რუსეთში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.
სანქტ-პეტერბურგში მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობიდან უკვე ჩამოხსნილია სახელმწიფო სიმბოლიკა. როგორც ცნობილია, ქვეყანა დატოვეს გერმანელმა დიპლომატებმაც და საკონსულოს თანამშრომლებმაც, რისთვისაც მათ კრემლის ხელისუფლებამ ვადა 18 სექტემბერი განუსაზღვრა.
ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები დაიძაბა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში მიმდინარე წლის 4 აგვისტოს მომხდარი დრონების ინციდენტის გამო, რაშიც ბერლინმა მოსკოვი დაადანაშაულა და მომხდარს „საბოტაჟი“ უწოდა.
ამ ნაბიჯს მოჰყვა „რუსული სახლის“ დახურვა - კულტურული ცენტრის, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა გერმანიის ტერიტორიაზე.
პასუხმა არც მოსკოვიდან დააყოვნა და კრემლმა ევროპული ქვეყნის „დასჯა“ გადაწყვიტა რუსეთის მასშტაბით არსებული გერმანული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების დახურვით, რომელთა შორის მოხვდა გოეთეს ინსტიტუტი.
მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი არანაირად არ არის დაკავშირებული რუსულ მხარესთან და ბერლინი ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ხოლო რუსეთისგან ცდილობს საერთაშორისო დონეზე შექმნას აგრესორის სურათი.
თავდასხმის მოწყობაში კრემლის დადანაშაულებას თავად ვლადიმერ პუტინი აბსურდულს და მტკიცებულებებისგან დაცლილს უწოდებს. ის ასევე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერი ამ ფორმით ცდილობს დაცემული პოლიტიკური რეიტინგის გაუმჯობესებას.
