიცია, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გასაყალბებლად ნაკლები ბერკეტი დარჩენოდა.
რუსეთში უკვე წლებია, არჩევნები ფასადური ხასიათისაა - იქნება ეს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო კენჭისყრა. კანდიდატებს მოსახლეობისთვის სათქმელიც აღარაფერი აქვთ, რაც დადასტურდა კიდეც სახელმწიფო მაუწყებლების ეთერებში წინასაარჩევნო დებატებისას, როდესაც კანდიდატები სტუდიაში მოსვლით თავს არ იწუხებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, კანდიდატები სტუდიაში მოდიოდნენ, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებული საეთერო დროის უკუათვლა მათი დუმილის ფონზე მიმდინარეობდა.
კენჭისყრის პროცესს სხვა დარღვევებიც ახლდა თან, რასაც საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის შემთხვევაში უკვე არაერთხელ ხედავს. ამის დასტურია კრემლის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ჩატარებული დე ფაქტო არჩევნები, სადაც ბიულეტენის ყუთში ჩაგდებას შეიარაღებული სამხედრო პირები აკონტროლებდნენ.
მსგავსი პრაქტიკა და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება დაგმეს სადამკვირვებლო მისიებმა და ევროკავშირმა.
