იმ დროს, როდესაც რუსეთი დაუფარავად გამოხატავს აგრესიას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიმართ, რაც ვლინდება მათ საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრით ან უკვე ხშირ შემთხვევაში, დრონების გამოყენებით იერიშების მიტანით, მაგალითად, უკრაინის მეზობელი რუმინეთის მოსახლეობა მზარდი დაძაბულობის შიშით განაგრძობს ცხოვრებას.
მდინარე დუნაის გასწვრივ არსებულ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრების რიტმი დარღვეულია ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიიდან შემოფრენილი რუსული დრონების პერიოდული ჩამოვარდნით.
უპილოტო საფრენი აპარატების რუმინეთის ტერიტორიაზე მოხვედრა ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვით, ზოგიერთ შემთხვევაში კი კავშირი მწყობრშია, თუმცა, ევროპელი მაღალჩინოსნებით აზრით, მოსკოვი მსგავსი მეთოდის გამოყენებით ცდილობს კონკრეტულ ქვეყნებთან ძალის დემონსტრირებას.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის 27 ფაქტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ზუსტად სამჯერ აღემატება.
ეს რიცხვი საგანგაშოცაა და საყურადღებოც, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთი NATO-ს წევრი სახელმწიფოა, მის ტერიტორიაზე კი განლაგებულია ამერიკული ბაზაც.
ქვეყნის ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს.
„განსაკუთრებული გარემოება ის არის, რომ რუსების თავდასხმები ხდება ისეთ ობიექტებზე, რომლებიც რუმინეთის საზღვრიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. შესაბამისად, ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც რუმინეთის საზღვრამდე ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. ეს საერთაშორისო რეგულაციებით არის განსაზღვრული.
როდესაც ისინი რუმინეთის საზღვრამდე აღწევენ, მათსა და საზღვარს შორის სულ რამდენიმე ათეული მეტრია დარჩენილი და ამის გამო რეაგირებისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩრდილოეთის ქვეყნებში სამიზნეები რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ საკმარისად დიდი სივრცეა, რათა სხვადასხვა გზით ჩარევა იყოს შესაძლებელი.
აქ კი რუსები ბომბავენ დუნაის პორტებს, რომლებიც პრაქტიკულად მეორე ნაპირზეა. ვხედავთ დრონებს, როდესაც ისინი ამ პორტებისკენ მოდიან. მათი უმეტესობა იქ ჩერდება და პორტის ინფრასტრუქტურას ბომბავს, მაგრამ არ ვიცით, რომელიმე მათგანი ხომ არ გადმოვა მეორე მხარეს, რუმინეთის ტერიტორიაზე.
და თუ რომელიმე მათგანი მეორე მხარეს გადმოვა, იქ ჩვენი სოფლები სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ ეს არის ამ სიტუაციის განსაკუთრებული თავისებურება“, - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რადუ მირუტამ.
მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტი მოსკოვის პროვოკაციების სამიზნე უკვე არაერთხელ იქცა, NATO-ს არ აუმოქმედებია ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს მოკავშირეების ვალდებულებას, აღმოუჩინონ სამხედრო-პოლიტიკური დახმარება ბლოკის იმ წევრ სახელმწიფოს, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, არ აყვნენ კრემლის პროვოკაციებს, რომელიც ყველა მეთოდს იყენებს უკრაინაში მიმდინარე ომის მასშტაბების გასაზრდელად.
მიმდინარე წლის მაისში რუსული დრონი მოხვდა რუმინეთის ქალაქ გალაცში მდებარე საცხოვრებელ შენობას. ზუსტად ერთი კვირის თავზე, საზღვაო დრონი აფეთქდა კონსტანცას პორტში, 24 ივლისს კი F-16-ის ავიაგამანადგურებლებმა შეძლეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.
ყველა შემთხვევაში ბუქარესტმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა და მიიჩნია, რომ ამ გზით ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს უკრაინის ფრონტზე არსებული წარუმატებლობა.
