კატეგორიები

სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, რუსეთი პოლონეთს „2-3 დღეში“ განადგურებით ემუქრება

სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, რუსეთი პოლონეთს „2-3 დღეში“ განადგურებით ემუქრება
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების პარალელურად, რუსეთი ამჯერად პოლონეთს ემუქრება სახელმწიფოებრიობის „2-3 დღეში“ განადგურებით, თუკი ვარშავა მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება.

მუქარისშემცველი განცხადება კრემლის მიერ კონტროლირებად მედიასთან ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის სიტყვების პასუხად, სადაც მან თქვა, რომ სამხედრო მომზადებისა და ბრძოლისუნარიანობის კუთხით, ვარშავა მოსკოვს სჯობნის.

რუსი მაღალჩინოსნის სიტყვებით, თუკი პოლონეთი მსგავს ნაბიჯს გადადგამს, რუსული არმია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მთელ ძალასა და სამხედრო არსენალს. მანვე დასძინა, რომ პოლონეთში „აშკარად არ ითვალისწინებენ, რომ რუსული შეიარაღებული დანაყოფები უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არ იყენებენ სრულ სამხედრო პოტენციალს“.

ნიკოლაი პატრუშევმა ვარშავა რუსოფობიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ დაივიწყა ქვეყნის ნაცისტებისგან გათავისუფლებაში საბჭოთა კავშირის წვლილი.

საგულისხმოა, რომ ისტორიკოსებისა და ექსპერტების მიერ, ეს საკითხი დავას იწვევს, რადგან გერმანული ოკუპაციისგან გათავისუფლების მიუხედავად, საბჭოთა კავშირმა დამოუკიდებელი პოლონეთის აღდგენა არ დაუშვა. წითელ არმიას თან ახლდა NKVD და საბჭოთა კონტროლს დაექვემდებარა პოლიტიკური სისტემა. მოსკოვის მხარდაჭერით შეიქმნა კომუნისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ლონდონში მოქმედი პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა და მისი იატაკქვეშა სტრუქტურები დამოუკიდებელი პოლონეთის აღდგენას ცდილობდნენ.

მოსკოვიდან ვარშავას მსგავსი მუქარები არაერთხელ ესმის - იქნება ეს ცალკეული პოლიტიკოსების, ხელისუფლების მაღალჩინოსნების თუ რუსული სახელმწიფო მაუწყებლების ეთერებში კრემლის პროპაგანდისტების მიერ გაჟღერებული სიტყვები.

რუსული მხარის განცხადებების ფონზე, მოსკოვის სტრატეგიული მოკავშირე მინსკი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს ატარებს და, შესაბამისად, ზრდის შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

მათი ნაწილი სუვალკის დერეფნის სიახლოვეს იმართება - წერტილთან, რომელსაც NATO სტრატეგიულად მნიშვნელოვნად განიხილავს. სამხედრო მანევრები ჩართული არიან როგორც მექანიზებული, ისე სატანკო ბატალიონები, ჯარისკაცებს კი შესასრულებელი აქვთ დავალებები სახელმწიფო საზღვრის დაცვის, დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლისა და უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაციის გამოყენებით თავდასხმების მოგერიების მიმართულებებით.

11 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკა ობუზ-ლესნოვსკის პოლიგონს ეწვია და განაცხადა, რომ მისი მიზანია, შეამოწმოს სახელმწიფო უსაფრთხოების მთლიანი სექტორის მუშაობა. მაშინვე ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ მინსკი არ აპირებს არც ერთ მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმას და მისთვის ომის გამოცხადებას, ვიდრე საფრთხე არ შეექმნება თავად ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დაკავშირებული ამბები
სამხედრო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, რუსეთი პოლონეთს „2-3 დღეში“ განადგურებით ემუქრება ოფიციალური მადრიდი მექსიკაში მოკლული 21 წლის ესპანელი სტუდენტის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს