ესპანეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RTVE-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ განაგრძობს ევროვიზიის ბოიკოტს 2027 წელსაც, რისი მთავარი მიზეზიც არის სიმღერის კონკურსში ისრაელის მონაწილეობა.
სამაუწყებლო კომპანიის პრეზიდენტმა, ხოსე პაბლო ლოპესმა „უაღრესად მტკივნეული“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინარჩუნებს შესაძლებლობას, კვლავ დარჩეს კონკურსის ფარგლებში, ვიდრე ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება.
მისივე თქმით, ესპანეთის ტელერადიოკომუნიკაციის დირექტორთა საბჭოს შესაბამისი განაცხადით მიმართავს, რათა დადასტურდეს მომდევნო წლის ევროვიზიიდან ესპანეთის ოფიციალურად გასვლა.
მადრიდი და პედრო სანჩესის ხელისუფლება „პროპალესტინურ კურსს“ ინარჩუნებენ და მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს ღაზის სექტორში და განვითარებულ მოვლენებს უწოდებენ „კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა“ და „გენოციდს“.
ესპანეთი ევროვიზიისთვის სერიოზული დანაკლისია, რადგან ის ფესტივალის ე.წ. „დიდი ხუთეულის“ წევრია. ეს არის დამფუძნებელი ქვეყნების სია, რომლებსაც გარდა პრივილეგიისა, ავტომატურად მოხვდნენ კონკურსის ფინალში, ამავდროულად, დიდი ფინანსური წვლილი შეაქვთ კონკურსის არსებობაში.
მსგავსი გადაწყვეტილება სექტემბერშივე მიიღეს ირლანდიამ და ნიდერლანდებმა, იმავე არგუმენტით, რომ კონკურსში მათი მონაწილეობა „ვერ იქნება გამართლებული ღაზაში განგრძობადი კატასტროფული ადამიანური დანაკარგებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, რომელიც უამრავი მშვიდობიანი ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლეს კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს“.
ამასთან, ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა მომდევნო წელს ევროვიზიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე, როგორც ეს მაისში სლოვენიამ გააკეთა და საეთერო დრო დაუთმო პალესტინელთა გენოციდის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბოიკოტი მეორე წელია, გრძელდება. ჯერჯერობით ევროვიზიაზე დაბრუნებას არ გეგმავენ არც ისლანდია და არც სლოვენია. 5 ქვეყნის დანაკლისით კონკურსი უკვე მეორე წელია, ტარდება.
წარსულში ევროვიზიას პოლიტიკური მიზეზებით ბოიკოტი კარგად ახსოვს - შორეულ 1975 წელს კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა საბერძნეთმა, თურქეთის დებიუტის გამო, მომდევნო წელს კი სცენარი საპირისპიროდ დატრიალდა. „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა“ და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მიზეზით, 2012 წელს ევროვიზიას ბოიკოტი სომხეთმა გამოუცხადა, რადგან მაშინ კონკურსს ბაქო მასპინძლობდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ახალი წესების შესახებ გამოაცხადა. ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში ან ისეთ „მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება“, რომელმაც შესაძლოა, კონკურსის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს.
დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ეს რეგულაცია პირდაპირ ეხებათ ისრაელსა და უკრაინას.
საგულისხმოა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, 2023 წელს უკრაინამ კონკურსის მასპინძლობა ვერ შეძლო და საორგანიზაციო საკითხები მეორეადგილოსან გაერთიანებულ სამეფოსთან გაიყო. მაშინ ფესტივალი ლივერპულში გაიმართა.
მომდევნო წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბურგასი 11, 13 და 15 მაისს უმასპინძლებს. ვენაში გამართულ საიუბილეო ფესტივალზე ბულგარეთს პირველი ისტორიული გამარჯვება მომღერალმა DARA-მ მოუტანა.
