კატეგორიები

ტიან-შანის ფარული მარგალიტები - კოლსაის ტბების ეროვნული პარკის ბუნებრივი საგანძური

ტიან-შანის ფარული მარგალიტები - კოლსაის ტბების ეროვნული პარკის ბუნებრივი საგანძური
კოლსაის ტბების ეროვნული პარკი ყაზახეთის ეკოტურიზმის საუკეთესო ადგილების რიცხვში შედის. ეს პარკი ტურისტებს თავისი კამკამა ტბებით, ალპური პეიზაჟებითა და კარგად დაცული ეკოსისტემით იზიდავს.

ტიან-შანის მაღალი მთების გულში მიმალულ კოლსაის ტბებს ხშირად ტიან-შანის მარგალიტებსაც უწოდებენ. აქ მოსვლა ადვილი არ არის,  დრო სჭირდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სიარული ასეთი პეიზაჟების ფონზე გიწევს, აქ ამოსვლა ნამდვილად ღირს.

კოლსაის ტბების ეროვნული პარკი ალმათის მაღალმთიან ოლქში მდებარეობს. გზა ალმათიდან  მაღლა მთებში მიიკლაკნება და ბოლოს ეროვნული პარკის პირველ ღირსშესანიშნაობასთან - ყაინდის ტბასთან სრულდება. ძალიან ცოტა ადგილი თუ იქნება ისეთი არაამქვეყნიურად ლამაზი, როგორიც ყაინდის ტბაა. თუმცა ეს ფანტაზიის ნაყოფი კი არა, ყაზახეთის ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა.

ყაინდი შედარებით ახალგაზრდა ტბაა. იგი 1911 წლის ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა, როდესაც ფიჭვნარით დაფარული ხეობა ჩაიკეტა და დროთა განმავლობაში წყლით აივსო. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ წყალში ჩაძირული ტყე საოცრად კარგად არის შენახული, ტბის ზედაპირზე ამოშვერილი ნახევრად შიშველი ხეები კი აქაურობას რაღაც მომაჯადოებელ იერს აძლევს.

„ჩვენ ლაშქრობა გვიყვარს. სწორედ ამიტომ ამოვედით აქ. წინა დღეს კი კოლსაის ტბებზე ვიყავით“, ამბობს ტურისტი ფილიპ დელანჟე.

„თუ ლაშქრობა და ბუნების წიაღში ყოფნა გიყვარს, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე“, - განმარტავს მისი მეუღლე კატია ტიმერმანსი.

ლაშქრობის გარდა, ტურისტები ამ ტბასთან იმისთვის მოდიან, რომ მისი ლაჟვარდოვანი წყლის ფერითა და აქაურობის არაამქვეყნიური სილამაზით დატკბნენ. აქედან 20 კილომეტრის დაშორებით არის კოლსაის ტბები, რომლის სახელიც უწოდეს ეროვნულ პარკს. ამ ადგილებში ხარობს და ბინადრობს ყაზახეთის წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა, მათ შორის თოვლის ჯიქები, დათვები და უამრავი იშვიათი სახეობის ფრინველი.

„ტბა ხეობაში“ - სწორედ ასე ითარგმნება ყაზახურიდან  სახელი კოლსაი. და თული ტბის შუაგულში ნავით შეცურავ, მაშინვე მიხვდები, რა ზუსტად შეურქმევიათ ეს სახელი.

ყოველი მხრიდან ფიჭვნარით დაფარული ფერდობებით გარშემორტყმული ტბა თითქოს მთაში დამალვას ცდილობს. ტბის მშვიდ ზედაპირზე გამოსახული ტყის ანარეკლის წყალობით კი ტყე კიდევ უფრო ვრცელი და უკიდეგანო გეჩვენება. ლაშქრობა, ნავით სეირნობა და ცხენით ჯირითი აქ მოსული ტურისტების ყველაზე საყვარელი გასართობია.

