საფრანგეთი და კანადა ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთისა და კანადის ლიდერები, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, საფრანეთის ტერიტორიაზე, სნე-პიერსა და მიკელონზე შეხვდნენ, სადაც განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო უერთიერთობები დამყარდება.
გასულ თვეებში ორივე სახელმწიფოს აშშ-თან ურთიერთობა დაეძაბა, შესაბამისად, მხარეები უფრო ძლიერი პარტნიორობების ჩამოყალიბებას ცდილოებენ. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მხარეები ეკონომიკური, რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და თევზჭერის მიმართულებით იმუშავებენ.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა ენერგიის მიწოდების უფრო სტაბილურ გზებს ეძებს, რადგან ირანში მიმდინარე ომმა გლობალურ ბაზრებზე შეფერხებები გამოიწვია. მან ყურადღება გაამახვილა კანადის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და კრიტიკული მინერალური რესურსების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და ევროპას შეთანხმებების მიღწევა სურთ, რომლის ფარგლებში ისინი კანადურ ბუნებრივ აირს მიიღებენ.
„გვჯერა, რომ ჩვენ დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ და ეს მომავალშიც ასე იქნება. ორივეს გვწამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის, მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიული ავტონომიის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. სწორედ ეს აკავშირებს კანადასა და საფრანგეთს, ასევე კანადასა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ ასე ძლიერ მხარს უფრო მჭიდრო ურთიერთობების ამ დღის წესრიგს და სამომავლო პარტნიორობას, როგორც ასოცირებული წევრი, როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა; როგორც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, რომლის შეხვედრაზე რამდენიმე თვის წინ ერევანში დასწრებითაც პატივი დაგვდეთ; და საბოლოოდ, როგორც ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოების კოალიციის მონაწილე, რომლისაც ორივეს გვჯერა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა კი კიდევ ერთხელ ისაუბრა საფრანგეთთან და ზოგადად ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. გაძლიერებული ურთიერთობების ფონზე კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭების წინადადებაც გაჩნდა.
„ვიწყებთ მოლაპარაკებებს და ვაძლიერებთ თანამშრომლობას საკვანძო სფეროებში. ჩვენს კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს დავავალეთ, შეიმუშაონ და გააზიარონ საერთო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გამშვები სისტემები და მიმღები ობიექტები. ასევე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, კანადასა და სენ-პიერსა და მიკელონს შორის ერთობლივი თანამშრომლობის კომისიას დავავალებთ, გააფართოოს მუშაობა პრიორიტეტულ სფეროებში. დიახ, ეს მოიცავს თევზჭერას, ეკონომიკურ ზრდას, ენერგეტიკულ ტრანზიციას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას, ტელეკომუნიკაციებს, კაბელებსა და სხვა საკითხებს. შევთანხმდით, რომ მოკლევადიან, დაუყოვნებლივ ენერგეტიკულ გამოწვევებზე ვიმუშაოთ G7-ის ფარგლებში, თქვენი ხელმძღვანელობით. თუმცა ჩვენ ორივე ერთგული ვართ საშუალოვადიანი ენერგეტიკული ტრანზიციის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო კანადის სავაჭრო პალატას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს ჩვენი ბიზნესსაზოგადოებების ერთმანეთთან დასაახლოებლად და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომსახურების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კარნიმ.
კანადამ საფრანგეთთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებები განსაკუთერებით მას შემდეგ გააძლიერა, რაც აშშ-მა კანადურ პროდუქტზე ტარიფები დააწესა და შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
