კატეგორიები

„ბოროტების სავანე“, Tove Lo და Netflix-ის „ურჩხული“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

„ბოროტების სავანე“, Tove Lo და Netflix-ის „ურჩხული“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში -  თუ გაბედავთ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ რაკუნ-სიტიში, რადგან დიდ ეკრანებზე გამოდის „ბოროტების სავანის“ ზაკ კრეგერის ვერსია, Netflix-ი კი  ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული კრიმინალური ტელესერიალ „ურჩხულის“ ახალ სეზონს გთავაზობთ - აი, ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის  მთავარი პრემიერების აფიშა.

ჰელოუინი ახლოვდება და მიმდინარე კვირის კულტურულ სიახლეებში თანდათან შიშისა და ძრწოლვის ენერგეტიკა ჭარბობს.

ფილმ „ბოროტების სავანის“ ზაკ კრეგერის ადაპტაცია ერთ-ერთია იმ ფილმებს შორის, რომელთაც საშინელებათა ჟანრის მოყვარულები წელს მოუთმენლად ელიან. ამ ფილმის ტრეილერიც კი შემაძრწუნებელია. თუ სისხლი და გულის გამგმირავი სცენები არ გიზიდავთ, სტუდია Aardman Animations-ი (გენიალური სტუდია, რომელმაც „უოლესი და გრომიტი“ - Wallace and Gromit -  აჩუქა მსოფლიოს)  უფრო მშვიდ და ცხვრის თვალით დანახულ საშინელებათა სცენებს გთავაზობთ ანიმაციურ ფილმში „Shaun the Sheep: the Beast of Mossy Bottom.“

თუ ჭეშმარიტ შთაგონებას ეძებთ, ლონდონის დიზიანის ფესტივალს დაესწარით, რომლის ფარგლებშიც მთელ ქალაქში სხვადასხვა ადგილას დაიდგმება ინსტალაციები ( მათ შორის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშიც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), რომლებიც განსხვავებული კუთხით დაგანახებთ, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიას დიზაინსა და ხელოვნებაზე.  ან სულაც მომღერალ Tove Lo-ს ახალი ალბომის მუსიკის თანხლებით იცეკვე, რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ ჩამოიფერთხო ის კაეშანი, რომელსაც გარდაუვლად გვიქადის გრძელი და ბნელი ღამეები.

გამოფენები

ენდი უორჰოლი: „ხაზი და გამოსახულება“

როდის? 16 სექტემბერი - 10 იანვარი, 2027

სად?   ლუქსემბურგის მუზეუმი (Musée du Luxembourg - პარიზი, საფრანგეთი)

ენდი უორჰოლმა ხატვა ბავშვობაში დაიწყო, როდესაც საწოლს იყო მიჯაჭვული. ასე ირთობდა თავს და ხატავდა ყველაფერს, კინოვარსკვლავებით დაწყებული პეპლებით დამთავრებული - ეს იყო მისი ოცნებების, ცნობისმოყვარეობისა და წარმოსახვითი სამყაროს გაცოცხლების საშუალება. სწორედ ნახატები იქცა მთელი მისი შემოქმედების საფუძვლად მთელი შემდგომი ცხოვრების  განმავლობაში. ლუქსემბურგის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება უორჰოლის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი 150 ნამუშევარი, მათ შორის პორტრეტები, კარიკატურები თუ თვითრეკლამისთვის განკუთვნილი პორტფელები.

V&A x LDF: Awakenings

როდის? 2026 წლის 18 ოქტომბრამდე

სად: ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

ლონდონის დიზიანის ფესტივალის ფარგლებში „ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა“  საოცარი ინსტალაციების სერია დაიწყო, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს კავშირი დიზაინს, ხელობასა და ტექნოლოგიას შორის. მათ შორის არის ეუნჯო ლის  თავბრუდამხვევი ნამუშევარი 'When the Void Gazes Back'-ი, რომელშიც ხელოვანი  3D ფორმატში დამზადებული თიხის ქანდაკებების მეშვეობით ცდილობს გასცდეს ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებას და შეუცნობელი შეიცნოს; ასევე ანდრე უილიამსის ფერადი, ანალოგური ესთეტიკის მქონე ნამუშევრები, რომლებშიც დრო თითქოს შეჩერებულია - ერთი სიტყვით, ამ გამოფენაზე ძალიან მრავალფეროვანი თემატიკაა წარმოდგენილი, რომელიც ყველა ტიპის გემოვნებას დააკმაყოფილებს. უფრო მეტი ნახეთ ამ ლინკზე Find out more.

დამატებითი სიახლე: Fondazione Magnani Rocca-ს დარბაზები დადაიზმისა და სიურეალიზმის პიონერი ხელოვანის -  მან რეის  - ყველაზე დიდ გამოფენას მასპინძლობს, რაც კი იტალიაში ოდესმე ყოფილა. გამოფენა 12 სექტემბერს გაიხსნება და 13 დეკემბრამდე გასტანს.

