უახლოეს მომავალში გასაფორმებელი შეიარაღების შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს.
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნისა და კიდევ ერთი წყაროს თანახმად, რომელიც გეგმების შესახებ ინფორმირებულია, შეთანხმების საორიენტაციო ღირებულება 2 მილიარდ 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ითვალისწინებს თელ-ავივისთვის Mk84-ისა და BLU-117-ის ტიპის საავიაციო ბომბების მიწოდებას.
საგულისხმოა, რომ 2 წლის წინ ისრაელისთვის სწორედ ამ ტიპის შეიარაღების გადაცემა იწვევდა ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთებას, რადგან შტატების ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ეს გამოიწვევდა ღაზის სექტორში მასობრივ მსხვერპლს.
წინამორბედისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს დონალდ ტრამპი, რომელმაც მანამდე დაწესებული შეზღუდვა შეიარაღების გადაცემაზე სრულად მოხსნა.
მოსალოდნელი შეთანხმების შესახებ, არაფორმალურად, თუმცა მაინც უკვე ინფორმირებულია კონგრესი. პოტენციური ხელშეკრულება ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ მიუხედავად საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებისა დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ, ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა სტაბილურობას ინარჩუნებს.
თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არის მორიგი ნაბიჯი და გაგრძელება იმ სერიისა, რომლთაც გათვალისწინებულია ისრაელის სამხედრო პოტენციალის გაზრდა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი თელ-ავივისთვის ასეთი შეიარაღების გადაცემას საერთოდ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი პერიოდულად საუბრობს საკუთარი საბრძოლო არსენალის დანაკლისზე და სწორედ ამ არგუმენტით ეუბნება უარს უკრაინას მეტი დახმარების გაწევაზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდება არის ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ღაზაში მიმდინარე ომის გამო მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ თელ-ავივს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