„კოლსაის პირველ ტბას ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს, რადგან ის ადვილი მისასვლელია,“ - ამბობს ასკარ კასენოვი, ტურისტული საინფორმაციო ცენტრ Visit Alatau-ს დირექტორის მოადგილე. „იქ მოწყობილია გადმოსახედი პლატფორმები და ეკობილიკები, რომლებიც ყველა  ადამიანზეა გათვლილი. ვინც სალაშქროდ და სახეტიალოდ მოდის, შეუძლია გზა განაგრძოს მაღლა მთაში და მეორე და მესამე ტბაც ნახოს“.

სამივე ალპური ტბა ზღვის დონიდან 1800 და 2800 მეტრზე მდებარეობს და თითოეული სრულიად განსხვავებულ სანახაობას სთავაზობს მნახველს.

„ჩვენ გუშინ ამოვედით და კოლსაის მეორე და მესამე ტბაც ვნახეთ. იქვე დავიძინეთ. ისეთი სუფთა ჰაერია და ისეთი სილამაზეა ირგვლივ. უამრავ რამეს ხედავ, ტბებს, მთებსა და თოვლს ერთად. ძალიან ლამაზი ადგილია“, -სამხრეთკორეელი ტურისტი ლი კუანგ-დაკი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს.

ალმათის ოლქი ყაზახეთში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ამ ოლქში კოლსაის ტბების ეროვნული პარკი რეიტინგით მეორე ბუნებრივი ატრაქციონია, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მხოლოდ გასულ წელს პარკი 650 ათასმა ადამიანმა მოინახულა. მიუხედავად პარკის პოპულარობისა, მის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი არ შეცვლიათ - მათი მიზანია, ისე მართონ ტურიზმი, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს.

„ჩვენ მხოლოდ კოლსაისა და ყაინდის ტბები არ გვაქვს,“ - განმარტავს ხამიტ ახმეტოვი, კოლსაის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე. „საერთო ჯამში ამ პარკში ცხრა ტურისტული მარშრუტია. თუ მნახველების რაოდენობა ამ ადგილებში ძალიან მოიმატებს, მზად ვართ, რომ ტურისტები სხვა მარშრუტებზე გადავანაწილოთ“.

კოლსაის ტბებზე ასულ ტურისტებს ღამის გასათევი ადგილის ძალიან დიდი არჩევანი აქვთ,  მათ შორის  როგორც ჩვეულებრივი, ისე  ოჯახური სასტუმროები. საოჯახო სასტუმროს მფლობელი სერიკ შალოვი ფიქრობს, რომ სტუმარმასპინძლობა სტუმრისთვის მხოლოდ ღამისგასათევი ადგილის შეთავაზება არ არის. ეს თანამედროევ ელემენტებით გალამაზებულ ტრადიციულ იურტაში ყაზახურ კულტურასთან ზიარების შესაძლებლობაც არის.

„აქ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის -  როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკიდან, კეიპტაუნიდანაც კი ჩამოდიან,“ - ამბობს სერიკ შალოვი. „ისეთი სტუმრებიც გვყოლია, რომელთაც თოვლი პირველად ნახეს, როდესაც საშობაოდ ჩამოვიდნენ. თოვლს ხელით ეხებოდნენ, გემოს უსინჯავდნენ და თოვლში თამაშობდნენ. აი, ზუსტად ასეთი წუთები გამახსოვრდება“.

სერიკის სიამაყეა გიგანტური დომბრას - ყაზახური ხალხური ინსტრუმენტის - ფიგურა, რომელიც იურტებს აკავშირებს. თუმცა ამ ადგილის ჭეშმარიტი სული სუფრასთან იგრძნობა, რომლის დროსაც სტუმრები პირველად ისმენენ ყაზახურ მუსიკას. პარკის თითქმის მესამედი დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. იუნესკოს მიერ აღიარებული კოლსაის ტბების ეროვნული პარკი იშვიათ შესაძლებლობას იძლევა, რომ ბუნება ისეთივე სახით იხილოთ, როგორიც მრავალი საუკუნის წინ იყო.

ავტორი: მერუიერტ ჟაკია 

დაკავშირებული ამბები
ტიან-შანის ფარული მარგალიტები - კოლსაის ტბების ეროვნული პარკის ბუნებრივი საგანძური ყაზახეთის ქორღალჟინის ნაკრძალი - ათასობით ფლამინგოს სამოთხე