კატეგორიები

კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას

კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას
Copyright AP

უკრაინის ხელისუფლება და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიესალმებიან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „ლინდსი გრემის კანონპროექტის“ მიღებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი სანქციების დაწესებას და რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, „პერსონალურ გავლენას მოახდენს თავად ვლადიმერ პუტინზეც“.

კიევში ამბობენ, რომ ეს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მიმართული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც კრემლს გამოაცლის ხელიდან შესაძლებლობას, აქტიურად აწარმოოს სამხედრო აგრესია როგორც უკრაინის, ისე ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ.

„ლინდსი გრემის კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზეწოლის გაძლიერების, მისი აგრესიის გაგრძელების საფასურის გაზრდისა და რუსეთის საომარი მანქანისთვის რესურსების შეზღუდვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამით არ გავჩერდეთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადამწყვეტი ნაბიჯი სხვა პარტნიორების მხრიდან გაძლიერებული ზეწოლის ახალი ეტაპის დასაწყისის სიგნალი გახდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ.

ომში მყოფი ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, მსგავსი შინაარსის კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს გარემოებას, რომ შეერთებული შტატების შუამავლობით შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა - ანუ რუსული აგრესიის შეკავება, რაც უახლოეს დღეებში განხილული იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე.

„უკრაინა მზად არის ამ ზავის დასადებად, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან მზადყოფნის ნიშნებს ვერ ვხედავთ. მივესალმებით ჩვენი პარტნიორების განსაკუთრებით კი ამერიკის ძალისხმევას, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, და გვჯერა, რომ აშშ-ის აქტიური ჩართულობით ეს რეალისტური მიზანია.

ვემზადებით პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრისთვის, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. ვფიქრობ, რომ ზავის მიღწევა შესაძლოა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყოს. საუბარია ზავზე, რომელიც მოიცავს როგორც ენერგეტიკის სექტორს, ისე შავ ზღვას - კონკრეტულად, ამ ორი მიმართულების ერთობლიობაში“, - განაცხადა სიბიჰამ.

კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი გულისხმობს რუსეთის ხელისუფლების წევრების სანქცირებას, მათ შორის პირადად პრეზიდენტ პუტინისა და რუსული არმიის სარდლობის. ის ასევე ვრცელდება კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებსა და სახელმწიფო საწარმოებზე. ყველა მათგანის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფინანსური აქტივების გაყინვა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში - სავიზო შეზღუდვების დაწესებაც.

გარდა ამისა, კანონპროექტის საბოლოოდ კანონად ქცევის შემთხვევაში, ის აწესებს 100%-მდე ტარიფს რუსული ნავთობის მსხვილ შემსყიდველ ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთზე.

კანონი კრძალავს აშშ-ში წარმოებული ენერგიის ან ენერგოპროდუქტის ექსპორტს, რეექსპორტს ან საქონლის რუსეთში ან აგრესორი ქვეყნის შიგნით გადაადგილებას, ასევე ამერიკელებს უკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში ან რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას და რუსეთის სახელმწიფო, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ან სახელმწიფოსთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას აშშ-ის საფონდო ბირჟებზე.

სწორედ ამ ჩანაწერების გამო, სანქციების ამ პაკეტს ანალიტიკოსები „ჯოჯოხეთურს“ უწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს შეზღუდვები „აქამდე უპრეცედენტოა“.

„ჩინეთი ყოველთვის აწარმოებდა ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას მსოფლიოს ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული არც ერთი მესამე მხარის წინააღმდეგ და არც ექვემდებარება მესამე მხარის ჩარევას ან იძულებას.

ყოველთვის ვეწინააღმდეგებით ე.წ. „გრძელვადიან იურისდიქციას“, რომელსაც არ გააჩნია საფუძველი საერთაშორისო სამართალში და რომელიც არ არის სანქცირებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ“, - განაცხადა გო ცზიაკუნიმ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

პროცედურის მიხედვით, კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება და დონალდ ტრამპის მხრიდან ხელმოწერის შემთხვევაში, ამოქმედდება.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს