უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსეთი აქტიურად და საკმაოდ ეფექტურად ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მიგრანტებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნას, რისთვისაც სხვადასხვა სქემას, შანტაჟს, ძალადობას, იძულებასა და დიდი ფულის შოვნის ცრუ დაპირებას იყენებს.
უფლებადამცველების თქმით, ჩატარებული კვლევის ფარგლებში მათ მიაგნეს ბევრ საინტერესო ჩანაწერსა თუ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსულ შეიარაღებულ ძალებში გადმოსაბირებლად და ფრონტზე გასაგზავნად, მოსკოვი ბევრ შემთხვევაში იყენებს ადამიანებით ვაჭრობის სქემასაც.
საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ თემის კვლევაში მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა უკრაინის მიერ დატყვევებული უცხოელი ჯარისკაცების გამოკითხვის ოქმები, რა დროსაც მესამე ქვეყნის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ახსენებდნენ გადაბირებისას მათდამი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას.
ერთ-ერთი ასეთი რეზონანსული შემთხვევა უკავშირდება კენიელ მორბენალს, ევანს კიბეტს, რომელსაც მოტყუებით აიძულეს კონტრაქტის ხელმოწერა და ხარკივის ოლქში საომრად გაგზავნეს, არადა მანამდე უთხრეს, რომ რუსეთში სპორტულ შეჯიბრი უნდა მიეღო მონაწილეობა. 2025 წლის ივლისში ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდა, საიდანაც კიევმა ის მალევე გაათავისუფლა.
ცნობილია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან Amnesty International-ის წარმომადგენლები არაერთხელ ეწვივნენ უკრაინაში სამხედრო ტყვეების ბანაკებს, რისთვისაც მათ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებისგან საჭირო ნებართვა მიიღეს.
სამხედრო ტყვეებმა და სხვა პირებმა ისაუბრეს ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონტრაქტების გაფორმების, პასპორტების ჩამორთმევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, არასათანადო მომზადებისა და იმ პირების მიმართ მუქარის შემთხვევებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურის დატოვებას ცდილობდნენ. გაეროს პალერმოს პროტოკოლის შესაბამისად, ასეთი პრაქტიკა, შესაძლოა, ადამიანებით ვაჭრობად კვალიფიცირდებოდეს.
უფლებადამცველებს უშუალოდ მიმართავდნენ ამ პრაქტიკით დაზარალებული პირები, მათი ოჯახის წევრები ან სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ადვოკატები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.
სამხედრო ტყვეების გარდა, საუბარია ასევე იმ პირებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ ფრონტის ხაზზე ან, სავარაუდოდ, იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან და მსგავსი რეკრუტირების პრაქტიკის მიმართ მოწყვლადები არიან.
უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომის გამოყენება „დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი აგონ“.
ანგარიშში მოყვანილია უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბის მონაცემები: 2026 წლის აპრილისთვის იდენტიფიცირებული იყო 28 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე 136 სახელმწიფოდან, რომლებიც რუსული საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
საგულისხმოა, რომ ამ რიცხვში არ შედიან ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც 2024 წლის ბოლოს ფრონტის ხაზზე რუსულ არმიას შეუერთდნენ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წელს რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით ე.წ. გლობალური სამხრეთის დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეების, რეკრუტირებას.
ამის ერთ-ერთი ნიშანია ისიც, რომ რუსულ სასაფლაოებზე სულ უფრო მეტი საფლავი ჩნდება იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ქვეყნებიდან იყვნენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
აზიისა და აფრიკის რიგმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოსთხოვეს კრემლს, შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების რეკრუტირება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად.
ინდოეთმა, ნეპალმა, შრი-ლანკამ, კენიამ, განამ, იორდანიამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და ბოტსვანამ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური პროტესტი და დიპლომატიური ნოტები გაუგზავნეს და საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაცია მოითხოვეს.
რიგ ქვეყნებში ადგილობრივი შუამავლებისა და რეკრუტერების ქსელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა.
კუბის ხელისუფლებამაც აღნიშნული პრაქტიკა ადამიანებით ვაჭრობად შეაფასა.
