ასტანასთან ახლოს ქორღალჟინის სახელმწიფო ნაკრძალი ხელუხლები ბუნებით არის ცნობილი, სადაც ადამიანს შეუძლია, დაისვენოს და თან იმ ვარდისფერი ფლამინგოების ცქერით დატკბეს, რომლებიც ამ ნაკრძალში ბუდობენ.
ასტანიდან სულ რაღაც 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ყაზახეთის ბუნებრივი საგანძური - ქორღალჟინის სახელმწიფო ნაკრძალი. თვალუწვდენელი, ველური და სიცოცხლით სავსე.
ქორღალჟინის ნაკრძალი მოიცავს სტეპებს, ნახევარუდაბნოებს, მტკნარ და მლაშე ტბებს. ამ სისტემის უნიკალურობის წყალობით, ეს ნაკრძალი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიად აღიარეს, რომელსაც იცავს რამსარის კონვენცია და რომელიც 2008 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
„ქორღალჟინის ნაკრძალი 1968 წელს დაარსდა, როგორც ადგილი, სადაც ფრინველები და ცხოველები ბინადრობენ,“ - ამბობ სარტემ იანუშევსკი, მეცნიერებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ეს უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ქორღალჟინის ნაკრძალი ყველაზე დიდი ნაკრძალია ყაზახეთში. მისი ფართობი 543 171 ჰექტარია. აქ ფრინველების 365 სახეობა ბინადრობს, უმაღლესი მცენარეების 443 ტიპი ხარობს და 5 ათასზე მეტი მწერი ბინადრობს“.
ყველაზე მეტად ეს ნაკრძალი ცნობილია, როგორც „ფრინველების სამოთხე.“ ქორღალჟინის ტერიტორიაზე გადამფრენი ფრინველების სამი მარშრუტი გადის - შუა აზიის, დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის, ასევე შავი და ხმელთაშუა ზღვების მიმართულებით. ამის გამო ყოველ წელს აქ ათასობით ფრინველი მოფრინავს, მათ შორის არის ყველაზე ლამაზი - ვარდისფერი ფლამინგოც.
„აქ, პირველ რიგში, იმიტომ მოდიან, რომ აქვთ საკვები ბაზა, თანაც ნაკრძალის დაცვის რეჟიმი მოქმედებს, არავინ აწუხებთ,“ - განმარტავს აიდა კაზბეკიზი, ორნიტოლოგი. „ამ ტერიტორიის თავზე თვითმფრინავებიც კი სპეციალურად შეთანხმებულ სიმაღლეზე დაფრინავენ, ამიტომ ფრინველები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ“.
ირანიდან, ერაყიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ეგვიპტიდან მომავალი ფლამინგოები ყაზახეთში აპრილში ჩამოდიან და ოქტომბრამდე რჩებიან. აქ ყოფნის დროს ისინი იცვლიან ბუმბულს, ჩეკავენ ბარტყებს და მათ მოღონიერებას ელოდებიან. ქორღალჟინი ფლამინგოების ბუდობის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე წერტილია.
„ფლამინგოებს ერთი თავისებურება ახასიათებთ - ისინი ადამიანებივით საბავშვო ბაღებს აწყობენ: მშობლები პატარა ბარტყებს ბაგა-ბაღში აბარებენ, სადაც ხუთი ან ექვსი ზრდასრული ფლამინგო თვალყურს ადევნებს ბარტყებს, სანამ მშობლები საზრდოს ეძებენ. საღამოობით მშობლები ისევ მიფრინდებიან ამ ბაღში და საკუთარ ბარტყებს ხმით ცნობენ“, - ამბობს აიდა.
ფლამინგოები ტბის ნაპირზე დებენ კვერცხებს. ბარტყებზე დედაც და მამაც ერთნაირად ზრუნავენ. ერთ წყვილს, როგორც წესი, 2-3 ბარტყი ჰყავს.
ფლამინგოებს ქორღალჟინის ტბებისკენ მათი მლაშე წყალი იზიდავს. თანაც სანაპიროს სივრცე მოკრიალებულია, მტაცებელი ვერსად დაიმალება, რის გამოც ეს ადგილები ამ ფრინველებისთვის უსაფრთხო სამოთხედ ითვლება.
ნაკრძალის ყველაზე დიდი ტბის - თენგიზის - წყალი ერთ ლიტრაზე 270 გრამ მარილს შეიცავს, რაც თითქმის 7-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ზღვის წყლის სიმლაშეს. ამის გამო აქაურობა იდეალური გარემოა არტემია სალინასთვის (artemia salina), მლაშე წყლის ბინადარი კიბოსნაირი სახეობისთვის, რომელიც ფლამინგოს ძირითადი საკვებია და რომელიც ფლამინგოს შეფერილობას განაპირობებს.“.
„სწორედ არტემია სალინა შეიცავს ისეთ პიგმენტს, როგორიცაა კაროტინოიდი, რომელიც, მაგალითად, სტაფილოშიც გვხვდება,“ - ამბობს ორნიტოლოგი აიდა კაზბეკიზი. „ეს პიგმენტი კვების შედეგად ფლამინგოს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, რადგან მხოლოდ ამ საკვებს იღებს და ამის მერე ბუმბული, აი, ასეთი ვარდისფერი ხდება“.
ფლამინგო რომ ვარდისფერი გახდეს, ამ პროცესს სამი წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ ფრინველებს შორის ყოველთვის შენიშნავ ახალგაზრდა ნაცრისფერ ფლამინგოსაც, რადგან ეს ფრინველი ბუნებრივად ნაცრისფერია.
იმ ტურისტებმა, რომლებსაც ფლამინგოს ნახვა სურთ, მოგზაურობა სოფელ ქორღალჟინში მდებარე სავიზიტო ცენტრიდან უნდა დაიწყონ, სადაც ინსპექტორი ჯერ პატარა მუზეუმს დაათვალიერებინებს და ნაკრძალის მდიდარი ფლორისა და ფაუნის შესახებ ესაუბრება.
„ჩვენ ნაკრძალიდან 45 კილომეტრით ვართ დაშორებული,“ - განმარტავს არაილიმ დიხანბაევა, ნაკრძალის ინსპექტორი. „ნაკრძალში მდებარეობს შემდეგი ტბები: ესეი, სულთანი, კაკაი, ასაუბალიქი, დიდი და პატარა თენგიზი. ფლამინგოები დიდი და პატარა თენგიზის ტბებთან იკრიბებიან“.
ნაკრძალში სამი ტურისტული მარშრუტია, რომლებსაც მოგზაურები მიჰყავთ ფლამინგოებთან, გედებთან და საიგასთან. თითოეული ექსკურსია დაახლოებით 3 საათი გრძელდება.
„ტურისტული სეზონის დროს წელიწადში სამიდან ხუთი ათასამდე უცხოელ ტურისტს ვიღებთ, რომლებიც ეკოლოგიურ ტურებს ირჩევენ. მათ შორის არიან ტურისტები საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან“, - ამბობს არაილიმ დიხანბაევა, ნაკრძალის ინსპექტორი.
ნაკრძალი, რომელშიც ათასობით ფრინველი, ცხოველი და მწერი ბინადრობს, საკუთარი ცხოვრების რიტმს ინარჩუნებს - ეს არის შესანიშნავად დაბალანსებული ბუნება, სადაც შეგიძლია განერიდო ცხოვრების სწრაფ ტემპს და შვებით ამოისუნთქო.
ავტორი: გალია ხასენხანოვა
