კატეგორიები

საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს

საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
კანადა უკრაინას 350 მილიონი კანადური დოლარის დახმარებას გამოუყოფს, რომლის ფარგლებში კიევი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს შეიძენს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის ლიდერი კანადაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

მის კანადელ კოლეგას დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ტიპის რაკეტები გადაეცემა უკრაინას ან როდის დაიწყება დახმარების მიწოდება.

იარაღს უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამის ფარგლებში მიიღებს, რომელიც მესამე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ისეთი შეიარაღება, როგორიც „პეტრიოტის“ რაკეტებია, სწრაფად შეიძინონ და უკრაინას მიაწოდონ.

„ჩვენი შეხვედრის პარალელურად რუსეთი თავის ბარბაროსულ საჰაერო ომს აძლიერებს და განურჩევლად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინის საჰაერო თავდაცვა სულ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, დღეს კანადამ და უკრაინამ შეთანხმების პროცესი დაასრულეს უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემის შესახებ, რაც შეერთებული შტატების Jump-Start მექანიზმის მეშვეობით მოხდება. 350 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პაკეტი უკრაინის მოსახლეობის, მისი ინფრასტრუქტურისა და საჰაერო სივრცის დაცვას დაეხმარება.

პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ახლახან 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოვაწერე ხელი. უახლოეს თვეებში ჩვენ გრძელვადიან ჩარჩოს ჩამოვაყალიბებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, რეკონსტრუქციის, ენერგეტიკის, კრიტიკული მინერალებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობისთვის. ჩვენი ორი ქვეყანა 1893 წლიდან არის დაკავშირებული. ეს ურთიერთობა საუკუნეზე მეტია ვითარდება და ეს მომავალ საუკუნეშიც გაგრძელდება – ამ ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც. უკრაინელებმა კანადის შენებაში შეიტანეს წვლილი და კანადელები უკრაინის აღდგენაში შეიტანენ წვლილს“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

კანადამ, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ჯამში 25.5 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოყო.

მარკ კარნიმ ისიც განაცხადა, რომ კანადა დრონების წარმოების გაზრდას გეგმავს და მიზნად მომდევნო ორი წლის განმავლობაში მილიონობით დრონის წარმოების შესაძლებლობის შექმნას ისახავს. მისი თქმით, ამ დრონების მესამედი უკრაინას გადაეცემა.

 „მინდა მადლიერება გამოვხატო თავდაცვის პაკეტისთვის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კარნიმ უკვე ახსენა. ეს პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საჰაერო თავდაცვას აძლიერებს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის და ჩვენი გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რუსულ „შაჰედებს“ ანადგურებენ. მადლობელი ვარ ამ პაკეტისთვის. იგი ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რუსეთში საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები არ გვექნება. ჩვენ ეს გვესმის. თუმცა ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოს შესაძლებლობა გვექნება, ნიუ-იორკში ამერიკულ მხარეს შევხვდეთ. ამ პერიოდის განმავლობაში კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩევლები ყოველდღიურად არიან კონტაქტზე ამერიკულ მხარესთან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგის მიღწევა შეგვიძლია, როგორ უნდა მოვემზადოთ სამმხრივი შეხვედრისთვის და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ხუთშაბათს ხელმოწერილი შეთანხმებების ფარგლებში, კანადა 435 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის სასესხო გარანტიებსაც გამოყოფს, რათა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება გაძლიერდეს.

დაკავშირებული ამბები
საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა