ოფიციალური მადრიდი მექსიკაში მოკლუილი 21 წლის ესპანელი სტუდენტის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ფემიციდის მუხლით იძიებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ მოკლულის ოჯახთან საგარეო უწყებას მუდმივი კონტაქტი აქვს და მასთან ერთად ცდილობენ მომხდარი ძალადობის შესახებ ინფორმაციის დადგენას.
„მსურა ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, რომელთანაც ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, ბოლომდე გავარკვიოთ მომხდარის დეტალები. ესპანეთის გენერალური საკონსულოსა და საელჩოში სრულად არიან მობილიზებული, რათა მხარი დაუჭირონ ოჯახს, ბოლომდე გაარკვიონ მომხდარის შედეგები და უზრუნველყონ, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“- განაცხადა ესპანელმა დიპლომატმა.
კლაუდია ტაკორონტე გრანადის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ის მექსიკაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა და არასრული ერთი თვე მორელოს უნივერსიტეტში ჰქონდა გატარებული სასწავლო პროგრამით. მისი ცხედარი მეხიკოდან კაუტლაში იპოვეს, რომელიც მეხიკოდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით,მას მძიმე ჭრილობები და ფიზიკური ძალადობის სხვა ნიშნები აღენიშნებოდა. მომხდარმა საზოგადოება შეძრა, თანაკურსელებმა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ უნივერსიტეტთან სანთლები და ყვავილები მიიტანეს.
„მწუხარების გარდა, დღეს აღშფოთებასაც ვგრძნობთ. არც ერთ ოჯახს არ უნდა უწევდეს ქალიშვილთან გამომშვიდობება. არც ერთ მეგობარს არ უნდა უწევდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. არც ერთ სტუდენტს არ უნდა წაერთვას ოცნებების ასრულების შესაძლებლობა ძალადობის გამო”-აღნიშნა მოკლულის თანაკურსელმა.
კლაუდია ტაკორონტეს მკვლელობა მხოლოდ 2026 წელს მორელოს უნივერსიტეტის სტუდენტის ფემიციდის უკვე მეოთხე შემთხვევაა. მანამდე აქ კიმბერლი რამოსი და კაროლ ტოლედო გაუჩინარდნენ, რომლებიც მოგვიანებით მოკლულები იპოვეს. ამან უნივერსიტეტში მარტის თვეში დიდი პროტესტიც გამოიწვია, მაშინ სტუდენტები უნივერსიტეტისგან უსაფრტხოების ზომების გაძლიერებასა და სამართალს ითხოვდნენ. უკვე შედგა შეხვედრა მექსიკაში მოქმედ ესპანეთის საკონსულოს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ისინი გამოძიებისთის ღიაობას აფიქსირებენ.
„ყველაფერს ვაკეთებთ ფემიციდის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისთვის,მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მომხდარი იურიდიულად ჯერ არ დაუკვალიფიცირებია როგორც ასეთი.ჩვენ ვმოქმედებთ ფემიციდის პროტოკოლის შესაბამისად, ვინაიდან საქმე ქალის ძალადობრივ სიკვდილს ეხება„- თქვა მორლოსის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ფერნანდო ბლუმენკრონ ესკობარმა.
**„მუდმივად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, რისთვისაც მათი მადლობლები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს საათებში ვითარების გარკვევა დაიწყება და საქმე წინ წაიწევს“-**აღნიშნა ესპანეთის გენერალურმა კონსულმა მექსიკაში,მარკოს როდრიგესმა.
მექსიკა გენდერული ნიშნით ძალადობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, მორელოში მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე ფემიციდის 21 შემტხვევაა რეგისტრირებული, ქვეყნის მასშტაბით იმავე პერიოდში 380 ქალი მოკლეს.
