კატეგორიები

გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინული დაჩქარებული ტემპით დნება

გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინული დაჩქარებული ტემპით დნება
Copyright The Associated Press

მსოფლიოს ორი უდიდესი ყინულის მასივი ყინულს დაჩქარებული ტემპით კარგავს. 1979 წლიდან გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე დაახლოებით 11,3 ტრილიონი ტონა ყინული გადნა. ეს რაოდენობა საკმარისი იქნებოდა აშშ-ის ტერიტორიის 1,5-მეტრიანი ყინულის ფენით დასაფარად

„ჩვენ შევისწავლეთ, 1979 წლის შემდეგ თუ რა რაოდენობის ყინული გადნა გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის მასივებში და დავადგინეთ, რომ მათ მართლაც უზარმაზარი მოცულობის ყინული დაკარგეს. ჩვენი ახალი კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ყინულის დანაკარგის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკეანესთან დაკავშირებული პროცესებითაა განპირობებული; აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი პირველად გავზომეთ და რაოდენობრივად განვსაზღვრეთ. გრენლანდიისა და ანტარქტიდის მონაცემების გაერთიანებისას ირკვევა, რომ ყინულის მასივის საერთო დანაკარგის დაახლოებით 84% ოკეანეში ყინულის მასის გაზრდილი ჩადინებითაა გამოწვეული, ხოლო ზედაპირულ პროცესებზე დანაკარგის მხოლოდ დარჩენილი ნაწილი - 16% მოდის“.  - ამბობს ნორთუმბრიის უნივერსიტეტის ყინულის მკვლევარი , ინეს ოტოსაკა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ პროცესს ოკეანეებში ტემპერატურის მატება აჩქარებს. უფრო თბილი წყალი ყინულს ქვემოდან და კიდეებიდან ეტაპობრივად შლის. ეს კი იწვევს მყინვარების ოკეანისკენ უფრო სწრაფად გადაადგილებას.

„საუბარია 11,3 ტრილიონ ტონა ყინულზე, თუმცა გლობალური მასშტაბით ზღვის დონის ცვლილებაში გადაანგარიშებისას ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3,2 სანტიმეტრს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი შესაძლოა მცირედ მოგეჩვენოთ, ჩვენ ვიცით, რომ ზღვის დონის მატების თითოეულ სანტიმეტრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“. - აცხადებს, ინეს ოტოსაკა.

ზღვის დონის ყოველი სანტიმეტრით მატებისას დაახლოებით 2-3 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად  სანაპირო ზოლის დატბორვის საფრთხის წინაშე დგება. კვლევა აჩვენებს, რომ 1990-იან წლებამდე ყინულის დნობის ტემპი შედარებით სტაბილური იყო. 2010-იან წლებში კი ეს პროცესი მკვეთრად დაჩქარდა.

„სატელიტური დაკვირვებებით გამოიკვეთა მკაფიო ტენდენცია: ყინულის მასივები სულ უფრო მეტ მასას კარგავს და ეს მაჩვენებელი ათწლეულიდან ათწლეულამდე იზრდება, გასათვალისწინებელია ოკეანეში ჩამდინარე ყინულის მოცულობაც. ეს დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან: ჰაერისა და ოკეანის წყლის ტემპერატურის მატების გამო ყინულის მასივი უფრო მეტ მასას კარგავს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა“. - აცხადებს, ინეს ოტოსაკა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ემისიების შემცირება დნობას მყისიერად ვერ შეაჩერებს. თუმცა ამან შესაძლოა 2100 წლისთვის დაახლოებით გაანახევროს ზღვის დონის მატების მასშტაბი.

დაკავშირებული ამბები
გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინული დაჩქარებული ტემპით დნება კრემლი საზღვარგარეთ რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი