უზბეკეთში 30-ზე მეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის არსებობა დაადასტურეს. მიმდინარეობს 76 საინვესტიციო პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიარდი 400 მილიონი ევროა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ახალი ინფრასტრუქტურა ისეთ პროდუქტს უშვებს, რომელიც გამოიყენება ელექტრომობილებში, ნახევარგამტარებსა და განახლებადი ენერგეტიკის სექტორში.
კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სასარგებლო წიაღისეულზე მოთხოვნა იმატებს. შესაბამისად, ასეთი მინერალებით მდიდარი რეგიონები ინდუსტრიული განვითარებისა და ახალი ეკონომიკური პერსპექტივების წინა ხაზზე აღმოჩნდნენ.
უზბეკეთი, რომელიც ცნობილია სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი რეგიონებით, აქტიურად ავითარებს იშვიათი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლითონების წარმოებას. ამ ქვეყანაში გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის წლიურად 500 ათას ტონამდე სპილენძი, 155 ტონა ოქრო, 500 ტონამდე ვერცხლი და 10 ათას ტონამდე ურანი აწარმოონ. გარდა ამისა, უნდა დაიწყოს 76 პროექტი, რომელთა ფარგლებშიც 28 იშვიათი მინერალის წარმოებას გეგმავენ. ამ პროექტებში ჩადებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. უზბეკეთის სტრატეგიაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობას. ევროკავშირმა უზბეკეთთან კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმები დადო, ყაზახეთი კი ცდილობს, კერძო ინვესტიციები მიიზიდოს რეგიონის სამთამადნო და გადამამუშავებელ ინდუსტრიებში.
ინდუსტრიული ბაზა და წარმოება
ქალაქ ალმალიქის სამთო-მეტალურგიული კომბინატი სპილენძის, მოლიბდენის, პოლიმეტალური და ოქროს შემცველი მადნების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია უზბეკეთსა და შუა აზიაში. ეს კომპანია მსოფლიოში სპილენძის მწარმოებელი 30 უმსხვილესი კომპანიის ნუსხაშიც შედის.
კალმაკირის ღია ტიპის საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპილენძის საბადოა შუა აზიაში. ეს უზარმაზარი კარიერი წელიწადში მილიონობით ტონა სპილენძის მადანს აწარმოებს და უზბეკეთის სამთამადნო და მეტალურგიული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
„ამჟამად წლიური წარმოება 38 მილიონ ტონას აღემატება. ძირითადად მოვიპოვებთ სპილენძს, თუმცა ასევე ვიღებთ ვერცხლს, მოლიბდენსა და იშვიათ ლითონებს - მთლიანობაში 13 ლითონს“, - ამბობს ფერუზ ტურსუნოვი, Kalmakyr Mine-ის წარმოებისა და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საბადო „იოშლიკი - 1“
საბადო „იოშლიკი - 1“-ზე ძირითადად მოიპოვებენ სპილენძს, ოქროს, ვერცხლს, მოლიბდენსა და გოგირდს. თუმცა ისეთ იშვიათ ლითონებსაც იღებენ, როგორებიცაა რენიუმი, სელენი და ტელური. ამ საბადოს სიგრძე 4 კილომეტრი, სიგანე - 2 კილომეტრი და 3 მეტრი, სიღრმე კი - 250 მეტრია.
„ამ საბადოს მარაგების მოცულობა ორნახევარჯერ გაიზარდა. ასეთი მარაგი 50 წელზე მეტხანს გვეყოფა“, - განმარტავს ვიაჩესლავ ამინოვი, მთავარი გეოლოგი.
ალმალიქის კომბინატის კიდევ ერთი ფუნდამენტური კომპონენტი თუთიის ქარხანაა, რომელიც აწარმოებს თუთიას, კადმიუმს, გოგირდის მჟავას, თუთიის ოქსიდს, სპილენძის წიდასა და თუთიის სულფატს. საწარმო წელიწადში 120 ათას ტონამდე თუთიას აწარმოებს.
„ნედლეულს ძირითადად სურხანდარიიდან ვიღებთ, კონკრეტულად ხონდიზას საბადო გვაწვდის და ჩვენ ვამუშავებთ,“ - ამბობს საიდულო აბდურაჰმონოვი, თუთიის ქარხნის მთავარი ინჟინერი. „გარდა ამისა, ნედლეული მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოგვაქვს - ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან და აქ ვამუშავებთ“.
გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი რომ მიადგეს, გოგირდის მჟავის საწარმოს ახალი ინფრასტრუქტურა დაემატა, რომელიც წარმოების პროცესში გამოყოფილ აირებს დაიჭერს და გადაამუშავებს.
„ეს დანადგარი საათში დაახლოებით 20-იდან 79 ათასამდე კუბურ მეტრ აირს გადაამუშავებს. ექსპლუატაციის პერიოდში ეს საწარმო წელიწადში 180 ათას ტონა გოგირდის მჟავას აწარმოებს, ანუ დღეში 540 ტონას.“ - განმარტავს საიდულო აბდურაჰმონოვი.
წარმოების გაფართოებისა და დიდი ინვესტიციების ჩადების კვალდაკვალ სამთამადნო სექტორი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გლობალური კრიტიკული მინერალების მიწოდების ქსელში.
„აღსანიშნავია, რომ უზბეკეთი ხუთ ქვეყენას შორის სახელდება, რომელთაც ვოლფრამის ყველაზე დიდი მარაგი აქვთ მსოფლიოში. წელს უკვე გრაფიტის მოპოვებასა და შესაბამისად წარმოებას დავიწყებთ,“ - ამბობს უროლ იუსუპოვი, სამთამადნო ინდუსტრიისა და გეოლოგიის მინისტრის მოადგილე. „გარდა ამისა, 2030 წლიდან იგეგმება ტანტალის, ნიობიუმისა და მაგნიუმის წარმოებაც. ჩვენი სტრატეგია მხოლოდ ნედლეულის მიწოდებას კი არ გულისხმობს, არამედ დამატებითი ღირებულების სრული ჯაჭვის მქონე წარმოების შექმნასაც. სწორედ ამიტომ 2030 წლისთვის დაგეგმილია სამარყანდის ოლქში ვოლფრამის, ხოლო ტაშკენტის ოლქში მოლიბდენის კლასტერების აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება. ამ კლასტერების საშუალებით კომპანია Technological Metals Combine-ი და სხვა ინვესტორების მიერ წარმოებული ნედლეული მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტებად გარდაიქმნება, რის შედეგადაც ქვეყანაში წამყვანი ინდუსტრიული ცენტრები გაჩნდება“.
ავტორი: დილბარ პრიმოვა