ფილმები

„ბოროტების სავანე“

სად? კინოთატრებში

როდის? 18 სექტემბრიდან

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვიდეოთამაშების ფრანჩიზების ეკრანიზაციები, როგორც წესი, საშინელებაა. ეს განსაკუთრებით ეხება „ბოროტების სავანეს“ -  90-იანების საშინელებათა ჟანრის სერიალს, რომელშიც მოთამაშეებმა უნდა აჯობონ ბიოლოგიური იარაღისა და ფარმაცევტული სექტორის კორუმპირებულ სამყაროს, პარალელურად კი გაუმკლავდნენ ზომბის მსგავს ურჩხულებს. მართალია, ამ თამაშის 2002 წლის ეკრანიზაციას დღემდე ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, მაგრამ ყოველი მომდევნი სეზონის, განსაკუთრებით კი 2021 წლის ვერსიის შემდეგ ნებისმიერი ახალი სეზონის გადაღების მცდელობის შემხედვარე ადამიანს სურვილი უჩნდება, ხმამაღლა იყვიროს: „კმარა, აღარ შეეხოთ ამ თემას!“ თუმცა ვის, ვის და ზაკ კრეგერს, საშინელებათა ჟანრის ჰიტი ფილმების „ბარაბაროსისა“ (Barbarian) და „იარაღების“ (Weapons)  რეჟისორს,  გამოწვევების არ ეშინია. ვარაუდების გაქარწყლებისა და გარდაუვალი აღსასრულის  უწყვეტი განცდის შექმნის ოსტატი რეჟისორი თავის ვერსიაში ძირითად თემად კლაუსტროფობიის განცდას ირჩევს, რომელიც მუდმივად თან ახლავს ორიგინალურ ვიდეოთამაშს:  მისი ფილმის გმირი ახალგაზრდა მედიკოსი კურიერი კოშმარების ბუდედ ქცეულ რაკუნ-სიტიში (Racoon City) აღმოჩნდება გამომწყვდეული.

დამატებითი სიახლე: სტუდია Aardman Animations-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ სტუდიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად საყვარელი პერსონაჟი -  „ბეკეკა შონი“ (Shaun the Sheep) - ისევ დიდ ეკრანზე ბრუნდება ფილმში The Beast of Mossy Bottom“, რომელიც 18 სექტემბერს გამოდის.

ტელესერიალები

 „ურჩხული - ლიზი ბორდენის ამბავი“ (Monster: The Lizzie Borden Story)

სად? Netflix-ზე

როდის? 17 სექტემბრიდან

1892 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი კაცი და მისი მეორე ცოლი ნაჯახით სასიკვდილოდ დაჩეხილი იპოვეს. იმ დროს სახლში, დაზარალებულების გარდა, მხოლოდ მათი ქალიშვილი, 32 წლის ლიზი ბორდენი Lizzie Borden, იმყოფებოდა, რომელიც საბოლოოდ გაამართლეს  სამხილების უკმარისობის გამო. ეს ამბავი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ და გახმაურებულ დანაშაულად რჩება ისტორიაში. მის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება (ასევე ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილი საშუალო ფენის წარმომადგენელი თეთრკანიანი ქალი იყო) დღემდე საზოგადოების ცხოველ ინტერესს იწვევს. სწორედ ეს ამბავი უდევს საფუძვლად  რაიან მერფისა და იენ ბრენანის ანთოლოგიური ტელესერიალის „ურჩხულის“ ახალ სეზონს, რომელიც ამერიკაში გახმაურებული მკვლელობების საქმეების მიხედვით არის გადაღებული. ლიზის როლს ასრულებს ელა ბიტი, მისი დედინაცვლის როლს  - რებეკა ჰოლი, ხოლო მსახური ქალისას - ვიკი კრიფსი. ასეთი შთამბეჭდავი მსახიობთა დასი, სავარაუდოდ, კრიმინალური დრამების მოყვარულებს ეკრანებზე მიაჯაჭვავს.

დამატებითი სიახლე:

მეექვსე სეზონით ეკრანზე ბრუნდება Apple TV+-ის ემის ჯილდოს მფლობელი სერიალი „ნელი ცხენები“  (Slow Horses) და მისი მთავარი გმირი ჯექსონ ლემბი (გერი ოლდმენის შესრულებით),  რომელიც მუდამ სიგარეტს აბოლებს, იგინება და  სულ ქაოსშია, მაგრამ მაინც უზომოდ საყვარელია.  ახალი სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება.

მუსიკა

Tove Lo: Estrus

როდის? 18 სექტემბრიდან

შვედი მომღერალი და საავტორი სიმღერების შემსრულებელი Tove Lo თავისი მეექვსე ალბომით ბრუნდება, რომელიც ქალის სურვილისა და პირველყოფილი ვნებითაა გაჟღენთილი. მისი მუსიკა პიროვნებასა და ბიოლოგიას შორის არსებულ ნაპრალს ეძღვნება, ინსტინქტსა და აზროვნებას შორის გამართულ ბრძოლას. ეს ალბომი მარტივ პასუხებს არ იძლევა, სამაგიეროდ გარანტირებული გაქვთ ცეკვა თავდავიწყებით.

დამატებითი სიახლე: მიმდინარე კვირა მართლაც უხვად გვთავაზობს  ახალ მუსიკალურ ალბომებს, რომელთა შორისაც გამოირჩევა ბენდ Echo and the Bunnymen-ის ახალი ალბომი „Apples for Isaac“, Ezra Collective-ის ახალი ალბომი „Here Because of Hope“ და აგნეს ობელის -  „The Meaning of Flowers“.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
„ბოროტების სავანე“, Tove Lo და Netflix-ის „ურჩხული“ - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში დანიაში მჭედლები ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ვიკინგურ ღუზას ქმნიან