წლებია, რაც რუსეთში წინასაარჩევნო სამზადისი რუტინული, ერთფეროვანი და განსხვავებული აზრისგან დაცლილია, თუმცა სახელმწიფო სათათბიროს 2026 წლის კენჭისყრის წინა პერიოდმა პროცესში სიახლის შეტანა მაინც მოახერხა.
კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული სატელევიზიო მაუწყებლების ეთერში აღარც ის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებსაც არჩევნებზე გასვლის უფლება აქვთ.
დებატების ფორმატი, რომლის ტრანსლირება მედიასაშუალებებისთვის საკანონმდებლო ვალდებულებაა, ფასადურიც კი აღარ არის და სტუდიაში მაღალჩინოსნები ან დეპუტატობის კანდიდატები უმეტესწილად, არც კი მიდიან.
ზოგიერთ შემთხვევაში, კანდიდატებს ამომრჩევლებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, თუმცა კანონით გათვალისწინებული საეთერო დრო მათ მაინც ეთმობათ.
რუსეთის ხელისუფლების სისტემის არქიტექტორი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საკუთარი საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ მონაწილეობდა პოლიტიკურ დებატებში. კრემლში ამას „დაძაბული სამუშაო გრაფიკით“ ხსნიან, თავად პუტინმა კი 2000-იანი წლების დასაწყისში დებატებს „უსინდისო საქმე“ უწოდა.
კანდიდატების დებატებზე გამოუცხადებლობა რუსეთის საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც, პოლიტოლოგების აზრით, რამდენიმე მიზანს ემსახურება: ამომრჩევლებში, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებს ეძებენ, არჩევნებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ინტერესის შემცირებას; ხელისუფლების პარტიის ფავორიტებისთვის არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას და სისტემური ოპოზიციის დუმილს, რომელსაც პუტინი წინა წლებში არაერთხელ მოუწოდებდა, „ნავი არ შეერყია“.
ამასთან, ის დებატები, რომლებიც ფედერალურ ეთერამდე აღწევს, მხოლოდ კონკურენციის იმიტაციას ახდენს და მკაცრი ცენზურის პირობებში აკრძალულ თემებს არ ეხება. პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებელი კანდიდატების არარსებობის პირობებში კი მონაწილეთა როლები წინასწარ არის განაწილებული.
პარალელურად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან ჩახსნილი, უკრაინაში კრემლის ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი პარტია „იაბლოკო“ იმ ახალგაზრდების გაერთიანებას განაგრძობს, ვინც პუტინის ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ.
დარია სემიონოვა, „იაბლოკოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრი:
„ფლაერების შესახებ მშობლებისთვის არ მითქვამს, რადგან სიტუაციამ, როცა საწოლის თავზე „იაბლოკოს“ პლაკატი გავაკარი, დაახლოებით მიანიშნა, როგორი რეაქცია ექნებოდათ. ერთ დღესაც ის ჩამოხიეს, ნაფლეთებად აქციეს და ნაგავში გადააგდეს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ამ თემაზე ჩემთან ესაუბრათ. საუბრები კამათსა და ჩხუბში გადაიზარდა...
მეც მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვა, სისტემის რომ არ გვეშინოდეს, აქ საერთოდ არ ვიქნებოდით. სწორედ ეს შიში გვიბიძგებს მოქმედებისკენ“.
ვიღაც ბიჭი:
„რა თქმა უნდა, რაღაცნაირად გვეშინია. მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან „იაბლოკო“ სრულად არ მოუხსნიათ - პარტიას კანდიდატები მხოლოდ ერთმანდატიან ოლქებში ეყოლება.
საერთო კენჭისყრაზე რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რისი საფუძველი გახდა პარტია „სამშობლოს“ 7 აგვისტოს საჩივარი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „იურისტებმა „იაბლოკოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს“ - მათ შორის დასახელებული იყო „უცხოური დაფინანსება, ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე“, ასევე „მუშაობა აკრძალულ სოციალურ ქსელებში, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდება“.
„სამშობლოს“ პარტიამ „იაბლოკოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში აღმოაჩინა „ექსტრემიზმის ნიშნებიც“. ეს კი, მათი მტკიცებით, გამოვლინდა მაშინ, როცა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება აქტიურად უჭერდა მხარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, მშვიდობის დამყარებასა და კიევთან დიალოგს.
„იაბლოკოს“ იდეები არც პროკრემლისტური იდეოლოგიის მქონე სხვა პარტიებსაც მოსწონთ, რომლებმაც ოპოზიციონერებს ბრალი დასდეს რუსული ინტერესებისადმი დამაზიენებელი პოლიტიკის გატარებაში. მეტიც - ისინი მოითხოვენ, ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გატარდეს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლის გათვალისწინებითაც.
