„კატასტროფა“ - ასე უწოდა გერმანიის კანცლერმა საკუთარი პარტიის შედეგებს მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწაზე გამართულ არჩევნებში.
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ვერ დაძლიეს მინიმალური 5%-იანი ბარიერი, რაც აუცილებელია პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიტიკური გაერთიანების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. წინა ანტირეკორდი „ქრისტიან-დემოკრატებმა“ 1951 წელს ბრემენში დააფიქსირეს და მაშინაც კი შეძლეს 9%-ის მიღება.
„ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს და მას აქტიურად უთხრიან ძირს როგორც რადიკალური მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიები. ამიტომ, გერმანიასა და ევროპაში კვლავ უნდა გავმართოთ ფუნდამენტური დისკუსია თავისუფლებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე, ასევე ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონკრეტული საფრთხეების წინაშე.
ამის მისაღწევად ცვლილებები გვჭირდება. ცვლილებები ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერს დაუყოვნებლივ მოწონება არ მოჰყვება. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანისთვის ეს ცვლილებები დამატებით ტვირთსა და ახალ გაურკვევლობებსაც მოიტანს. ზოგიერთ სფეროში კი მათი შედეგები მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდება შესამჩნევი. მაგრამ სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია ახლა ამ გადაწყვეტილებების გადადება. რეფორმები უნდა განხორციელდეს.
ეს რეფორმები ავტორიტარიზმის შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო ღრმად აღწევს, რადგან ავტორიტარიზმის მიმზიდველობა იზრდება. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, შეუვალობასა და მოთმინებას. მე ამ თვისებებს გამოვავლენ როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი“, - განაცხადა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
მერცის ამ განცხადებიდან გამომდინარე, ზედიზედ სამ ფედერალურ მიწაზე განცდილი მძიმე მარცხის მიუხედავად, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, ხელს შეუშლის ცენტრალურ ხელისუფლებაში რადიკალური ძალების მოსვლას.
„ქრისტიან-დემოკრატები“ დამარცხდნენ ბერლინშიც, თუმცა არა ისეთი კატასტროფული მაჩვენებლით, როგორც ეს მეკლენბურგის მიწის შემთხვევაში თავად ფრიდრიხ მერცმა აღწერა. აქ პარტია მხოლოდ 5%-ით ჩამორჩება „მემარცხენეთა პარტიას“.
„მადლობას გიხდით პირადად მე და ჩვენ ყველა თქვენი ნდობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩემს შესანიშნავ პარტიას, მის 19 000 წევრს, და ყველა იმ ადამიანს, უამრავ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა, რადგან მათ ჰქონდათ იმედი უკეთესი და უფრო ხელმისაწვდომი ბერლინისა - ბერლინისა, სადაც ყველას, აბსოლუტურად ყველას, შეუძლია ღირსეულად იცხოვროს“, - განაცხადა ელიფ ერალპიმ, ბერლინში „მემარცხენე პარტიის“ კანდიდატმა.
გერმანული პარტიების მხრიდან ულტრამემარჯვენე AfD, ანუ პოლიტიკურ გაერთიანებასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლობაზე უარის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მიღებული მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენეებს ამ ფედერალური მიწის მართვის რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
საგულისხმოა, რომ 20 სექტემბრის არჩევნები ჩატარდა ზუსტად ორი კვირის თავზე, რაც საქსონია-ანჰალტში AfD-მ თითქმის აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გამანადგურებელი მარცხი განიცადეს.
ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ მიმართული ტენდენცია და გარდატეხის აუცილებლობა.
