სამი წამყვაბი ამერიკული მედიაკომპანია - CNN, MS NOW(წარსულში MS NBC) და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ, ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორების ფარგლებში,რომელიც პრესის თავისუფლებას ეხება.
ანონსს წინ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება უძღოდა, რომლითაც ის საზოგადოებას სიამაყით ამცნობდა, რომ ამ მედიასაშუალებებს თეთრ სახლში აკრედიტაციას უუქმებდა, რადგან ისინი, მისი თქმით მცდარ ამბებს ავრცელებენ. პრეზიდენტი სიის გაფართოებაზეც მიანიშნებდა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ამიერიდან თეთრ სახლში მუშაობას ვუკრძალავ ყალბი ამბების მედიებს - CNN-ს, MSNOW-სა და გამოცემა Politico-ს. მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ მუდმივად წერონ ან ავრცელონ გამოგონილი ამბები და სიცრუე, როდესაც ისინი აშუქებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ტრამპის ადმინისტრაციასთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა ყალბი ამბების მედიასაშუალებები მათ მალე მიჰყვებიან“-დაწერა The Truth Social-ზე დონალდ ტრამპმა.
ამ მედიასაშუალებების რეპორტიორებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის შესახებ სიახლეების გაშუქება დღეს უკვე არა შენობიდან არამედ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოუხდათ. მას შემდეგ რაც მათ აკრედიტაციები ჩამოერთვათ, სატელევიზიო აღჭურვილობის თეთრ სახლში შეტანა და გამოყენებაზე კი უარი ეთქვათ. მათი თქმით ეს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ.
„დღეს დილით მთავრობას ვაცნობეთ, რომ ვიწყებთ სასამართლო დავას ჩვენი პირველი შესწორებით დაცული უფლებებისა და იმ პრინციპების დასაცავად, რომლის მიხედვითაც მთავრობა არ წყვეტს თუ რას გააშუქებს ან გამოაქვეყნებს პრესა. გაფრთხილებისა და შესაბამისი პროცედურის გარეშე, თეთრმა სახლმა ჩვენს ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მათ ჩვენი გაშუქება არ მოსწონდათ. თუ ეს რეაგირების გარეშე დარჩება, საფრთხის წინაშე დადგება პრესის თავისუფლება და საზოგადოების უფლება, ჰქონდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების ჩარევისგან“-წერია CNN, MS NOW, Politico-ს ერთობლივ განცხადებაში.
სარჩელს ვაშინგტონის ფედერალური სასამართლო განიხილავს. არ გამოირიცხება გადაუდებელი სასამართლო მოსმენა და ადმინისტრაციის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა მიმდინარე კვირაშივე ჩაინიშნოს.
საგულისხმოა, რომ ეს დონალდ ტრამპის პირველი მცდელობა არაა შეეზღუდა მისთვის არასასურველი თუ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ავტორიტეტული
მედიასაშუალებების მაუწყებლობა თეთრი სახლიდან. გასულ წელს ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული Associated Press-ის კორესპონდენტთან მიმართებით, რომელიც სასამართლოში გაგრძელდა. მაშინ ამ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ უარი თქვა მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ დასახელებაზე ,მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მას სახელი გადაარქვა. პირველი ვადის პრეზიდენტობისას დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა CNN-ის კორესპონდენტს, ჯიმ აკოსტასაც,თუმცა სასამართლომ მას და სიის სხვა წევრებს საშვები აღუდგინა.
