„მსოფლიოში დიზელის ფასის ზრდა უმეტესწილად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით და არა ირანის ომით“ - დაწერა 14 სექტემბერს საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი თვლის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე იმდენად მნიშვნელოვნად არ მოქმედებს, როგორც კიევისა და მოსკოვის ურთიერთიერიშები ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ, ამიტომ მხარეებს მოუწოდა დარტყმების შეწყვეტისკენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დროის რა მონაკვეთზეა გათვალისწინებული ეს მოწოდება.
უცნობია ისიც, როდის და ვის მიერ შედგა ეს შეთანხმება, თუმცა დონალდ ტრამპის პოსტს მოჰყვა გამოხმაურება როგორც უკრაინული, ისე რუსული ხელისუფლებების მხრიდან.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ამ წინადადებას მხარს უჭერს და პარტნიორებს მოსკოვთან იმგვარი შეთანხმების მიღწევას სთავაზობს, რომელიც ბოლოს მოუღებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას.
„ახლა უკვე არსებობს შეერთებული შტატების მტკიცე შეთავაზება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ორმხრივი მორატორიუმის შესახებ და თუ ეს შეიძლება გახდეს დეესკალაციის პირველი ნაბიჯი - ნაბიჯი რუსული თავდასხმების შესაჩერებლად ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და, საპასუხოდ, ჩვენი მხრიდანაც - მაშინ უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს დეესკალაციას.
ვხედავთ, რომ რუსეთი დაძაბულობას გრძნობს, ჩვენი ეფექტური საპასუხო ზომების გამო, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. თუმცა, ჯერჯერობით არავის უნახავს რუსეთის რეალური სურვილი, ომი ბოლომდე დაასრულოს...
მშვიდობა საჭიროა. ენერგეტიკა, საკვები პროდუქტების მიწოდების მარშრუტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ეს ყველაფერი უნდა იყოს დარტყმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილი.
საჭიროა ძლიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება - არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ სამუდამოდ. ჩვენი პარტნიორებისგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კრემლში აცხადებენ, რომ ასევე მიესალმებიან დონალდ ტრამპის მოწოდებას. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის სიტყვებით, რუსული არმია განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე დასახული მიზნების შესრულებას და სამომავლოდაც გააგრძელებს ამ ნაბიჯების გადადგმას, რითაც მოსკოვში, ფაქტობრივად, მიანიშნეს, რომ, დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, მზად არ არიან კიევთან მშვიდობის მისაღწევად.
„კიევის რეჟიმისადმი ნებისმიერი მოწოდება, შეწყვიტოს დარტყმები სამოქალაქო ეკონომიკის ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ მისასალმებელია.
ნიუ-დელიში გამართული შეხვედრებისა და კონტაქტების დროს, როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ისე პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, თავიანთი ქვეყნების მხრიდან წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მოგვარებაში.
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა კიევის რეჟიმზე, რათა წაახალისოს იგი უფრო მეტი მოქნილობის გამოვლენისკენ, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ჩვენი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ, აგრძელებენ ამის გაკეთებას და მომავალშიც გააგრძელებენ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ამ ერთგვარ „შეთანხმებას“ წინ უძღოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დუბლინში, მედიის წარმომადგენლებთან გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უნდა გააკეთოს ერთი რამ - შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“. მისივე სიტყვებით, უკრაინას შეუძლია სამიზნეებზე დარტყმების მიტანა, თუმცა არა ნავთობობიექტებზე, რადგან ეს საწვავის კრიზისს იწვევს.
საგულისხმოა, რომ როდესაც რუსულ საოკუპაციო არმიას უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები მიჰქონდა, დონალდ ტრამპს არ ჰქონია მსგავსად ხისტი განცხადებები.
ამავდროულად, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდგომ, ხოლო იმის მიუხედავად, რომ უკრაინამ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი გაანადგურა, ამას სერიოზული გავლენა ფასების დინამიკაზე არ ჰქონია.
