საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე მოსკოვისადმი მარინ ლე პენის პარტიის რიტორიკა მოულოდნელად ხისტი გახდა.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის სახელით, რომელსაც ოპონენტები ხშირად სდებდნენ ბრალს კრემლისადმი სიმპათიაში, გასულ უქმეებზე კომუნიკე გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პარტია „არ დაუშვებს, რომელიმე უცხო ზესახელმწიფომ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, გათვლა გააკეთოს საფრანგეთის პოლიტიკის პირდაპირ თუ ირიბ კარნახზე დაშინების, მუქარების, დესტაბილიზაციის ან/და ფსიქოლოგიური წნეხის გამოყენებით“.
ამავე განცხადებას მოჰყვა მარინ ლე პენის თანაგუნდელის, ჟორდან ბარდელას სიტყვები, რომელთა მიხედვითაც რუსეთია ომის გამომწვევი და რომ „დღეს ნამდვილი სასაკლაოა გაჩაღებული“.
თავის მხრივ კი, კომუნიკეს გავრცელება მოჰყვა ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრას, სადაც, ადგილობრივი მედიის თანახმად, განხილული იყო უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი და მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეები როგორც პარიზის, ისე სრულიად ევროპის მიმართ.
ამ შეხვედრას ესწრებოდა ჟორდან ბარდელაც.
მარინ ლე პენისა და მისი პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ასეთი „ფერისცვალების“ არ სჯერათ მის ოპონენტებს, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან საუბრისას, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა კიევისათვის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირებაზე განაცხადა.
ამავდროულად, ოპონენტებს არ ავიწყდებათ ლე პენის პარტიის მიერ 2014 წელს რუსულ ბანკში აღებული 9 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი პოლიტიკური მიზნებისთვის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც საპირისპირო ფლანგზე მყოფ პოლიტიკოსებს ვერ არწმუნებს კომუნიკეს შინაარსის ჭეშმარიტებაში.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტობის ცენტრისტი კანდიდატი გაბრიელ ატალი ფიქრობს, რომ ლე პენის პარტიის ახალი განცხადება მოსკოვის შესახებ არის მორიგი „აუტანელი და უპასუხისმგებლო ორმაგი სტანდარტის მქონე“.
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებენ ის ანალიტიკოსები, რომლებიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის განახლებულ გზავნილებს მიიჩნევენ მის ერთგვარ წინასაარჩევნო სვლად და ე.წ. „მერყევი“ ამომრჩევლის გადმობირების მცდელობად - განსაკუთრებით მათი, ვინც რუსულ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.
